კულტურული მემკვიდრეობა

ალეპო უნდა გადარჩეს

0 კომენტარი

"ბევრი ვიარე შორ ქვეყნებში, მეგობრებთან, ხანდახან მარტომ. გადავეყარე მრავალ უცხოს, გადავაწყდი დიდ განსაცდელს. ძებნა-ძებნით ჩავიარე მიწისქვეშეთი, ღმერთთან ახლოს ყოფნის იმედად"

პიტაფია ალეპოში დაკრძალული მოგზაურის – ალი იბნ ბაკრ ალ არავის საფლავზე

„ალეპო უნდა გადარჩეს!” ამ სიტყვებით მოუწოდა Unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის პრეზიდენტმა სოკ ანმა, სირიასა და მთელ მსოფლიოს, განადგურების პირას მდგარი ცივილიზაციის გადარჩენისკენ. „კაცობრიობის ისტორიის უძველესი საგანძური არ უნდა ნადგურდებოდეს. მასზე სრულიად კაცობრიობაა პასუხისმგებელი და ვალდებული, დაუყოვნებლივ დაიცვას და იხსნას ალეპოს კულტურული მემკვიდრეობა”.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებმა მსგავსი განცხადებების გავრცელება მას შემდეგ დაიწყეს, რაც სირიის სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომის შედეგად, განადგურების საფრთხე, ათასობით ადამიანის სიცოცხლესთან ერთად, ქალაქის მრავალსაუკუნოვან, კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანეს ძეგლებს დაემუქრა.

სირიის ჩრდილოეთით, უძველესი გზების გზაგასაყარზე მდებარე ორმილიონიანი ქალაქი ალეპო ისტორიის ათვლას ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულიდან იწყებს. საუკუნოვანმა ბრძოლებმა და დამპყრობლებმა მას მრავალი ცივილიზაციის: ეგვიპტური, ასურული, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური, არაბული, სპარსული თუ მონღოლური კვალი დაამჩნია, რაც ნათლად აისახება თანამედროვე ალეპოს წარმოუდგენლად მრავალფეროვან არქიტექტურულ იერსახეში. ქალაქი ხელოვნურ გორაკზე აღმართული შუა საუკუნეების ციტადელის გარშემოა გაშენებული და ცნობილია თავისი

ისლამური და ბიზანტიური სალოცავებით, მედრესეებით, მეთოთხმეტე საუკუნეში დაარსებული მსოფლიოში უძველესი საავადმყოფოთი, სადაც სულით ავადმყოფებს მკურნალობდნენ, თურქული აბანოებით, ქარვასლებით, მეთორმეტე საუკუნის სინაგოგით, რომელშიც, გადმოცემის თანახმად, ძველი აღთქმის წიგნები ინახებოდა.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ ალეპო 1986 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა (iii) (iv) კრიტერიუმებით, როგორც გადარჩენილი ცივილიზაციისა და კულტურული ტრადიციის გამორჩეული ძეგლი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში არქიტექტურული ტიპოლოგიის განვითარების განყენებულ მაგალითს წარმოადგენს. ამასთან, ის პირველი აღმოსავლური ქალაქია, რომელიც Unesco-მ 2006 წელს ისლამური სამყაროს კულტურის დედაქალაქად გამოაცხადა.

ალეპო მსოფლიოს უჭრელესი, მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქალაქია, ღრმადმორწმუნე სუნიტი მუსლიმებით და ქრისტიანებით, არაბული, სომხური, ქურთული თუ თურქული დასახლებებით. ესაა ადგილი აღმოსავლური ესთეტიკითა და ქრისტიანი წმინდანებით, რომლის მფარველის – წმინდა სიმეონ მესვეტის, 30 კილომეტრის მოშორებით მდებარე, მეხუთე საუკუნის მიწურულს აგებული სამონასტრო კომპლექსისა და ტაძრის ნანგრევებიც, ბიზანტიური ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ნიმუშს წარმოადგენს. ალეპოს მეჩეთების მინარეთებიდან ალაჰის მსახურები დღეში ხუთგზის მოუწოდებენ მუსლიმ მორწმუნეებს არაბულ ენაზე ღვთის სადიდებლად. ქალაქის მკვიდრი სირიელი ქრისტიანები კი დღემდე იესო ქრისტეს ენაზე, არამეულად საუბრობენ და ამავე ენაზე აღავლენენ ტაძრებში ლოცვას. მათ მიაჩნიათ, რომ სახარებისა და საგალობლების ამ ენაზე მოსმენა, უშუალოდ ქრისტეს სიტყვებისთვის ყურისგდების ტოლფასია.

ქალაქები არ კვდებიან. განადგურებული ქალაქებისა და ცივილიზაციების ბედი ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა თუკი სირიის მიწაზე დამკვიდრებული კონფესიების ფილოსოფიის მიხედვით, დასასრული დასაწყისის, სიკვდილი კი ახალი ცხოვრების მომასწავებელია, ისინიც, ისევე როგორც ცოცხალი ორგანიზმები, განადგურებისას არა სიცოცხლეს, არამედ თავდაპირველ მთლიანობას კარგავენ და კონტინენტებზე იფანტებიან. ცოცხლდებიან სიტყვებად, ნაწევრდებიან ნივთებად და ნანგრევებად. ამიტომაც, დღეს ტროას ნოსტალგიას არა იმდენად შლიმანის აღმოჩენილი ნასახლარები, არამედ „ილიადას” ამბები აქარწყლებს. ვენეციის კათედრალში წარმოდგენილი ბიზანტიური საკრალური ნივთები

მნახველებში მათი შემქმნელი ოსტატების, ძველი კონსტანტინოპოლის დიდებული ადგილსამყოფელების ისტორიას აცოცხლებს.

როდესაც 1968 წელს გამანადგურებელმა მიწისძვრამ სრულიად დააქცია სიცილიის აღმოსავლეთით მდებარე ელინური ქალაქი ჯიბელინა, არქიტექტორებმა რკინა-ბეტონის მასიური ფენით მთლიანად გადაფარეს ძველი ნასახლარი და ამ ნაცრისფერ საფარში მხოლოდ საფეხმავლო ლაბირინთები გაკვალეს იქ მისული, დაკარგული ქალაქის მაძიებელი ადამიანებისთვის. თეატრალებმა კი ნაქალაქარზე ზაფხულობით ანტიკური პიესების გამართვა დაიწყეს სიცილიურ ენაზე, რომელიც ადგილობრივი მკვიდრების გარდა, ცოტას თუ ესმის და სპექტაკლებს კი მაინც ბევრი არაადგილობრივი, შორიდან მოსული მაყურებელი ჰყავს, რომლებსაც ამ მივიწყებულ, მიწის ქვეშ მოქცეულ სამყაროსთან მსახიობების მიერ წარმოთქმული უცხო სიტყვები აახლოებს.

განადგურება უპირველეს ყოვლისა მთლიანობისა და მშვენიერების დაკარგვასთან ასოცირდება, კატასტროფის პირას მისული ალეპო კი თავისი 5000-წლიანი ისტორიით პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ის იმდენად ძველია, რომ მასზე ხუმრობით ამბობენ: თუ გსურთ, ერთ დღეში გადაავლოთ თვალი ჰომო საპიენსის ევოლუციის სრულ გზას, საკმარისია გამთენიისას, სისხამ დილით გაიღვიძოთ ალეპოში და მზის ჩასვლამდე თვალი არ მოწყვიტოთ მის მშვენიერებას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები