არენა

ელექტორიადა „Citius, Altius, Fortius”

0 კომენტარი

ყოველ 4 წელიწადში ერთხელ პოლიტიკური ელიტა საკუთარ ძალებს, გამოცდილებას, ფინანსურ რესურსებსა და მხარდამჭერთა ბაზას სრულ მობილიზებას უკეთებს და დასახული მიზნისაკენ სპორტული ინტერესით მიიწევს. პარლამენტარის მანდატი წმინდა გრაალია: მის მოსაპოვებლად პოლიტიკურ არენაზე აქტიური, ქვეყნის ბედით შეწუხებული და მოსახლეობაზე მზრუნველი პოლიტიკოსები თავდაუზოგავად იბრძვიან.

წელს საპრიზო ადგილებისათვის იბრძვის ორი გამოკვეთილი ფავორიტი:ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება. დეპუტატის მანდატის მოპოვებაზე ამყარებენ იმედებს ქრისტიან-დემოკრატიული, ახალი მემარჯვენე და ლეიბორისტული პარტიებიც. თითოეულ მათგანს ქვეყნის მართვის თავისი პრიორიტეტი და ხედვა აქვს.

წინასაარჩევნო პროცესი PR აქციას ჰგავს: აქაც პარტიების დაპირებები უმეტესად ამომრჩეველთა მოთხოვნაზეა გათვლილი. ისევე როგორც სააქციო ბირჟაზე, პოლიტიკური პარტიების რეიტინგი იცვლება იმის მიხედვით, თუ რა აზრის არის ხალხი ამ კონკრეტულ პარტიაზე. უოლ სტრიტის სლენგის არ იყოს, აქციის ფასს კომპანიის საქმიანობა პირდაპირ არ განსაზღვრავს. ზოგჯერ ის უფრო მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ხალხი ამ კონკრეტული კომპანიის საქმიანობაზე და მისი მომავალი წარმატების რამდენად სჯერა.

წინასაარჩევნო პროცესში პოლიტიკური პარტიების რეიტინგი აქციების ფასივითაა: რეიტინგს განსაზღვრავს არა იმდენად პარტიების საქმიანობა, რამდენადაც ხალხის დამოკიდებულება ამ საქმიანობის მიმართ. ამდენად, ლოგიკურია, როცა საარჩევნო პროგრამებში ისეთი დაპირებებიც ხვდება, რომლებიც საზოგადოების დამოკიდებულებას ირეკლავს.

მარტივად რომ ვთქვათ, მოქმედებს პრინციპი: „არა ის, თუ რას ვამბობ მე, არამედ ის, თუ რა ესმით მათ”.

პოლიტიკური პარტიების პროგრამების ადეკვატური გააზრება და დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასება გადამწყვეტ როლს თამაშობს მოსახლეობის მიერ სწორი არჩევანის გაკეთებაში. „პოლიტიკოსების არჩევის საზომი პოპულარობა არ უნდა იყოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, დონალდ დაკსა და მაპეტსის შოუს თოჯინებს დიდი ხნის წინ უნდა დაეკავებინათ სენატის სკამები”, – აღნიშნავს ორსონ უელსი.

პოლიტიკოსის, როგორც ფიზიკური პირის პოპულარობა ნამდვილად არ არის ობიექტური და საკმარისი საზომი იმისთვის, რომ მოსახლეობამ რაციონალური და კარგად გააზრებული არჩევანი გააკეთოს. თუმცა ხშირ შემთხვევაში პარტიის მთავრობაში საპარლამენტო უმრავლეობით მოსვლას სწორედ მისი ლიდერის ქარიზმა, საარჩევნო პროგრამის სიმარტივე და მოსახლეობის მისდამი დამოკიდებულება წყვეტს.

