რეიტინგი

პარტიული რეიტინგები NDI-ის მიხედვით

ლუის ნავარო. NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ნაციონალურ მოძრაობას მოსახლეობის 37% მისცემდა ხმას, კოალიცია ქართულ ოცნებას 12%, ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას 3%, სხვა პარტიები კი ჯამში 2%-ს მოაგროვებდნენ. მოსახლეობის 22%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, რომელ პარტიას მისცემდა ხმას, 21% კი უარს ამბობს ფავორიტი პარტიის დასახელებაზე.

განსაკუთრებით საინტერესოა პარტიების რეიტინგის დინამიკა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ივნისის შემდეგ მმართველი პარტიის რეიტინგი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ასევე უცვლელია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის და სხვა ოპოზიციური პარტიების მომხრეთა რაოდენობა. არ შეცვლილა იმ რესპონდენტთა რიცხვი, ვისაც გადაწყვეტილი არ აქვს, თუ რომელ პარტიას დაუჭერს მხარს.

რადიკალური ცვლილებაა ქართული ოცნების მხარდამჭერთა და იმ რესპონდენტთა რაოდენობაში, ვინც უარი თქვეს პასუხის გაცემაზე. ქართული ოცნების რეიტინგს ერთი მესამედი, 6% დააკლდა, უარი პასუხზე კი 5%-ით გაიზარდა.

ამასთან, კვლევის შედეგებზე დაკვირვებისას ჩანს, რომ ქართული ოცნების და მისი ლიდერის შეფასებამ იკლო თითქმის ყველა, მათ შორის, პროგრამულ საკითხებში. ვარდნა საშუალოდ 3-6%-ია. ამავდროულად, ნაციონალური მოძრაობის შეფასებამ ყველა აღნიშნულ ნაწილში მოიმატა ან იგივე დარჩა. ქდმ-ის შეფასება ივნისიდან აგვისტომდე არ შეცვლილა.

მმართველი პარტიის პრემიერობის კანდიდატის საქმიანობას, პატრიარქის შემდეგ (87%), ყველაზე დადებითად აფასებენ – მოსახლეობის 54% მერაბიშვილის საქმიანობას პოზიტიურად მიიჩნევს. მონაცემი ივნისის შემდეგ 5%-ით არის გაზრდილი. თითქმის უცვლელია სააკაშვილისა და უგულავას დადებითად შემფასებელთა რაოდენობა, ორივე შემთხვევაში მონაცემი 39-41%-ს შორის მერყეობს.

საპირისპიროდ, ივანიშვილის საქმიანობის დადებითად შემფასებელთა რაოდენობა დაეცა. ივნისში ქართული ოცნების ლიდერის საქმიანობას პოზიტიურად მოსახლეობის 33% ახასიათებდა, აგვისტოში კი – 27%.

პარტიის საქმიანობის მხრივაც, მოსახლეობა უფრო კმაყოფილი ნაციონალური მოძრაობით არის – 37%, ეს მონაცემი ივნისის შემდეგ პრაქტიკულად არ შეცვლილა. საპირისპიროდ, ქართული ოცნების საქმიანობის დადებითად შემფასებელთა რაოდენობა ივნისში 29%-დან აგვისტოში 23%-მდე დაეცა.

პარტიების ზოგადი შეფასება და მხარდაჭერა ცალკეულ საკითხებზე მოსახლეობის მსჯელობისასაც ჩანს. ნაციონალურ მოძრაობას უპირატესობას ანიჭებენ განათლების (38%), NATO-ში გაწევრიანების (36%), ჯანდაცვის (34%), დასაქმების (33%), დემოკრატიის განვითარების (33%), სოფლის მეურნეობის (32%), გადასახადების (29%), ინფლაციის დაძლევის (29%) და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის (28%) საკითხებში.

განათლებაში ქართული ოცნების წარმატების 13%-ს სჯერა, NATO-ში გაწევრიანებაში – 11%-ს, ჯანდაცვაში – 15%-ს, დასაქმებაში – 17%-ს, დემოკრატიის განვითარებაში – 13%-ს, სოფლის მეურნეობის განვითარებაში – 17%-ს, გადასახადების საკითხებში – 15%-ს, ინფლაციის საკითხებში – 16%-ს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში – 18%-ს.

