კერძო ინიციატივა

IT გადაწყვეტები ლოგისტიკის სექტორში

ტექნოლოგიების ათვისება და ინოვაციების დანერგვა კონკურენციის მამოძრავებელი მთავარი ფაქტორებია, რომლებიც დიდწილად განაპირობებენ კომპანიების წარმატებას და მოგებას. თავის მხრივ, წარმატებული კომპანიები ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წყაროა. ტექნოლოგიების განვითარების ტემპს თუ გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალში ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებს კიდევ უფრო მეტი წონა ექნება იმისთვის, რომ კომპანიებმა გლობალურ კონკურენტუნარიანობას გაუძლონ. მეტიც, იმ ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც უახლეს ტექნოლოგიებს აითვისებს და ინოვაციური მიდგომებით იქნება გაჯერებული, უფრო ადვილად მოერგება სწრაფად ცვალებად გლობალურ ეკონომიკას და მომავალში გაუთვალისწინებელ გამოწვევებს უფრო ადვილად გაუმკლავდება.

ვინ უნდა იყოს ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციის მამოძრავებელი ძალა ქვეყნისთვის? განვითარებულმა ქვეყნებმა ამ კითხვაზე პასუხი უკვე გასცეს – კერძო სექტორი, უნივერსიტეტები, დამოუკიდებელი მკვლევრები.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბოლო, 2010 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც ერთმანეთს მსოფლიოს 143 ქვეყანას ადარებს, გლობალური კონკურენტუნარიანობის შეფასებისას, საქართველოს ყველაზე სუსტი მხარე ტექნოლოგიური მზაობა და ინოვაციაა. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს, ნათლად ჩანს, რომ მთავრობა უფრო ცდილობს დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები თავის უწყებებში (76-ე ადგილი), ვიდრე უნივერსიტეტები (126-ე ადგილი) და კერძო კომპანიები (124-ე ადგილი).

უნივერსიტეტების და კერძო კომპანიების დაბალი ტექნოლოგიური განვითარება ურთიერთგადაჯაჭვულია. კვლევა აჩვენებს, რომ რადგან ქვეყანაში მეცნიერების და კვლევის განვითარების დონე დაბალია (მე-100 ადგილი) და ცოტა ტრენინგცენტრი არსებობს (115-ე ადგილი), კომპანიებს მეტი დრო სჭირდებათ ახალი ტექნოლოგიების მოსაძებნად, დასანერგად და ასათვისებლად (115-ე ადგილი). ყოველივე ეს, თავის მხრივ, ინოვაციის შესაძლებლობას აფერხებს (103-ე ადგილი).

როგორც ამ კვლევიდანაც იკვეთება, კომპანიებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ახალი ტექნოლოგიების შესახებ არსებული ინფორმაციის მოძიებაა. PSD Web Solutions კერძო ქართული კომპანიაა, რომელმაც გადაწყვიტა, სატრანსპორტო და ლოგისტიკის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებს არა მხოლოდ ინფორმაციის მოძიება გაუადვილოს, არამედ დაინტერესებული მხარეები ერთმანეთთან ეფექტურად დააკავშიროს. ამისთვის PSD Web Solutions აპირებს, ამ ინდუსტრიაში დანერგოს და მენეჯმენტი გაუწიოს სხვადასხვა IT გადაწყვეტებს, რომლებსაც შემდეგ დაინტერესებული მხარეების კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის გამოიყენებს.

კომპანიამ უკვე შექმნა ორი ვებპორტალი: www.cargoinfo.ge და www.cargotender.ge. პირველი უფრო ინფორმაციულია და აშუქებს ლოგისტიკის ინდუსტრიის სხვადასხვა საკითხებს: ადგილობრივ სიახლეებს, საერთაშორისო გამოცდილებას, საკანონმდებლო ცვლილებებს და ა.შ. მეორე – ლოგისტიკური ბირჟაა, სადაც ნებისმიერს, ვისაც გარკვეული ლოგისტიკური სერვისის შეძენა სურს, შეუძლია თავისი მოთხოვნა ონლაინრეჟიმში განათავსოს და მას პოტენციური გამყიდველები კონკრეტული შეთავაზებებით გამოეხმაურებიან: კომპანიებს აღარ მოუწევთ ტელეფონის და ელფოსტის მეშვეობით ზედმეტი ძალისხმევისა და დროის დახარჯვა.

PSD Web Solutions-ის თქმით, ვებბირჟის ამოქმედებით დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაცია ბევრად უფრო ეფექტური გახდება: ერთი მხრივ, მყიდველები, რომლებიც ეძებენ საუკეთესო პირობებს, შეძლებენ შეამცირონ ლოგისტიკის ბიუჯეტი, ხოლო, მეორე მხრივ, სერვისის გამყიდველებს საშუალება ექნებათ, სწრაფად იპოვონ ახალი კლიენტები და გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.

ლოგისტიკის სექტორზე გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა დიდი გავლენა იქონია. სხვადასხვა გათვლებით, გლობალურ მშპ-ში ამ სექტორს საშუალოდ 9.3% უჭირავს.

 

კომენტარები