ჰოლანდია

ჰოლანდია საარჩევნო გზაჯვარედინზე

გეერტ ვილდერი
ხეერტ ვილდერსი

ნიდერლანდების სამეფო პოლიტიკურ გზაჯვარედინზე დგას – საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, მომავალ პარლამენტში მემარჯვენე მთავრობა შეიძლება რადიკალურმა მემარცხენე სოციალისტურმა პარტიამ ჩაანაცვლოს. ჰოლანდიის უკანასკნელი მთავრობა ფორმირებულია თავისუფლების და დემოკრატიის სახალხო პარტიის და ქრისტიან-დემოკრატების მიერ.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ამომრჩეველთა ყურადღება სოციალისტურმა პარტიამ (SP) მიიქცია. მას სათავეში უდგას დაწყებითი სკოლის ყოფილი მასწავლებელი, ემილ რომერი. გამოკითხვების მიხედვით, SP-მ შესაძლოა 150-დან 38 ადგილი მოიპოვოს. ხმების რაოდენობით სოციალისტურ პარტიას თავისუფლების და დემოკრატიის სახალხო პარტია მოსდევს.

სოციალისტური პარტია გამოირჩევა ევროსკეპტიციზმით და მოსახლეობას კეთილდღეობის ჰოლანდიური მოდელის შენარჩუნებას ჰპირდება. 90-იანი წლების ცვლილებებამდე SP მაოიზმის იდეებს იზიარებდა. მოგვიანებით პარტიამ მოდერნიზაცია განიცადა და მარქსისტ-ლენინისტური იდეოლოგია შერბილებული ფორმებით ჩაანაცვლა. 2010 წელს SP-მ პარლამენტში 15 ადგილი მოიპოვა. პარტიას 40-წლიანი ისტორიის მანძილზე შეიძლება პირველად მიეცეს კაბინეტის ფორმირების შანსი.

რომერს მეტოქეობას უწევენ თავისუფლების და დემოკრატიის სახალხო პარტია (VVD) და ქრისტიან-დემოკრატები (CDA). ორივე მათგანი ეკონომიკურად ლიბერალურია. მათი კოალიცია ჰოლანდიას 2012 წლის ოქტომბრიდან მართავს, თუმცა მოსახლეობაში პოპულარობამ ევროზონის გადასარჩენი გეგმის არაპოპულარობის გამო დაიკლო. ეს გეგმა ნიდერლანდების სამეფოს აქტიური თანამონაწილეობით იყო შემუშავებული.

აგრესიულ პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებს რადიკალური მემარჯვენე პარტია თავისუფლებისთვის (PVV) ხეერტ ვილდერსის ხელმძღვანელობით. პარტია მხარს უჭერს იმიგრანტთა ასიმილაციის იდეას, ევროკავშირისადმი

ემილ რომერი

უნდობლობითაა განწყობილი და ეწინააღმდეგება მის მომავალ გაფართოებას. ამ წლის აპრილში საბიუჯეტო მოლაპარაკებებზე შეუთანხმებლობის შედეგად, ვილდერმა პრემიერის, მარკ რუტეს მთავრობისთვის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. ამან რუტეს მთავრობის დაშლა გამოიწვია, რამაც ვილდერს მომხრეთა დიდი ნაწილი დააკარგვინა.

12 სექტემბრის არჩევნები გავლენას იქონიებს ნიდერლანდების სამეფოს საგარეო პოლიტიკურ დისკურსზეც. სოციალისტური პარტია, ვილდერის პარტიის მსგავსად, ითვალისწინებს რა პოპულისტურ ტენდენციებს, ევროკავშირის მიმართ კრიტიკულია. რომერს არც ანგელა მერკელის მიერ შეთავაზებული ფისკალური გეგმა ხიბლავს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჰოლანდიას ევროკავშირიდან გამოსვლისკენ არ მოუწოდებს, მისი აზრით, ევროკავშირის ბიუჯეტი ორჯერ უნდა შემცირდეს. რომერის პოზიცია ეხმიანება უკანასკნელ კვლევებს, რომლის მიხედვითაც 2010 წლის შემდეგ ჰოლანდიელთა შორის ევროკავშირის წევრობის მომხრეთა რაოდენობამ 76 პროცენტიდან 58 პროცენტამდე დაიწია. ერთ-ერთი გამოსვლისას რომერმა განაცხადა: „გადავიხადო სასაცილო ჯარიმები, თუ საბიუჯეტო დეფიციტი 3 პროცენტს ცდება? მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ”.

SP-ის წარმატება ბრიუსელსაც უნდა აღელვებდეს. სოციალისტური პარტიის მთავრობის ფორმირებამ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ხელმოწერილი დანახარჯების შემცირების და ევროკომისიასთან მიღწეული მკაცრი საბიუჯეტო შეზღუდვების შეთანხმება. იმის გათვალისწინებით, რომ ჰოლანდია სამხრეთის ქვეყნების სამაშველო მისიის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია, მომავალ არჩევნებს ევროკავშირისთვის კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ჰოლანდიური პოლიტიკური სისტემის ფარგლებში სოციალისტურ პარტიას მთავრობის შესაქმნელად კოალიციის შექმნა დასჭირდება. პოტენციურ პარტნიორად მემარცხენე ლეიბორისტული პარტია განიხილება, თუმცა SP-ის ამ უკანასკნელის მხარდაჭერის შემთხვევაშიც გაუჭირდება უმრავლესობის მოპოვება. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, რომერს თავისი პოლიტიკური პროგრამის ცენტრისაკენ გადახრა მოუწიოს.

 

კომენტარები