ყველა აღნიშნულ საკითხში ნაციონალური მოძრაობის მომხრეთა რაოდენობამ ივნისთან შედარებით 2-6%-ით მოიმატა, ქართული ოცნების კი 2-7%-ით შემცირდა.

რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხში მმართველი გუნდისა და ქართული ოცნების რეიტინგი შედარებით ახლოს არის ერთმანეთთან. ამ საკითხში ნაციონალური მოძრაობის წარმატების 24%-ს სჯერა, ქართული ოცნების კი 21%-ს. ქართული ოცნების რეიტინგმა აქაც 4%-ით დაიწია.

ქართული ოცნების რეიტინგის ასეთი ვარდნა, ერთი შეხედვით, შეიძლება უცნაურიც კი იყოს, მაშინ როცა კოალიცია ძალიან აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. ამასთან ერთად, NDI-ის უკანასკნელი კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანთა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 77% – არჩევნებზე წასვლას აპირებს.

ამომრჩევლის ასეთი გააქტიურება, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას უკავშირდება. ერთი მხრივ, მან გაააქტიურა მოსახლეობის ის ოპოზიციური ნაწილი, რომელიც აქამდე მმართველი პარტიის ალტერნატივას ვერ ხედავდა, მეორე მხრივ კი – ნაციონალური მოძრაობის ის მხარდამჭერები, რომლებიც თვლიდნენ, რომ არჩევნებზე წასვლას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მმართველი პარტია უკონკურენტოდ იყო. ამომრჩევლის განსაკუთრებული გააქტიურება, როგორც ჩანს, არა ივანიშვილის ამომრჩეველთა, არამედ მმართველი პარტიის მომხრეთა შორის მოხდა.

შეიძლება ითქვას, ივანიშვილმა რეალურად მმართველი პარტიის ამომრჩევლის გადაბირება კი ვერ მოახერხა, არამედ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ნაწილის მობილიზაცია მოახდინა.

რა თქმა უნდა, თითოეული პოლიტიკური ძალის ამომრჩევლის ბაზას შეიძლება მიემატოს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი ამომრჩევლები. ზოგიერთი ანალიტიკოსის თქმით, ამომრჩევლის ერთ მესამედზე მეტს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ან არ ამბობს, თუ რომელ პარტიას დაუჭერს მხარს და ეს, რეალურად, ოპოზიციური ამომრჩეველია. გასული არჩევნების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უპირატესობას თბილისში ოპოზიციურ პარტიას ანიჭებს, თუმცა რეგიონებში ასეთი ამომრჩევლების ხმები მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის იყოფა.

თუ რა პოზიციაზე დგას გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, NDI-ის კროსტაბულაციაში ჩანს. როგორც მოსალოდნელი იყო, კვლევამ აჩვენა, რომ მმართველი პარტიისა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ნაციონალური მოძრაობის მომხრეთა 84% თვლის, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ქართული ოცნების მომხრეთა 63% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

განსხვავებული შეხედულებებია ქვეყანაში დემოკრატიის საკითხზეც, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა 69% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა, ქართული ოცნების მომხრეთა 84% კი ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

ნაციონალური მოძრაობის მომხრეთა 62% რუსეთს რეალურ საფრთხედ აღიქვამს, ქართული ოცნების მხარდამჭერთა 32% ამ მოსაზრებას იზიარებს. თუმცა ოპოზიციური კოალიციის მომხრეთა დიდი ნაწილი, 44% თვლის, რომ რუსეთის საფრთხე გადაჭარბებულია, 18% კი რუსეთში საფრთხეს საერთოდ ვერ ხედავს.

გადაუწყვეტელი ამომრჩეველი თითქმის ყველა შემთხვევაში ამ ორი პარტიის მომხრეებს შორის შუალედურ პოზიციას იკავებს, ის არც ისე პოზიტიურად აფასებს ქვეყნის მდგომარეობას, როგორც ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი და არც ისე ნეგატიურად, როგორც ქართული ოცნების მომხრეები. შესაბამისად, ერთბაშად იმის თქმა, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი აუცილებლად ოპოზიციური განწყობისაა, ერთგვარად ამახინჯებს ამ ამომრჩეველთა პოზიციას.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა პოლიტიკური პარტიების რეიტინგი 7 სექტემბერს წარმოადგინა. კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მ ჩაატარა. საველე სამუშაოები 31 ივლისი-12 აგვისტოს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 2038 ადამიანი გამოიკითხა.

კომენტარები