ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ გვყავს ყველაზე საშინელი ხელისუფლება

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა ,,აქცენტებში’’  მიიღო მონაწილეობა.

ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში, ორ წელიწადზე მეტ ხანს დარჩენას არ აპირებს, შემდეგ კი ,,უფრო რთულ ადგილზე გადავა’’ და მის მიერ ხელისუფლებაში დატოვებულ გუნდზე დაიტოვებს პასუხისმგებლობას, როგორც ,,საზოგადოების აქტიური წევრი’’.

წამყვანის შეკითხვაზე, თუ რატომ არის კოალიცია ედუარდ შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის კორუმპირებულ რეჟიმში მომსახურე ადამიანებით დაკომპლექტებული, ივანიშვილმა განაცხადა, რომ იმ ნიშნით, თუ ,,ვინ ვის გვერდით იდგა’’ ადამიანები არ უნდა შეფასდნენ და ამჟამინდელი ,,ყველაზე საშინელი რეჟიმის’’ სამსახურში მდგართთათვისაც კი (ვისაც კანონდარღვევები არ აქვს), მის გუნდში ,,კარი ღიაა’’.

,,სააკაშვილის რეჟიმის შემდეგ, როგორ შეიძლება წარსული გაიხსენო. ასეთი საკუთარ ხალხზე მოძალადე ხელისუფლება ისტორიას არ ახსოვს. მე მახსოვს, შემეკითხნენ, როგორ ბედავ და პუტინს არ აკრიტიკებო, როგორ შეიძლება სააკაშვილი იყოს ხელისუფლებაში, ამ იდეოლოგიაზე აგებულ ხელისუფლებაში ცხოვრობდე და სხვა ხელისუფლებას გადაწვდე. ჩვენ გვყავს ყველაზე საშინელი ხელისუფლება.’’-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს, რომელთა მიხედვითაც საქართველომ კორუფცია დაძლია და მიაღწია დიდ პროგრესს ბოლო წლების განმავლობაში, კოალიციის ლიდერის შეფასებით, აღნიშნული ორგანიზაციები ,,სააკაშვილს შეცდომაში შეჰყავს’’ და რეალურად ქვეყანაში ,,ელიტალური კორუფცია ჰყვავის’’.

,,სააკაშვილი არის პროფესიონალი მატყუარა, საშინელ დღეში ჩააგდო საერთაშორისო ინსტიტუტები. ისეთი ინფორმაციები ჩააქვთ, ისე ააგო მთელი საელჩოები სიცრუეებზე, ისეთ სიცრუეებს ავრცელებენ, რომ თმები ყალყზე დაგიდგება.’’ -აღნიშნა ივანიშვილმა.

AFP-ის მიერ გავრცელებულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტი ,,ძაღლიშვილად’’ არის მოხსენიებული, კოალიციის ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი ნათქვამი სიტყვა ,,მამაძაღლი’’, ჟურნალისტებმა ,,ძაღლიშვილად’’ გადათარგმნეს.  

ივანიშვილი ლოპოტის ხეობაში განვითარებულ ამბებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ლოპოტის სპეცოპერაცია ,,დადგმული იყო’’ და რუსული თემით მოსახლეობის დაშინებას ემსახურებოდა.

ბიძინა ივანიშვილმა მისი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატების (სოსო ჯაჭვლიანი, მურმან დუმბაძე, შალვა ხაჭაპურიძე) მიერ გაკეთებულ ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არ არის მათი რეალური პოზიცია და  ,,თუ ვინმეს ამ შემთხვევით გამონათქვამებზე ბოდიში არ მოუხდია, აუცილებლად მოიხდის’’.

2008 წლის  რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ომის მიზეზი რუსეთს მიხეილ სააკაშვილმა მისცა. ,,რუსეთი ამ ოცნებას ვერ აღწევდა და აუხდინა სააკაშვილმა. ელოდებოდნენ რეალურ საბაბს და მიზეზს’’. რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ მის კრიტიკას არ აპირებს.

,,ტერიტორიების დაბრუნების რეალურ პირობებს შევქმნი. მასთან საუბარი მომიწევს, კრიტიკა რატომ უნდა დავიწყო, სადაა ლოგიკა. ‘’-აღნიშნა ივანიშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს სამომავლო კურსს, ივანიშვილის თქმით, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქვეყანა ევროპისა და NATO-ს მიმართულებით სწრაფვას განაგრძობს და რუსეთი ამაში ხელს არ შეუშლის. 

კომენტარები