ფოკუსი

მე, პოლიტრობოტი


ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური
როგორ აპირებთ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას, ეკითხება ჟურნალისტი დავით კოვზირიძე პოლიტიკოს ანდრია ურუშაძეს. “მძიმე კაცის” სტუმარი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატია და საბურთალოს ამომრჩევლის ნდობის მოსაპოვებლად იბრძვის. ჟურნალისტს აინტერესებს პოლიტიკოსი მემარჯვენეა თუ მემარცხენე, რამხელა მხარდაჭერის იმედი აქვს, მოსწონს თუ არა დღევანდელი პარლამენტი, ემხრობა თუ არა პროსტიტუციის ლეგალიზებას, მარხულობს თუ არა, თუ კი, რატომ… მაგრამ ვინ უსმენს? რესპონდენტი “დაკიდებული” რობოტივით იმეორებს, რომ საქართველო არ დაბრუნდება წარსულში და რომ მისი მიზანია მეტი სარგებელი მოუტანოს ხალხს.

ურუშაძე ერთ-ერთია ნაციონალური მოძრაობიდან, ვინც ამინდზე დასმულ კითხვასაც ძლიერი სოფლით, სამუშაო ადგილებით და ხელმისაწვდომი ჯანდაცვით პასუხობს – წინასაარჩევნო კამპანიაა და მმართველი პარტია ტრადიციას არ ღალატობს, ე.წ. მესიჯ ბოქსში ბრუნავს, ზუსტად ისე, როგორც ციყვი ბორბალში. ზოგიერთს ბუნებრივად გამოსდის. სხვები კომიკურად იმეორებენ ერთსა და იმავე დაზუთხულ ფრაზებს.

მესიჯის დისციპლინა ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წლის რთული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაამკაცრა. გადაწყდა, სპიკერებს მხოლოდ იმ თემებზე ესაუბრათ, რაც ამომრჩევლის “გულს გაახარებდა” და მათ გამარჯვებას გაუიოლებდა. მას შემდეგ, თვალშისაცემია, რომ ყველა წინასაარჩევნო კამპანიისას, მმართველი პარტიის ლიდერები ცდილობენ თავი შეიკავონ ისეთი აზრების გამოხატვისგან, რაც მათ წინასწარ განსაზღვრულ, პარტიულ გზავნილს დააშორებს. ერთი სიტყვით – ფრთხილობენ.

“გულწრფელად გეტყვი, რადგან … ამდენი მტერი გყავს, შეცდომის დაშვების რესურსი არ გაქვს. შენ უნაკლო კამპანია უნდა აწარმოო. გააზრებული, გამართული და ფრთხილი”. ეს რჩევა ნაციონალურ მოძრაობას არ მიუღია თავისი კონსულტანტებისგან. Commentariolum Petitionis – ასე ჰქვია საარჩევნო სახელმძღვანელოს, რომელიც მარკუს ტულიუს ციცერონს უმცროსმა ძმამ დაუწერა, როცა თავად რომის კონსულის პოსტზე იყრიდა კენჭს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 64 წელს. იქ ამოვიკითხე.

აი, რამდენიმე მოსაზრება იმ გეგმიდან, რაც ციცერონის უმცროსი ძმის აზრით, გააზრებულ კამპანიას უზრუნველყოფდა:

1. ყველას ყველაფერს დაჰპირდი. ხალხს უნდა უთხრა ის, რისი მოსმენაც ესიამოვნება. ხალხს ის უფრო არ მოსწონს, ვინც არაფერს ჰპირდება, ვიდრე ის, ვინც დანაპირებს არ ასრულებს.

2. შეისწავლე შენი ოპონენტის სისუსტეები და გამოიყენე შენს სასარგებლოდ. ამით ამომრჩევლის ყურადღებას გადაიტან, მისი ძლიერი მხარიდან.

3. დაეუფლე მლიქვნელობას. ეს უღირსი საქციელია პირად ურთიერთობებში, მაგრამ წინასაარჩევნოდ – მეტად საჭირო.

