ოლანდმა საფრანგეთში ფიქლის გაზის მოპოვება დაბლოკა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში ფიქლის გაზის მოპოვება დაბლოკა. სააგენტო AFP -ს ცნობით, ამის შესახებ ფრანსუა ოლანდმა პარასკევს, საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მან ფიქლის გაზის მოპოვებაზე კომპანიების შვიდი განაცხადი არ დააკმაყოფილა. პრეზიდენტის განმარტებით, ფიქლის გაზის მოპოვების არსებული მეთოდები გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის. საფრანგეთში, ექსპერტების გათვლებით, ევროპის მასშტაბით ფიქლის გაზის ყველაზე დიდი მარაგია.

ამავე ღონისძიებაზე ოლანდმა განაცხადა, რომ ფესენჰაიმის ატომური სადგურის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ოლანდი და მისი სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება „მწვანე ენერგიის“ განვითარება და თანდათანობით ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლა იყო.

ოლანდის გადაწყვეტილება ფიქლის გაზის მოპოვებაზე უარის თაობაზე უარყოფითად შეაფასა საფრანგეთის მეწარმეთა გაერთიანების პრეზიდენტმა ლორან პარიზომ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამან შეიძლება ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად აზარალოს.

თავის მხრივ, საფრანგეთის ნავთობმრეწველობის კავშირის პრეზიდენტმა ჟან-ლუი შილანსკიმ იმედი გამოთქვა, რომ დისკუსია საფრანგეთში ფიქლის გაზის მოპოვების შესახებ დასრულებული არ არის და ეს საკითხი, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღის წესრიგში კვლავ დადგება.

 

კომენტარები