ეთიოპია

ეთიოპიის ბუნდოვანი მომავალი

0 კომენტარი

ეთიოპიას, ქვეყანას, რომელსაც 1930 წლიდან დღემდე მხოლოდ სამი ლიდერი ჰყავდა (იმპერატორი სელასიე, პოლკოვნიკი მენგისტუ ჰაილე მარიამი და მელეს ზენავი), სელასიეს კორონაციის შემდეგ პირველად გაუჩნდა ხელისუფლების კანონიერად გადაცემის შანსი. 20 აგვისტოს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა ეთიოპიის მოქმედი პრემიერმინისტრი მელეს ზენავი. იგი ქვეყანას 21 წლის განმავლობაში მართავდა, ჯერ პრეზიდენტის, ხოლო შემდეგ პრემიერის რანგში.

თავად მელეს ზენავის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და მისი პიროვნება საზოგადოებაში არაერთგვაროვან განწყობებს იწვევს. ზოგიერთისთვის ზენავი პრემიერია, რომელმაც ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნის ეკონომიკას ორნიშნა ზრდა მოუტანა, ზოგი კი მას დაუნდობელ მმართველად აღიქვამს, რომელმაც 2005 წელს დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. სოციალურ ქსელებში, მისი გარდაცვალების ცნობის გავრცელებასთან ერთად, ზენავი ისეთი ეპითეტებით შეამკეს, როგორებიცაა დიქტატორი, მხსნელი, მკვლელი თუ მეოცნებე.

მელეს ზენავი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწეა აფრიკის კონტინენტზე. განსხვავებით სხვა აფრიკელი ლიდერებისაგან, რომლებიც „ცივი ომის” დასასრულიდანვე აქტიურად შეუდგნენ იდეოლოგიისგან თავისუფალი ტექნოკრატიული მმართველობის სტილის დანერგვას, მთელი 21-წლიანი მმართველობის განმავლობაში ზენავი გულმოდგინედ იღვწოდა პრაგმატული დემოკრატიისა და მარქსიზმ-ლენინიზმის პრინციპების შეხამებისთვის. საინტერესოა ისიც, რომ ეთიოპიის პრემიერი ტერორიზმთან ბრძოლაში დასავლეთის აქტიურ მოკავშირედ განიხილებოდა და, ამავდროულად, ნეოლიბერალური მმართველობის მოდელის ჩავარდნაზე და პარადიგმის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობდა.

ზენავი ხელისუფლების მთავარი იდეოლოგის როლსაც ითავსებდა. მმართველი პარტიის მიერ გამოცემული მრავალი ტექსტის ავტორად თავად პრემიერი მიიჩნეოდა. საზოგადოებაში ასევე არსებოდა რწმენა, რომ სოციალურ ქსელებში ზენავი ფსევდონიმის ქვეშ, სხვადასხვა იდეოლოგიურ დებატებშიც იღებდა მონაწილეობას.

როგორც ზოგიერთი პოლიტიკური მიმომხილველი მიიჩნევს, ეთიოპიის ეთნიკურ ფედერაციად გადაქცევის გზაზე,

მელეს ზენავი
მენესისათვის ძალადობა და რეპრესიები აუცილებელ საშუალებებს წარმოადგენდა. ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა, რომელიც ეთიოპიის წინაშე დგას, მისი მრავალეთნიკურობაა. ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნოსი ამ ქვეყანაში ორომოა, რომელიც მთლიანი მოსახლეობის 35%-ს შეადგენს. ეს აფრიკული სახელმწიფო საკმაოდ ჭრელია რელიგიური თვალსაზრისითაც. ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი მართლმადიდებლები არიან, რომელთა რაოდენობა 43%-ია. მუსლიმები მოსახლეობის 33%-ს შეადგენენ, ხოლო დანარჩენები ტრადიციული ანიმისტური რელიგიების მიმდევრები, კათოლიკეები და პროტესტანტები არიან. ამავდროულად, ეთიოპია ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა აფრიკის კონტინენტზე. 87-მილიონიანი სახელმწიფო, Freedom House-ის მონაცემებით, არათავისუფალ ქვეყანათა რიცხვს განეკუთვნება, სადაც არაა თავისუფალი არც პრესა, არც ინტერნეტი.

ქვეყნის მოსახლეობის 51%-ზე მეტი 15-დან 64 წლამდეა. უმუშევრობის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ადამიანური რესურსების რაოდენობაზე დიდ გავლენას ახდენს შიდსი და სხვადასხვა ინფექციური დაავადებები. ურბანიზაციის დონე მხოლოდ 17%-ია. საკმაოდ დაბალია წერა-კითხვის მაჩვენებელიც და ის 42%-ს აღწევს.

ეთიოპიის ეკონომიკა დიდწილად სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული, რაც მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 45%-ს შეადგენს. ზენავის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, ამ სექტორში ლიდერის როლი მმართველ პარტიასთან დაახლოებულმა კომპანიებმა შეითავსეს.

რაც შეეხება მის მემკვიდრეებს, ეთიოპიის პრემიერის პოსტი ამჟამად ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა მოადგილემ, ჰალიემარიამმა დაიკავა, რომელსაც სამთავრობო პირების განცხადებით, მმართველი პარტიის (ეთიოპიის სახალხო რევოლუციურ-დემოკრატიული ფრონტი) მთლიანი მხარდაჭერა აქვს.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით კი, ჰალიემარიამის ხელისუფლება დროებითი და მყიფეა, რაც ეთიოპიის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. მათ მიაჩნიათ, რომ ახალი პრემიერი მხოლოდ 2015 წლის არჩევნებამდე შეასრულებს ქვეყნის დროებითი მეთაურის როლს.

მედიაში ასევე ფართოდ მიმდინარეობს სპეკულაციები იმაზეც, რომ შეიძლება მმართველი პარტიის ელიტასა და ახალ პრემიერს შორის ურთიერთობები დაიძაბოს და არჩევნებამდე მთავრობის მეთაურის ცვლილებაც ვიხილოთ. ეს შესაძლოა იყოს ზენავის მეუღლე, აზებ მესფინი, რომელიც არცთუ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ან ყოფილი ელჩი ევროპასა და ამერიკაში ბეჰრან გებრე კრისტოსი.

თუმცა, ვინც უნდა იყოს ქვეყნის ახალი მეთაური, იგი აუცილებლად შეეცდება წინამორბედის კურსის გაგრძელებას, რაც იმ იდეოლოგიური ძრავის გარეშე, რომელსაც თავად მელეს ზენავი წარმოადგენდა, ადვილი არაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები