ველოსპორტი

როცა შვიდი ნულის ტოლია

0 კომენტარი

„მე ძალიან კარგად ვიცი ვინ მოიგო ტურ დე ფრანსი შვიდჯერ. ჩემმა მეგობრებმაც იციან ეს და ყველამ, ვისაც კი ვეჯიბრებოდი. წლების მანძილზე მამოწმებდნენ, მაგრამ არცერთ ანალიზს დადებითი პასუხი არ ჰქონია. როცა საჭირო იყო, ყოველთვის გავდიოდი დოპინგკონტროლს. თუ სისხლი იყო საჭირო, ვაბარებდი. დავიღალე, მომბეზრდა! დღეიდან ბრძოლას ვწყვეტ – ამერიკის დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოს (USADA) გადაწყვეტილებას სასამართლოში აღარ გავასაჩივრებ”, – ეს განცხადება ლეგენდარულმა ამერიკელმა ველომრბოლმა ლენს არმსტრონგმა საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე 23 აგვისტოს გამოაქვეყნა.

24 აგვისტოს USADA-მ არმსტრონგს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა და ველოსპორტის საერთაშორისო კავშირს (UCI) ურჩია, 1998 წლის 1 აგვისტოდან მოყოლებული ამერიკელი ველომრბოლის ყველა შედეგი გააუქმოს, ტიტულები კი ჩამოართვას.

ლენს არმსტრონგმა ტურ დე ფრანსი 1999-2005 წლებში მოიგო. ის ერთადერთია, რომელმაც შვიდჯერ იმარჯვა საფრანგეთში და, რაც მთავარია, ზედიზედ. ამერიკელმა კიდევ არაერთი რბოლა მოიგო, 2000 წელს კი სიდნეის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

„ეს შავი დღეა ამერიკის სპორტის ისტორიაში. ყველა, ვისაც ველორბოლა უყვარს, ჩვენი გადაწყვეტილებით გულდაწყვეტილია, მაგრამ ის მხოლოდ ერთი მიზნით მივიღეთ: ახალგაზრდა სპორტსმენებმა არმსტრონგის მაგალითი უნდა გაითვალისწინონ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დოპინგით ასპარეზობა დამღუპველია და ასე მოპოვებული გამარჯვება დროებითია”, – განაცხადა USADA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტრევის ტიგარტმა 24 აგვისტოს.

დოპინგი ველორბოლის თანამდევია: არაერთი სპორტსმენი ამხილეს აკრძალული მედიკამენტების გამოყენებაში, რის გამოც ზოგს დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, სხვებს ტიტული ჩამოართვეს. აქამდე არმსტრონგი უდანაშაულობის დამტკიცებას ახერხებდა.

1999 წელს მას ორგანიზმში აკრძალული კორტიკოსტეროიდი აღმოუჩინეს, თუმცა მან და მისმა გუნდმა – US Postal – დაამტკიცეს, რომ ნივთიერებას ის საცხი შეიცავდა, რომელსაც ის ექიმების ოფიციალური ნებართვით იყენებდა.

2005 წელს გაზეთმა ეკიპ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელისგან 1999 წელს აღებულ დოპინგსინჯში ერითროპოეტინი (EPO) აღმოჩნდა. UCI-მ დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა, მაგრამ ლენსი უდანაშაულოდ ცნო.

2011 წლის მაისში, ტელეკომპანია CBS-ის ტელეშოუში – 60 წუთი – არმსტრონგის ყოფილმა თანაგუნდელმა ტაილერ ჰემილტონმა განაცხადა, რომ ლენსი წლების განმავლობაში იყენებდა აკრძალულ ნივთიერებებს.

ჰემილტონის აღიარების შემდეგ USADA-მ მასალების მოძიება დაიწყო: განვლილ თვეებში ველომრბოლის არაერთი მეტოქე, მწვრთნელი თუ თანაგუნდელი დაიკითხა, უამრავი სამედიცინო დოკუმენტი გადაიხედა, საბოლოოდ კი, 14 ივნისს სააგენტომ ტურ დე ფრანსის შვიდგზის გამარჯვებული დოპინგსაწინააღმდეგო წესების ხუთი პუნქტის დარღვევაში დაადანაშაულა: 1 – აკრძალული ნივთიერებების (ერითროპოეტინი, ტესტოსტერონი, კორტიკოსტეროიდი) გამოყენება და რბოლების პერიოდში სისხლის გადასხმა; 2 – ამ ნივთიერებების და სისხლის გადასხმისთვის აუცილებელი მოწყობილობების შენახვა; 3 – აკრძალული ნივთიერებებით ვაჭრობა და მათი გავრცელება; 4 – სხვა სპორტსმენების ჩართვა დანაშაულში; 5 – დოპინგსაწინააღმდეგო წესების დარღვევის დამალვა.

ჩამოართმევენ თუ არა არმსტრონგს ტურ დე ფრანსზე მოგებულ ტიტულებს? ეს მხოლოდ ტურის პატრონის, Amaury Sport Organization-ის გადასაწყვეტია. ჯერჯერობით ამერიკელი კვლავაც 7-გზის ტრიუმფატორად რჩება.

რაც შეეხება 2000 წელს მოგებულ ოლიმპიურ მედალს, მის ბედს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტს. სხვათა შორის, ახლახან სოკ-მა დოპინგის გამოყენებაში მხილებულ ტაილერ ჰემილტონს 2004 წელს, ათენში მოგებული ოქროს მედალი ჩამოართვა...

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები