სასამართლო

Apple VS Samsung

პატენტების ომი

გასულ კვირას საუკუნის დავად წოდებული სასამართლო პროცესი სამსუნგსა და ეფლს შორის ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. მოსამართლემ სამსუნგი შვიდიდან ექვსი პატენტის დარღვევაში ცნო დამნაშავედ და 1.05 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა. განაჩენის კვალდაკვალ Apple-მა ახალი დავა წამოიწყო. ამჯერად კომპანია Samsung-ს ბაზრიდან იმ რვა მოდელის გამოხმობას სთხოვს, რომლებიც პატენტებს არღვევენ.

ამიერიდან ბაზარზე ვეღარ შევხვდებით iPhone-ის მსგავს ტელეფონებს. ეს ეხება როგორც გარეგნულ მხარეს, ისე სამომხმარებლო ინტერფეისს, ასევე ვეღარ შევხვდებით iPhone-ის მსგავს ე.წ. Gesture-ებს (მაგალითად, გამოსახულების გაზრდა ეკრანზე თითის ორჯერ დაკაკუნებით).

ვერდიქტის შესახებ ანალიტიკოსების აზრი ორად გაიყო. ნაწილმა ეფლის გამარჯვება სამსუნგის და ზოგადად Android-ის ეკოსისტემის აპოკალიფსად გამოაცხადა, ნაწილმა კი, იმის გათვალისწინებით, რომ 1.05-მილიარდიანი კომპენსაცია დიდად არც ეფლის ფინანსურ მდგომარეობას აუმჯობესებს და არც სამსუნგს აკოტრებს, ვერდიქტი ბაზრისთვის დადებით მოვლენად მონათლა.

ამიერიდან სმარტფონების მწარმოებელ კომპანიებს კარგად მოუწევთ დაფიქრება, სანამ Apple-ის ინოვაციურ-რევოლუციურ გამოგონებას საკუთარ პროდუქტებში გამოიყენებენ. კოპირებიდან ინოვატორობაზე გადასვლა მათ დიდ დროს წაართმევს, რაც Apple-ს ბაზარზე პრაქტიკულად მარტო ტოვებს. იმის გათვალისწინებით, რომ სექტემბერში iPhone 5 გამოდის, ცხადი ხდება, რომ კომპანიის გაყიდვები კიდევ უფრო გაიზრდება. სხვათა შორის, ახალი iPhone კომპანიისთვის შეიძლება ტროას ცხენი აღმოჩნდეს. 2011 წელს გამოსული iPhone 4s მომხმარებლებმა გულგრილად მიიღეს. მიმომხილველებმა ტრადიციული რევოლუციურის ნაცვლად, iPhone 4S მხოლოდ ევოლუციურ მოვლენად შეაფასეს და მთელი ყურადღება მეხუთე ირეტაციაზე გადაიტანეს. საბოლოოდ 4S დიდ იმედგაცრუებად იქცა.

ხმოვანმა ასისტენტმა Siri-მ და ძლიერმა ჩიფსეტმა „წარუშლელი შთაბეჭდილება” ვერ მოახდინეს. Apple იძულებულია აიფონის მეხუთე ირეტაციით რევოლუციონერის სტატუსი დაიბრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საშიშროების წინაშე დგება, რომ ნეიტრალური მომხმარებელი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია არა ბრენდი, არამედ ფასის და პროდუქტის შესაბამისობა, მას სამუდამოდ ზურგს შეაქცევს. ამის მაგალითი უკვე არსებობს BlackBerry-ის სახით. რამდენიმე წლის წინ Apple-ის უშუალო კონკურენტი დღეს არსებობისთვის იბრძვის. BlackBerry-ის კატასტროფის მიზეზი მოძველებული ტექნოლოგიების ახალ მოდელებში უცვლელად გადმოტანა გახდა.

თუ Apple მომხმარებელს კიდევ ერთხელ გაუცრუებს იმედს, ბაზარზე გზა ეხსნება Google-ს, ოპერაციული სისტემით – Android. მის შესაჩერებლად Apple-ს ერთადერთი გზა რჩება – ახალი სასამართლო დავა Google-ის წინააღმდეგ.

ზოგადად, საძიებო გიგანტი იდეების დაპატენტების წინააღმდეგია. ოდესღაც Google და Apple ერთად იბრძოდნენ Microsoft-ის წინააღმდეგ, რომელიც პატენტების ვრცელი პორტფელით კომპიუტერების ბაზარზე მონოპოლისტობას ინარჩუნებდა.

Google-მა ვერდიქტის გამოტანის შემდეგ თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მობილური ინდუსტრია სწრაფად ვითარდება და ყველა მოთამაშე, მათ შორის ახალბედებიც, იყენებენ იდეებს, რომლებიც ათწლეულია ყველასთვის ცნობილია. მან ასევე დასძინა, რომ Android-ის საწყისი კოდი (core Android) არცერთ პატენტს არ არღვევს.

 

კომენტარები