იმას, თუ როგორ არგებენ პარტიები თავიანთ პროგრამებს უმრავლესობის დაკვეთას, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი, აარონ დაირექტორიც დააკვირდა. პრინციპი, რომელიც დაირექტორის კანონით არის ცნობილი, ყველა პარტიის საარჩევნო კამპანიაში ჰპოვებს ასახვას. რადგან საშუალო ფენა ელექტორატის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს,

მისი მხარდაჭერა გადამწყვეტია საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ სამოქმედო პროგრამები საზოგადოების ამ ფენის ინტერესებს მოარგონ.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროგრამა, რომელიც ფართო გამოხმაურებას ჰპოვებს, აუცილებლად ოპტიმალური იქნება. მაგალითად: მიუხედავად იმისა, რომ უფასო განათლების ალტერანტივას მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე საგანმანათლებლო სექტორის პრივატიზაციას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფასო განათლება სახელმწიფოსათვის ოპტიმალური არჩევანია.

დაირექტორის კვლევებიდანაც ჩანს, რომ საშუალო ფენის დომინაცია პოლიტიკური ინტერესების გატარების დროს აზარალებს როგორც საშუალოზე მაღალი, ასევე საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს. ამომრჩეველი პოლიტიკური პარტიებისგან ბევრი დაპირების შესრულებას მოითხოვს. მათი უმეტესობის დაკმაყოფილებისთვის ფულია საჭირო. იმისთვის, რომ ეს ფული ბიუჯეტში მოხვდეს, პირდაპირ ან ირიბად მთელი მოსახლეობა უფრო მეტად უნდა დაიბეგროს. გაზრდილი გადასახადი ყველაზე მეტად დაბალშემოსავლიან მოსახლეობას აწვება: დაირექტორის გათვლებით გამოდის, რომ მათ ცხოვრება პროცენტულად ერთი მეხუთედით უძვირდებათ. საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისგან მაღალი გადასახადით ამოღებული ფული კი, საბოლოო ჯამში, ისევ იმ პროგრამებს ხმარდება, რომლებზეც დომინანტური საშუალო ფენის მოთხოვნა არსებობს. გამოდის, რომ ყველაზე მეტ სარგებელს საშუალო ფენა ნახულობს.

ამდენად, ყველაფერი „უფასო”, „დამატებითი”, „საჩუქრად” მთავრობისაგან, ყველაზე მძიმედ, დაბალი და მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეებს აწვება მხრებზე.

 

შეცდომაა: უფასო

სწორია: სხვის ხარჯზე!

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიც არ არის გამონაკლისი და პოლიტიკური პარტიების პროგრამებში დომინირებს კონცეფცია „უფასო” (უფასო დაზღვევა, უფასო განათლება).

მნიშვნელოვანია იმისი გააზრება, რომ „უფასო სადილი არ არსებობს” და ყველაფერს თავისი ფასი აქვს. შეკითხვა, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა დაისვას, არის არა „რა ღირს”, არამედ „ვინ იხდის”. ხარჯების უმეტესობას ფარავენ წარმატებული ბიზნესები და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები, რომელთაც ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტში შეაქვთ დიდი ოდენობის თანხები გადასახადის სახით. მხოლოდ ამის შემდეგ იქცევა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები უფასო დაზღვევად, ხელმისაწვდომ განათლებად, საირიგაციო სისტემებად და სახელმწიფო ინფრასტრუქტურად.

 

აგრარული vs პროდუქტიული საქართველო

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემა დღესდღეობით „ძლიერი სოფელი” და აგრარული სექტორის „განვითარების ხელშეწყობაა”. ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება და ახალი მემარჯვენეები სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებზე ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებენ. ყოველი მათგანი ამომრჩეველს მათი გადაჭრის საკუთარ ალტერნატიულ გზას სთავაზობს.

ძლიერი სოფელი ამომრჩევლის დაკვეთაა. საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი (47.1%) სოფელში ცხოვრობს და, შესაბამისად, ელექტორატის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.

წინასაარჩევნო პერიოდში პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ, შთაბეჭდილება მოახდინონ ელექტორატზე. პროგრამული პრინციპების გაწერისას, გრძელვადიან გვერდით ეფექტებზე ყურადღებას ისინი ნაკლებად ამახვილებენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გეგმა სოფლის გაძლიერებისათვის 2012-2016 წლებში აგრარულ სექტორში ოთხი მილიარდი ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. თანხა უნდა მოხმარდეს სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოების აშენებას, დრენაჟისა და საირიგაციო სისტემების დანერგვას, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობისათვის აუცილებელი ტექნიკის შეძენას.

მთავარ კონკურენტს არც ქართული ოცნება ჩამორჩება და სოფლის მოსახლეობას ჰპირდება, რომ იმპორტულ საქონელზე შეზღუდვებს დააწესებს და ეროვნული წარმოების განვითარებას ხელს შეუწყობს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, მათ პროგრამაშიც აგრარული სექტორის მოდერნიზების შედეგად აგროსასურსათო ინდუსტრიის განვითარებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ქართული ოცნება ამომრჩეველს სოფლის განვითარებისათვის ერთმილიარდიანი ფონდის შექმნას ჰპირდება. ამ ფონდის სუბსიდირებას იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან აპირებს. ფონდის სახსრები აგროწარმოების სპონსორობასა და სოფლებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქართულ ოცნებას დანაპირების შესრულება მოუწევს. შესაბამისად, უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება იმას, რეალურად სჭირდება თუ არა აგარარულ სექტორს მილიარდიანი სახელმწიფო ინვესტიცია. ბიუჯეტიდან თანხა აგრობიზნესის განვითარების ფონდში მაინც გადანაწილდება. ეს კი სახელმწიფო თანხების არაეფექტური გამოყენების პრეცედენტებს შექმნის. მოგებიან აგრობიზნესპროექტს სახელმწიფო სუბსიდირება არ დასჭირდება. მას ყოველთვის გამოუჩნდება კერძო ინვესტორი, რომელიც მასში კაპიტალს დააბანდებს. გამოვა, რომ თანხების უმეტესობა ნაკლებად მოგებიან ინდუსტრიებში გადანაწილდება და ამონაგები ინვესტიციაზე არ გამოიღებს იმ შედეგს, რის მისაღწევადაც იქმნება მსგავსი ფონდები.

გარდა არამოგებიანი კაპიტალდაბანდებისა, სახელმწიფო სახსრების ხარჯვას თან ახლავს ალტერნატიული დანახარჯები. მოსახლეობას უწევს მოიკლოს, მაგალითად, უკეთესი ინფრასტრუქტურის არსებობის ალტერნატივა იმის გამო, რომ ერთი მილიარდი ლარი, საჭიროა თუ არა, უნდა გადაირიცხოს აგრარული სექტორის განვითარების ფონდში.

არანაკლებ წაგებიანია იმპორტზე შეზღუდვების დაწესება ეროვნული წარმოების განვითარების სახელით. იმპორტი ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ბაზარი ვერ აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნას, ან იმპორტირებული საქონელი ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე ადგილობრივად წარმოებული. ორივე შემთხვევაში მომხმარებელი ზარალდება. თუ შეიზღუდება იმპორტი, ბაზარზე არ იქნება საკმარისი რაოდენობის საქონელი, რასაც ხსენებულ პროდუქციაზე ფასების ზრდა მოჰყვება – ეს კი, საბოლოოდ, სამომხმარებლო კალათის გაძვირებას გამოიწვევს. ასევე, კონკურენციის არარსებობა თითქმის უპირობო გარანტიაა იმისა, რომ პროდუქციის ხარისხი იქნება უფრო დაბალი, ვიდრე ეს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში იქნებოდა – ადგილობრივ მწარმოებლებს არ ექნებათ მოტივაცია, რაიმე ნიშნით გამოირჩეოდნენ ბაზარზე კონკურენტების არარსებობის პირობებში.

გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნებისა, ახალი მემარჯვენეების პრიორიტეტული მიმართულებაც ქართული სოფლის გაძლიერებაა. მათი ძირითადი პროგრამული პრინციპები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება მათი კონკურენტებისგან: მოდერნიზებული აგრარული სექტორი და ფერმერის ცხოვრების დონის ამაღლება.

პარადოქსია, მაგრამ აგრარული სექტორის სუბსიდირებისას სახელმწიფო თავისი უხვი დონაციებით მომავალში კერძო აგრარული სექტორის კონკურენტი ხდება.

მაგალითისთვის: ნაციონალური მოძრაობა თავის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ რეგიონებში ასობით ტრაქტორსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას შემოიყვანს. კერძო დისტრიბუტორი, რომლის შემოსავლის წყაროსაც აგროტექნიკის გაქირავება წარმოადგენდა, ავტომატურად ეთიშება ბაზარს, რადგან ვერ გაუწევს კონკურენციას სახელმწიფოს იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ სახელმწიფოს მოგების მოტივი არ ამოძრავებს და, შესაბამისად, მომხმარებელს ბევრად იაფი პროდუქციით ამარაგებს. თავისუფალი ბაზრის პირობებში ფასებსა და პროდუქციის სელექციას არეგულირებს მოთხოვნა და მიწოდება, სახელმწიფოს ჩარევისთანავე ეს ცვლადები უმნიშვნელო ხდება. სახელმწიფოს ერთპიროვნული უპირატესობა გააჩნია, როგორც ინვესტიციის ზომის, ასევე ოპერირების არეალის არჩევისას და კერძო ბიზნესები კონკურენციას ვერ გაუწევენ და ბაზრიდან გასვლას გადაწყვეტენ.

იმის გამო, რომ სახელმწიფოს მოგების მოტივი არ ამოძრავებს, საბაზრო სიგნალების ინტერპრეტაცია მისთვის შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ვერ ხდება საჭირო პროდუქციის რაოდენობის ზუსტი შერჩევა, რამაც შემდგომში შესაძლოა არაერთგვაროვანი შედეგი გამოიწვიოს.

შესაძლო სცენარი: აგროტექნიკის ხელოვნური სიიაფის გამო ფერმერი აკეთებს მთელი თავისი დანაზოგის ინვესტიციას მიწის ნაკვეთში, იმ იმედით, რომ ინვესტიციაზე უკუგება ბევრად მეტი ექნება, ვიდრე ეს ტექნიკის კერძო პირისაგან ქირაობისას ჰქონდა. თუმცა მან შეიძლება ვერ გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ მეზობელი ფერმერიც იმავეს გააკეთებს. მისი პროდუქცია ბაზარზე გაიაფდება ექსესიური წარმოების გამო და შესაძლოა არათუ მოგება, არამედ წაგება ნახოს, რადგან ვერ გაითვალისწინა, რომ ბაზარზე მის მიერ დამუშავებული პროდუქცია მოცულობაში გაიზრდებოდა.

თავისუფალ საბაზრო პირობებში აგროტექნიკის ბიზნესის განვითარების სცენარი ეტაპობრივი და მომხმარებლის მოთხოვნაზე მორგებული იქნება. სამომხმარებლო ბაზრიდან გამომდინარე მეწარმე თავად წყვეტს, რა ტიპის ტექნიკა და რა ფასად შეუძლია გააქირაოს და ეტაპობრივად ავითარებს წარმოების ხაზს. ამ შემთხვევაში კერძო მწარმოებელს გააჩნია მოგების მოტივი, რომლითაც ხელმძღვანელობს და ცდილობს მომსახურების ოპტიმალური პაკეტი შესთავაზოს ფერმერებს, რომლებიც მოსავლის ასაღებად აგრარულ ტექნიკას საჭიროებენ. ფასები რეგულირდება ბაზარზე აგრარული პროდუქციის ფასებისა და ფერმერთა შესაძლებლობის მიხედვით. ბიზნესიდან მიღებული მოგება დამატებითი სტიმულია სხვა მეწარმეებისათვის, რომ ბაზრის ათვისება დაიწყონ. ეს დროთა განმავლობაში პროდუქციის ფასსაც ამცირებს და მომსახურების ხარისხსაც აუმჯობესებს. საბოლოოდ, ბაზარზე რჩებიან საუკეთესო მომწოდებლები, რომელთაც შეძლეს ლავირება და ფერმერებისთვის საუკეთესო ვარიანტის შეთავაზება. ბაზარზე სახელმწიფოს შემოსვლისთანავე კერძო კომპანიები კარგავენ კონკურენტუნარიანობას, რადგან სახელმწიფო მოგების მოტივის გარეშე მოქმედებს და აქვს საშუალება, არასამართლიანად დაბალი ფასებით ბაზრიდან გამოდევნოს კერძო კომპანიები. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის თვითმიზანი არა კერძო მეწარმეების გამოდევნა, არამედ ფერმერების დახმარებაა, საბოლოო შედეგი მაინც ნეგატიურად აისახება აგროტექნიკით მოვაჭრე ბიზნესმენებზე.

