ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი: ბაგრატის ტაძარი ხელისუფლებამ ძალიან პოლიტიზირებული გახადა

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბაგრატის ტაძრის საკითხი ხელისუფლებამ ზედმეტად პოლიტიზირებული გახადა. ამის შესახებ ივანიშვილმა ევროპის ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. კოალიციის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ბაგრატის ტაძრის კურთხევის ცერემონიაზე მის არყოფნაზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება არ არის საჭირო.

"სააკაშვილი რომ ვენებს იჭრის, თითქოს ბაგრატის ტაძარი გააკეთა, მე გაცილებით მეტი მაქვს გაკეთებული და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თუმცა მას სურს, ესეც მიითვისოს. 500-ზე მეტი ისტორიული ძეგლი მაქვს აღდგენილი და არც ერთის გახსნაზე ამხელა აჟიოტაჟი არ ყოფილა. სააკაშვილს სურს, დიდი აღმშენებლობა გვიჩვენოს.” - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდებას 23 სექტემბერს ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დასწრებასთან დაკავშირებით, კოალიციის ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ შეძლებს მივა, თუ არა და, ეკლესიას სხვა დროს მოილოცავს.

"მივაგებთ პატივს ამ ტაძარს და არა ისე, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებს, თურმე ახლა რომ გახდა ეკლესიური", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ახლად აღდგენილი ბაგრატის ტაძარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 16 სექტემბერს აკურთხა. საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ცერემონიის დასრულების შემდეგ პატრიარქმა ხელისუფლება და ოპოზიცია 23 სექტემბერს ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევაზე მიიწვია.

 

კომენტარები