ივანიშვილი პოლიტიკაში

შტეფან ფიულე ივანიშვილს პარტიათა საარჩევნო ქცევის წესებზე ხელმოწერას სთხოვს

 

ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულემ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიათა საარჩევნო ქცევის წესებზე ხელმოწერა სთხოვა. შტეფან ფიულემ ივანიშვილს აღნიშნული მოთხოვნა მას შემდეგ წაუყენა, რაც კოალიციის ლიდერმა მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

როგორც რადიო თავისუფლებას შტეფან ფიულეს სპიკერმა, პეტერ სტანომ განუცხადა, ფიულე მზად არის შეხვდეს ივანიშვილს, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ.

,,ბატონ ბიძინა ივანიშვილისგან თხოვნა მივიღეთ, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში შედგეს მისი და შტეფან ფიულეს შეხვედრა. ბატონი ფიულე მზად არის მასთან შესახვედრად, თუ  მიიღებს დაპირებას, რომ ბატონ ივანიშვილის პარტია, ქართული ოცნება ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისათვის და რომ ქართული ოცნებისათვის მისაღები იქნება არჩევნების შედეგები, თუ მათ ლეგიტიმურად მიიჩნევენ ავტორიტეტიანი სამეთვალყურეო ორგანიზაციები, უწინარეს ყოვლისა ეუთო და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი.“- აცხადებს პეტერ სტანო.

შეგახსენებთ, ამ ზაფხულს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნოდ პარტიათა ქცევის წესები შეიმუშავა და პოლიტიკურ პარტიებს მასზე ხელის მოწერისაკენ მოუწოდა. ბიძინა ივანიშვილი იდეას მიესალმა, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი დოკუმენტი პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით უნდა შექმნილიყო.

კოალიციის წევრი, რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირწმუნება, რომ კოალიცია დეკლარაციას მიერთებულია და შტეფან ფიულე ხელისუფლებას შეცდომაში შეჰყავს. მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილსა და შტეფან ფიულეს ერთმანეთთან ინტენსიური და საქმიანი ურთიერთობა აქვთ.

 

კომენტარები