4. მიეცი ხალხს იმედი. ყველაზე ცინიკურ ამომრჩეველსაც კი სურს ვიღაცის სჯეროდეს. ამომრჩეველი, რომელსაც სჯერა, რომ მის მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლი, შენი ყველაზე ერთგული მხარდამჭერი იქნება არჩევნებამდე მაინც. არჩევნების შემდეგ, ცხადია, იმედს გაუცრუებ.

არ ვიცით, რამდენად უნაკლო კამპანია უძღვოდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 64 წლის რომის კონსულის არჩევნებს, მაგრამ მარკუს ტულიუს ციცერონმა არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო, ხოლო მისი უმცროსი ძმის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო, 21-ე საუკუნეშიც რელევანტურია.

თანამედროვე პოლიტიკური კამპანია კომპლექსური პროცესია. ის, მშენებლობის მსგავსად, არ შეიძლება მკაფიო გეგმის გარეშე დაიწყო. გეგმის ლოკომოტივს წინასაარჩევნო გზავნილი წარმოადგენს.

პოლიტიკური კონსულტანტები შეთანხმდნენ იმაზე, რომ წინასაარჩევნო გზავნილი უნდა იყოს მკაფიო, გასაგები და დამაჯერებელი. ის ამომრჩეველს უნდა მოერგოს, როგორც ემოციური, ისე ღირებულებითი თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია გზავნილების თანმიმდევრული მიწოდება.

ამ მიდგომის ამოსავალი წერტილი არის დაბალინფორმირებული ამომრჩევლის შესახებ თეორია. ის ეფუძნება მარტივ მოსაზრებას, რომ ადამიანი, როგორც გონიერი არსება, პრაქტიკულად ყველა გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი სარგებლიდან გამომდინარე. პოლიტიკური პროცესის შესახებ ამომწურავი ცოდნა მისთვის არაფრის მომცემია – მით უმეტეს, რომ უამრავი სხვა პრობლემა აქვს, ამიტომ პოლიტიკოსებს მასწავლებელივით არ მოუსმენს, რათა ღრუბელივით შეისრუტოს მათი ნათქვამი. შესაბამისად, მან, ვისაც თანამედროვე ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვება უნდა, კომუნიკაციის ისეთი დისციპლინა უნდა შეიმუშაოს, რომელიც მოკლედ, ლაკონურად და შთამბეჭდავად გააცნობს ადრესატს თავის სათქმელს.

იმისთვის, რომ დაადგინო რა თქვა, ამომრჩეველი უნდა შეისწავლო. პირველ რიგში, უნდა გაირკვეს იმ არეალის დემოგრაფია, სადაც კამპანია მიმდინარეობს – მისი შემადგენლობა ასაკის, სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, საქმიანობის, ქონებრივი მდგომარეობის, პოლიტიკური შეხედულების და სხვა ნიშნების მიხედვით. შემდეგ, გამოიკვეთოს ის პრობლემები, რაც თითოეულ ჯგუფს აწუხებს. ამ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დგება წინასაარჩევნო გზავნილი.

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები მოწმობს, რომ ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო დაპირებები 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სარკისებურად ასახავს საზოგადოების იმ ნაწილის მოთხოვნებს, რომელთა მხარდაჭერაც მმართველ პარტიას არჩევნებში გასამარჯვებლად სჭირდება. მმართველი პარტიის პოპულისტური სლოგანი – მეტი სარგებელი ხალხს – პასუხია იმ ადამიანების განწყობაზე, რომელიც ხედავს, რომ საქმე კეთდება, მაგრამ პირადად მას საკმარისად არ შეხებია. ასეთი ამომრჩევლის ხვედრითი წილი სოციოლოგიური კვლევების მიხედვით მაღალია. შემდეგ მოდის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ძლიერი სოფელი, დასაქმება.

მმართველმა პარტიამ ნეგატიური მესიჯებიც სწორად შეარჩია. მაგალითად, გაარკვია, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მისი ოპონენტის ერთ-ერთ სისუსტედ არცთუ სასიამოვნო წარსულთან ასოცირებულ გარემოცვას მიიჩნევს, ამიტომ ხშირად იმეორებს, რომ საქართველო წარსულში არ დაბრუნდება.

ზოგადად, არჩევნების მოსაგებად მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა პარტიამ გაითვალისწინოს, რომ პოლიტიკური რიტორიკა პოეზია კი არა – მარკეტინგია. ამოსავალი წერტილი არის ის, თუ რაზე აქვს მომხმარებელს/ამომრჩეველს მოთხოვნა და არა ის, რაც მათ ლიდერს, ან ლიდერის ვაჟს შთაგონებამ უკარნახა. პოლიტიკურმა პარტიამ ჯერ უნდა გაიგოს ამომრჩეველს რა სურს, ხოლო შემდეგ, იმავე სიტყვებით დააბრუნოს უკან.

საზოგადოების განწყობა კვალიფიციური სოციოლოგიური კვლევით დგინდება და არა რომელიმე გაზეთის კითხვით, ან საკუთარ გარემოცვასთან ჭორაობით. ელექტორატის დამოკიდებულებამ შესაძლოა ისეთი გზავნილის შერჩევისკენ გიბიძგოს, რომელიც შენს ყურს სრულებით არ სიამოვნებს, ან პირიქით – გარკვეული თემების ხსენებისგან თავშეკავება გაიძულოს.

რაც უფრო განვითარებული და ინფორმირებულია საზოგადოება, მით უფრო მნიშვნელოვანია მესიჯის დისციპლინა. მაღალი პოლიტიკური კულტურის ქვეყნებში შეუძლებელია სხვადასხვა აუდიტორიის წინ, სხვადასხვა გზავნილით წარდგე. ერთმა შეუსაბამო ფრაზამ, შესაძლოა, პოლიტიკური კარიერა დაგისრულოს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ინტერნეტის და თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ინფორმაცია იოლად ვრცელდება. მდგომარეობას კი ის ართულებს, რომ ინფორმირებული საზოგადოება შეუსაბამობებს უფრო მარტივად ხედავს.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, თანამედროვე კონსულტანტები პოლიტიკოსებს ურჩევენ – ისე კი არ გასცენ პასუხი, როგორც კითხვა ითხოვს, არამედ, როგორც წინასაარჩევნო კამპანია – შესაბამისი გზავნილით. მათ მუდმივად უნდა ახსოვდეთ, რომ ახალი ტექნოლოგიების წყალობით, ყველა წინადადებას აქვს იმის პოტენცია, მსოფლიო თუ არა, მათი საარჩევნო ოლქი მაინც მოიაროს. ამიტომ, ე.წ. მესიჯ ბოქსი არასოდეს უნდა დატოვონ.

საქართველოში მესიჯის დისციპლინის მნიშვნელობას ჯერჯერობით მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა მიხვდა. მმართველი ძალის მთავარი ოპონენტი მეტაფიზიკაშია გაჭრილი და ამომრჩეველს ოცნებების ასრულებას ჰპირდება. ახდენილი ქართული ოცნება, შესაძლოა, ბერა ივანიშვილის რეპში კარგად ჟღერს, მაგრამ ამომრჩეველს არაფერს ეუბნება. მართალია, ქართული ოცნების წევრები საუბრობენ უფასო ჯანდაცვაზე და ძლიერ სოფელზე, მაგრამ მმართველი პარტიისგან დიდად განსხვავებულს არაფერს ამბობენ.