 

(არა)ოპტიმალური დასაქმების პროგრამა

ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა იზომება ამავე ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) და შემდგომ დასაქმების პროცენტული მაჩვენებლით. შესაბამისად, პოლიტიკოსების ფოკუსი დასაქმებასა და უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირებაზეცაა მიმართული. დასაქმებული ხალხი – კმაყოფილი ამომრჩეველი, ერთი შეხედვით, მარტივი ფორმულაა.

დასაქმების ახალი პროგრამების შეთავაზება ტრადიციულად პარტიული პოპულარიზაციის ერთ-ერთი კარგად ნაცადი ხერხია. მოსახლეობის დაუსაქმებელი ნაწილი ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლასთან ერთად ელის საკუთარი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოსწორებას.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა დასაქმების სამინისტრო, რომელსაც სამუშაოს მძებნელნი აღრიცხვაზე აჰყავს და ცდილობს დახმარება გაუწიოს სამსახურის შერჩევასა და მომავალი სამუშაო კარიერის დაგეგმვაში.

კონკურენტებს არც ქართული ოცნება ჩამორჩება დაუსაქმებლობის აღმოფხვრის მცდელობაში. პრობლემის გადაწყვეტას ისინი სამუშაოს მძებნელთა აღრიცხვაში და ინფორმაციული ბანკის შექმნაში ხედავენ.

უმუშევრობის მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, საჭირო კვალიფიკაციის უქონლობა და კვალიფიკაციის შეუსაბამო სამსახურის ლოდინია. ეს განპირობებულია იმით, რომ მიუხედავად კვალიფიკაციის უქონლობისა, ადამიანებს არ სურთ დაბალშემოსავლიან სამსახურში მუშაობა. თავს იჩენს პიროვნული მოტივაციის პრობლემა, რომელსაც ვერცერთი დასაქმების სააგენტოს შექმნა ვერ შეცვლის. დასაქმების სამინისტრო იქნება თუ ინფორმაციული ბანკი, მხოლოდ დამატებით დანახარჯებთან იქნება ასოცირებული. არის ადამიანთა კატეგორია, რომელთაც არ აქვთ საკმარისი მოტივაცია, დაუსაქმებლობის შემთხვევაში დროებით მაინც დაბალშემოსავლიან სამსახურებში დასაქმდნენ. პრობლემაა არა სამუშაო ადგილების დეფიციტი, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულება არსებული დასაქმების პერსპექტივების მიმართ. სახელმწიფო დასაქმების ორგანოს შექმნა კიდევ უფრო გაანელებს ადამიანებში მოტივაციას, თავად ეძებონ შესაფერისი სამსახური და ამის პასუხისმგებლობას მთლიანად სახელმწიფოს დააკისრებენ.

მოსახლეობის ნაწილი, რომელთაც რეალურად სურთ დასაქმდნენ, როგორც წესი, შედარებით სწრაფად ახერხებენ შემცვლელის მოძებნას. ისინი მზად არიან პროფესიულად გადაემზადონ თავისივე სახსრებით, გააკეთონ ერთგვარი ინვესტიცია საკუთარ პროფესიულ განვითარებაში. როდესაც ადამიანი თავად წყვეტს რა უნდა იყოს მისი შემდეგი ნაბიჯი პროფესიულ განვითარებაში, ის ყოველთვის ირჩევს ისეთ ვარიანტს, რომელიც მისთვის იმ მომენტში ყველაზე მოსახერხებელია. იწყებს მუშაობას სხვა პროფილით, ცდილობს მონახოს ბიზნესშესაძლებლობები განვითარების პერსპექტივით, რაც შემდგომში მის კეთილდღეობაზეც დადებითად აისახება და ქვეყნის ეკონომიკისთვისაც ერთგვარი საწვავია. მცირე და საშუალო ბიზნესის არსებობის ერთ-ერთი წყარო სწორედ ასეთი ადამიანები არიან - უფრო პროდუქტიულები და საჭიროების შემთხვევაში, უფრო რისკიანები. ასეთ დროს მოგებაც მეტია.

როდესაც ადამიანი ელოდება, რომ ის დასაქმდება ზემდგომი ორგანოს მიერ, კარგავს სურვილს თავად შეეჭიდოს სიძნელეებს, იღებს ნაკლებ რისკს და შესაძლოა საბოლოოდ სახელმწიფოს სარჩენი გახდეს. სხვა შემთხვევაში მისი ბრძოლისუნარიანობა ბევრად უფრო გამოკვეთილი იქნებოდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკუთარ დასაქმების პროგრამაში ითვალისწინებს 1000-ლარიან ვაუჩერებს. მათ პროფესიული გადამზადების მსურველები მიიღებენ. მართალია, ვაუჩერის დადებითი თვისება თანხის მიზნობრივი გახარჯვის გარანტიაა, თუმცა ეს ვაუჩერიც, ისევე როგორც სხვა ხელოვნურად შექმნილი სტიმული, ადამიანური რესურსების არაეფექტიან გადანაწილებას შეუწყობს ხელს. უფასო ალტერნატივის არსებობა განაპირობებს იმას, რომ მოსახლეობის იმაზე ბევრად დიდი ნაწილი გაივლის პროფესიულ გადამზადებას, ვიდრე ამის საჭიროება იარსებებს. საბიუჯეტო რესურსები დაიხარჯება ადამიანებზე, რომელთა გადამზადებაც არავითარ დამატებით სარგებელს არ მოიტანს. ბაზარი სუბსიდირებული პროფესიის მქონე ხალხით გადაივსება. იმის დადგენა თუ რამდენად საჭიროებს რომელიმე კონკრეტული მოქალაქე პროფესიულ კურსს, თითქმის შეუძლებელია. თავისუფალი ბაზრის პირობებში მსგავსი საჭიროება განისაზღვრება ინდივიდის სურვილით, ინვესტიცია განახორციელოს საკუთარ პროფესიაში იმის მიხედვით, თუ რამდენად შეძლებს შემდეგ ამ ინვესტიციიდან უკუგების მიღებას. სახელმწიფო სუბსიდიების შემთხვევაში კი ეს სტიმული იკარგება, გაცილებით მეტი ადამიანი ირიცხება პროფესიულ სასწავლებელში, ვიდრე ეს სხვაგვარად მოხდებოდა. ხელოვნურად სტიმულირებული მოთხოვნა ამა თუ იმ პროფესიაზე შექმნის კადრების სიუხვეს და მოსახლეობას საბოლოოდ ისევ დაუსაქმებლობის პრობლემამდე მიიყვანს – ამ შემთხვევაში უფრო მეტი ფინანსური და დროითი დანაკარგით. ის დრო და ფინანსები, რომელსაც კადრის გადამზადებაში ხარჯავს, მას შეეძლო ალტერანტიულად გაენაწილებინა და სხვა მისთვის უფრო შესაფერისი საქმე ეკეთებინა.

ქართული ოცნება ასევე გამოდის ინიციატივით, შეიცვალოს შრომის კოდექსი დასაქმებულთათვის დაცული სამუშაო გარემოს შესაქმნელად. ამ ინიციატივის პირველადი შედეგი იქნება დასაქმებულის დაცვა დამსაქმებლისაგან, მაგალითად, სამსახურიდან დათხოვნის გაძნელებული პროცედურა. მეორადი შედეგი კი ნაკლებად სახარბიელო, როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე დასაქმებულისათვის. შრომის კოდექსის ცვლილება დასაქმებულის სასარგებლოდ, როგორც წესი, დამსაქმებელში უკურეაქციას იწვევს. მეტად დაცული შრომითი კოდექსის პირობებში, დამსაქმებლის მიერ ახალი მუშაკების აყვანა დროში გაჭიანურებულ პროცესად იქცევა; აიწევს სახელფასო მინიმუმი, რაც თავისთავად სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს და ნაცვლად იმისა, რომ უმუშევრობა დაიძლიოს, პროცენტული მაჩვენებელი ნელ-ნელა ზრდას დაიწყებს.

