კვლევა

ყველაზე კარგი და ცუდი სამუშაო

ვებგვერდმა CareerCast.com კარგი და ცუდი სამსახურების ყოველწლიური რეიტინგი შეადგინა. ამ სტატიის ავტორს არ გაუმართლა – გაზეთის რეპორტიორობა, გამოკითხული 200 პროფესიონალის მიხედვით, ყველაზე ცუდი სამუშაოების ხუთეულში შევიდა. სამაგიეროდ, თუ პროგრამირებაში კარგად ერკვევით ან ტექნიკური საგნები გეხერხებათ, ჩათვალეთ, რომ თავი ქუდში გაქვთ.

რის მიხედვით შეიძლება გადავწყვიტოთ, სამუშაო კარგია თუ ცუდი? ამერიკისგან განსხვავებით, საქართველოში, სადაც სტატისტიკური ანალიზის კეთება არ უყვართ და ციფრებს გაურბიან, ამ კითხვაზე პასუხი სუბიექტურია.

მხოლოდ საკუთარი დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰუმანიტარული მეცნიერებები უფრო პოპულარულია, ვიდრე ზუსტი – რადგან უნივერსიტეტებში ამ მიმართულებებზე, როგორც წესი, უფრო მაღალი კონკურსია ხოლმე. ან პროფესიულ სასწავლებლებში ნაკლები ადამიანი აბარებს, ვიდრე უმაღლესში – რადგან ოჯახში დიპლომიანი ადამიანი აუცილებელია.

ეს დაკვირვებები სტერეოტიპებია თუ რეალობა, ამის გარკვევა რთულია, რადგან ტენდენციებზე, დინამიკაზე მსჯელობა გვიჭირს – ყველაზე კარგი და ცუდი სამსახურების რეიტინგებს საქართველოში არავინ ადგენს.

ამერიკაში ასეთ კვლევებს დიდ ყურადღებას უთმობენ. უახლესი ასეთი რეიტინგის მიხედვით, რომელიც CareerCast.com-მა შეადგინა, ცუდ სამუშაოდ ითვლება ის, რომელიც მაღალ სტრესთან არის დაკავშირებული ან დიდ ფიზიკურ ძალას მოითხოვს. ასეთ დროს, როგორც წესი, სამუშაო პირობები რთულია და ხშირად, არც ანაზღაურებაა მაღალი. ამის საპირისპიროდ, საუკეთესო სამუშაოების ჩამონათვალში ძირითადად ისეთი საქმე შედის, რომლის შესასრულებლადაც ფიზიკური დატვირთვა არ არის საჭირო – ადამიანს გონების დაძაბვა უხდება. ასეთი სამუშაო რომ მიიღოს, სამსახურის მაძიებელს, როგორც წესი, დიპლომი და შესაბამისი კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს. როგორც კვლევა აჩვენებს, ასეთ სამსახურებში ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე იქ, სადაც მხოლოდ ფიზიკურ გამძლეობას ითხოვენ.

კარგი და ცუდი სამუშაოების რეიტინგი უფრო ხანგრძლივი ტენდენციების გამოვლენის შესაძლებლობასაც იძლევა. რეიტინგი იცვლება საზოგადოების სტრუქტურის ცვლილების – მაგალითად, ასაკოვანი ხალხის მზარდი რაოდენობის მიხედვით – ან ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო.

ახალი რეიტინგი გლობალური ფინანსური კრიზისის გავლენას კარგად ასახავს. ყველაზე ცუდი სამუშაოების ჩამონათვალში ძირითადად ის საქმიანობები მოხვდა, სადაც უმუშევრობის ყველაზე მაღალი ხარისხია და აპლიკანტის კონკურენტუნარიანობას ძირითადად ის განსაზღვრავს, თუ რამდენად მზადაა, საკუთარი ჯანმრთელობა სასწორზე დადოს და სამუშაოს გამო რისკზე წავიდეს.

2012 წლის რეიტინგში ყველაზე არასასურველ საქმედ ტყისმჭრელობა ითვლება. ამის მთავარი მიზეზი მძიმე ფიზიკური დატვირთვა და სხეულის დაზიანების მაღალი რისკია. ამ სფეროში დასაქმებული ადამიანის ყოველწლიური შემოსავალი საშუალოდ 32 ათასი აშშ დოლარია – ყველაზე დაბალი, არასასურველი სამუშაოების მთელ ჩამონათვალში.

ყველაზე არასასურველი სამუშაოების ხუთეულში ასევე შედის მეძროხეობა, სამხედრო სამსახური, გაზეთის რეპორტიორობა და გემზე მუშად მუშაობა. ეს უკანასკნელი 2011 წელს არასასურველი საქმიანობების ჩამონათვალში პირველ ადგილზე გავიდა. ის დასაქმებულისგან მძიმე ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს და მისი ძირითადი მოვალეობა ნავთობსადენების შეკეთებაა, როგორც ნაპირზე, ისე ნაპირისგან მოშორებით. საქმე დამღლელი და რუტინულია, ამასთან, საკმაოდ სახიფათოც.

ყველაზე არასასურველი სამუშაოების ხუთეულში შესულ დარგებში დასაქმებულების საშუალო წლიური ხელფასი 30 ათას აშშ დოლარს არ აღემატება. ამასთან, ამ პროფესიებით დასაქმებისთვის ხშირ შემთხვევაში სკოლის ატესტატიც კი არ არის საჭირო.

მაღალანაზღაურებად, ყველაზე სასურველად შეფასებულ საქმეს ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის დიპლომი სჭირდება. თუ ადამიანს სურს საუკეთესოდ აღიარებული სამსახური ჰქონდეს, უმეტეს შემთხვევაში, კარგად უნდა ერკვეოდეს მეცნიერების, მათემატიკის ან ტექნოლოგიების საკითხებში. ასეთი ტიპის სამსახურები ნაკლებად სტრესულია

და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

CareerCast.com-ის ყველაზე სასურველი სამუშაოების რეიტინგში პირველ ადგილზე პროგრამისტის პროფესია მოხვდა. ამის მიზეზი ინტერნეტსაუკუნეა, რომელშიც სხვადასხვა დანიშნულების მქონე საიტების თუ სოციალური ქსელების მართვა და ამ სფეროში ინოვაციების დანერგვა წარმოუდგენლად საჭირო და პოპულარულია.

პროგრამისტის საქმე კომფორტული და საკმაოდ მაღალანაზღაურებადია: ამ სფეროში დასაქმებული ადამიანი ყოველწლიურად სუფთა შემოსავლის სახით საშუალოდ 88 ათას აშშ დოლარზე მეტს იღებს.

ინტერნეტსფეროში დასაქმება ამერიკაში ყველაზე მსხვილ სამუშაო ინდუსტრიად ითვლება: ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა Google, Facebook, Twitter და სხვა, თანამშრომლები მსოფლიოს ყველა წერტილში სჭირდებათ – შესაბამისად, ასეთი დასაქმების არეალი ულიმიტოა. აღსანიშნავია, რომ 2011 წელსაც ამერიკელებისთვის ყველაზე სასურველი საქმიანობა ინტერნეტთან და კომპიუტერთან იყო დაკავშირებული – ონლაინდასაქმება, რაც დაქირავებულისგან მხოლოდ კომპიუტერის და ინტერნეტის ცოდნას მოითხოვს: დაქირავებულმა დიდი კორპორაციების სიახლეების შესახებ ინფორმაცია ონლაინ უნდა გაავრცელოს.

CareerCast.com-ის 2012 წლის რეიტინგის მიხედვით, საუკეთესო სამუშაოების ხუთეულში მოხვდა კვლევა, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, სტომატოლოგია და ფინანსური მრჩეველი. ამ დარგებში დასაქმებულების ყოველწლიური საშუალო ხელფასი 80 ათას აშშ დოლარს აჭარბებს.

ვებგვერდი CareerCast.com კარიერული გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს. ტენდენციების წარმოსაჩენად, სპეციალურ კითხვარს 200-ზე მეტი პროფესიონალი ავსებს. შედეგები 5 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით მუშავდება: ხელფასი, პერსპექტივა, სამუშაო გარემო, სტრესი და ფიზიკური დატვირთვის მოთხოვნა. ზუსტი ინტერპრეტაციისთვის კვლევა ასევე აანალიზებს აშშ-ის შრომითი სტატისტიკის ბიუროს, აღწერის ბიუროს, სავაჭრო ასოციაციების კვლევებისა და სხვა სანდო წყაროების მონაცემებს. 2012 წლის კარგი და ცუდი სამუშაოების კვლევა ამ ვებგვერდის ისტორიაში მეთექვსმეტეა.

 

კომენტარები