რაც შეეხება ნეგატიურ გზავნილებს, იქნება ეს აგვისტოს ომის დაწყების ბრალდება, თუ კორუფცია, საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, ისინი მოსახლეობის იმ ნაწილის განწყობას ეხმიანება, რომელიც მმართველი პარტიის წინააღმდეგ ნებისმიერ ძალას მისცემს ხმას. ასეთების რიცხვი არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ არის. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი კი, რომლის მომხრობაც გამარჯვების მსურველი პოლიტიკური ძალის ინტერესში უნდა შედიოდეს, ამ თემებით არც ინტერესდება და არც ქართული ოცნების პოზიციას იზიარებს. ეს აღნიშნულ პოლიტიკურ ძალასთან ამ ტიპის ამომრჩევლის გაუცხოებას იწვევს.

ოპონენტისა და საზოგადოების დაბალი პოლიტიკური კულტურა მმართველ პარტიას დათვურ სამსახურს უწევს – მართალია, წინასაარჩევნო გზავნილების დისციპლინა შემოიღო, მაგრამ ხარისხით ჯერ ვერ დაიკვეხნის. მაგალითად, ბრიტანელ ან ამერიკელ პოლიტიკოსს თავში აზრადაც არ მოუვა, პოლიტიკური კაპიტალის დაგროვების მიზნით ამომრჩეველს თან საგადასახადო წნეხის შემცირებას დაჰპირდეს და თან მასშტაბურ სოციალურ შეღავათებს დაუჭიროს მხარი. მმართველი პარტია ასე იქცევა და ამაზე პასუხს არავინ სთხოვს. უფრო სწორად, ვინც სთხოვს, ის ელექტორალურად არაფერს წარმოადგენს.

კარგი იქნებოდა, ნაციონალური მოძრაობისთვის ეს საყვედური მის მთავარ ოპონენტს ეთქვა. მაგრამ ქართული ოცნების ფრონტზე თანმიმდევრულობის კუთხით საქმე გაცილებით რთულადაა. მისი კანდიდატები ერთდროულად გვპირდებიან NATO-ში შესვლას და რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, ევროპის გასაოცარ დემოკრატიას და გასაოცარ ქსენოფობიას, საბჭოთა კავშირს და უკეთეს მომავალს.

როგორც ჩანს, კოალიციის ლიდერს მმართველი პარტიის რიტორიკულ შეუსაბამობებზე ყურადღების გასამახვილებლად დრო არ რჩება: ხომ უნდა მოგვიყვეს, თუ როგორ აკითხავდა მის ნახვას მონატრებული პრეზიდენტი კონსპირაციულად “ლადა ჟიგულით” და რა განსხვავება დაადგინა მან მორიგი ფილოსოფიური წიაღსვლის შედეგად ერსა და კულტურას შორის. სწორედ ეს დაარწმუნებს ამომრჩეველს მის კვალიფიციურობაში.

არათანმიმდევრულობის გარდა, მმართველი პარტიის კამპანიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს – ზოგიერთ კანდიდატს დასაქმება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ძლიერი სოფელი მაგიური სიტყვები ჰგონია, რომელთა თუნდაც უადგილო, მაგრამ რიტუალურად ხშირი წარმოთქმა ამომრჩეველს ჰიპნოზის ქვეშ მოაქცევს და პირველ ოქტომბერს 5-იანს მოახაზვინებს. რეალურად, გზავნილის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს პოლიტიკოსი საზოგადოებასთან უშუალო კავშირის დამყარებას.

ამომრჩეველმა კანდიდატი “თავისიანად” უნდა აღიქვას. ამას კი არ გააკეთებს, თუ მიიჩნია, რომ ის სულელად თვლის და ერთი და იმავე სიტყვათა წყობის მონოტონური გამეორებით ცდილობს მისი გულის მოგებას. იმისთვის, რომ ამომრჩეველთან ურთიერთობა დაამყაროს, პოლიტიკოსს უნდა ეტყობოდეს, რომ თავად სჯერა, რასაც ამბობს და ამის გამო, ოპონენტზე მორალურ უპირატესობას გრძნობს. სხვა შემთხვევაში მას არც ამომრჩეველი დაუჯერებს და გაჰყვება.

.

 

კომენტარები