საყოველთაო ჯანდაცვა

კიდევ ერთი ლამაზად შეფუთული საარჩევნო დაპირება, რომელსაც დიდი სიამაყით უწევენ პროპაგანდირებას სხვადასხვა პარტიის ლიდერები, ჯანდაცვის რეფორმაა. საყოველთაო ჯანდაცვის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფომ მოახდინოს სადაზღვევო პოლისების სუბსიდირება და უფასოდ ან მინიმალურ ფასად შეძლოს მოსახლეობის უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისებით. ამით ის დაიცავს ყველა ადამიანის უფლებას, მიიღოს ჯანდაცვის სერვისი და იცოცხლოს ჯანმრთელად. ამ უფლებით სარგებლობისთვის დაბალი შემოსავალი ბარიერი არ უნდა გახდეს.

საყოველთაო ჯანდაცვა, პრაქტიკაში არც ისე იდეალურად ფუნქციონირებს, როგორც ეს შეიძლება პირველი შეხედვით ჩანდეს. სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული პოლისები ბაზარზე კონკურენციას უწევენ კერძო სადაზღვევო ფირმების მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, რომელსაც საბაზრო მოთხოვნა და პროდუქტის თვითღირებულება არეგულირებს.

თვითღირებულებაზე იაფად შეთავაზებული სერვისი, რომელიც სახელმწიფო სუბსიდირების შემთხვევაში ხდება ხოლმე, იწვევს მომსახურების ხარისხის დაწევას არა მარტო სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ, არამედ პრემიუმ მომხმარებლებისთვისაც. ეს საბოლოოდ ცუდად აისახება სადაზღვევო კომპანიების პრესტიჟსა და ფინანსურ ბალანსზეც.

გადამეტებული პაციენტების რიცხვს, რომელიც სადაზღვევო კომპანიების კლინიკებს სტუმრობენ პოლისის აღებისთანავე, შესაძლოა ისეთი ძლიერი უკუეფექტიც კი მოჰყვეს, როგორიც ექიმის დაუდევრობაა. ამან შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს პაციენტის ჯანმრთელობაზე.

უკონკურენტო პროდუქტი სახელმწიფო დაზღვევის სახით, შედეგად გვაძლევს არაოპტიმალურ სადაზღვევო სისტემას; იწვევს მასობრივ უკმაყოფილებას დაზღვევის, როგორც სერვისის მიმართ, რაც უკან ხევს ეკონომიკის განვითარების ზოგიერთ ნიშნულს.

 

მიკრო და მაკრო ეფექტები

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების პროგრამული პრინციპები განპირობებულია იმ საზოგადო აზრითა და მოთხოვნებით, რომელსაც ემხრობა მოსახლეობის უმეტესობა. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ საზოგადოების მოსაზრება ეკონომიკის განვითარებასა და საკუთარი კეთილდღეობის ზრდაზე მცდარი იყოს.

როგორც წესი, წინასაარჩევნო ლოზუნგებს ხშირად გააჩნიათ მასშტაბის პრობლემა. ისინი კარგად მოქმედებენ მოსახლეობის მასაზე, იწვევენ პოზიტიურ გამოხმაურებას და მრავალათასიან მხარდამჭერთა გუნდით ამარაგებენ პარტიებს. თუმცა მცირე მასშტაბებზე, უკეთ ჩანს თითოეული პროგრამული პრინციპის ნაკლოვანებები, წინასაარჩევნო პერიოდი ბევრად უფრო იმპულსურია და მოსახლეობა ცვლილების მოლოდინში მზად არის გაუაზრებლად მისცეს ხმა პარტიას, რომელიც ყველაზე ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს. ამდენად, მსგავსი ნაკლოვანებების აღმოჩენას არც დრო ეთმობა და ნაკლებადაც ვლინდება. ამა თუ იმ პროგრამის ნეგატიური გავლენის დანახვა მხოლოდ გრძელვადიან პერიოდშია შესაძლებელი.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები