ეგვიპტე

მორსი და მისი ძმები

0 კომენტარი

მუჰამედ მორსი
ახალარჩეული პრეზიდენტის, მუჰამედ მორსის გაბედულმა ქმედებებმა ეგვიპტეში პოლიტიკური ლანდშაფტი შეცვალა. წამყვანი სამხედრო პირების გათავისუფლებამ მედია „მსუბუქ გადატრიალებაზე” აალაპარაკა. ყველასთვის მოულოდნელად, მორსის ხელში უპრეცედენტო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ძალაუფლება აღმოჩნდა. ამასთანავე, ისლამისტი პრეზიდენტი სასამართლოს და მედიის თავისუფლებას უტევს. ეგვიპტეში პოლიტიკურ მხარეებს შორის ძალთა ბალანსი მუსლიმური საძმოს სასარგებლოდ შესამჩნევად გადაიხარა.

12 აგვისტოს პრეზიდენტ მორსის ბრძანებით თანამდებობის დატოვება მოუწიათ ეგვიპტის თავდაცვის მინისტრსა და ქვეყნის დე ფაქტო მმართველ ფელდმარშალ მუჰამედ ჰუსაინ ტანტავის და გენერალური შტაბის უფროსს სამი ანანს. მათ სიმბოლურად გადაეცათ ეგვიპტის უმაღლესი ორდენი და პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა. მორსიმ აგრეთვე გააუქმა მის არჩევამდე სამხედროების მიერ მიღებული საკონსტიტუციო დეკლარაცია, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავდა და შეიარაღებული ძალების უზენაესი საბჭოს (SCAF) საკანონმდებლო უფლებებს ზრდიდა. ამიერიდან, ქვეყნის გარდამავალ პერიოდს ახალი პარლამენტის მოწვევამდე და კონსტიტუციის მიღებამდე მორსი უხელმძღვანელებს. ის ჩაუდგება სათავეში მარშალ ტანტავის ნაცვლად SCAF-ს და მასვე ენიჭება საკონსტიტუციო ასამბლეის დანიშვნის უფლებაც.

„მსუბუქ გადატრიალებას” გარკვეულმა გარემოებებმა შეუწყო ხელი. 5 აგვისტოს 35-მა ექსტრემისტმა ცეცხლი გახსნა ჩრდილოეთ სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე ეგვიპტურ სასაზღვრო პუნქტთან, რასაც 16 ჯარისკაცი ემსხვერპლა. თავდასხმა დილით მოეწყო, როდესაც ეგვიპტელი ჯარისკაცები რამადანის მარხვის დასრულებისთვის ემზადებოდნენ. ცენტრისგან მიტოვებული სინაის ნახევარკუნძულის უდაბნოს ტერიტორია უკანასკნელ ხანებში ჯიჰადისტების თავშესაფარი გახდა, ხოლო იქაური მკვიდრი ბედუინი მოსახლეობა ეგვიპტის მოქალაქედ თავს არც მიიჩნევს.

ისრაელის დაზვერვის ოფიციალური პირების თქმით, მათ წინასწარ იცოდნენ იერიშის შესაძლებლობის შესახებ და ამაზე

გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-სისი
ინფორმაცია ეგვიპტელ კოლეგებს მიაწოდეს. ეგვიპტის დაზვერვის უფროსის მიერ ამ ფაქტის დადასტურებამ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია და უსაფრთხოების სექტორის კომპეტენცია საეჭვო გახადა. პრეზიდენტმა მორსიმ დაუყოვნებლივ დაითხოვა ჩრდილოეთ სინაის გუბერნატორი და დაზვერვის უფროსი. ამასთან, მან სინაის ნახევარკუნძულზე უკანასკნელი 40 წლის მანძილზე პირველი საჰაერო შეტევების დაწყების განკარგულება გასცა. სინაის ინციდენტით ეგვიპტელი გენერლების პოზიციების შერყევამ მორსისთვის საპრეზიდენტო ძალაუფლების დასაბრუნებლად ხელსაყრელი მომენტი შექმნა.

პრეზიდენტმა მორსიმ აგრეთვე კარგად ისარგებლა გენერალიტეტის შიგნით ორი თაობის წარმომადგენლებს შორის არსებული დაპირისპირებით. 76 წლის მარშალ ტანტავის ადგილზე მან დანიშნა 57 წლის გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-სისი, რომელიც, მიმომხილველთა აზრით, მორსის მიმართ უფრო მეტად ერთგული იქნება. პენტაგონი ამ ცვლილებას დადებითად გამოეხმაურა. თავდაცვის მდივნის, ლეონ პანეტას თქმით, ალ-სისის დიდი დრო აქვს გატარებული აშშ-ში და მას ორი ქვეყნის ურთიერთობაში ურყევი ვალდებულება აქვს.

ეგვიპტის სამხედრო ელიტაში ცვლილების შემდეგ დასავლურ მედიაში გავრცელდა გენერალური შტაბის ახალდანიშნული უფროსის, გენერალ სადკი საბჰის ნაშრომი, რომელიც მან 2005 წელს აშშ-ში, პენსილვანიის შტატში სწავლისას დაწერა. 10,000-ზე მეტსიტყვიანი თეზისის დასკვნაში იგი წერს, რომ „აშშ-ის რეგიონული სტრატეგია უნდა იყოს ახლო აღმოსავლეთიდან და სპარსეთის ყურიდან სამხედრო ძალების სამუდამო გაყვანა”. მისი აზრით, რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფნა და ისრაელის მიმართ „ცალმხრივი” მხარდაჭერა ამერიკის მიმართ ზიზღს აღვივებს და ექსტრემისტების სასარგებლოდ მოქმედებს. მეცნიერთა შეფასებით, ნაშრომი უაღრესად მნიშვნელოვანია იმით, რომ ის გადაწყვეტილების მიმღები პირების, ახალი პრეზიდენტის და მოსახლეობის დიდი ნაწილის შეხედულებებს ასახავს.

ფელდმარშალი მუჰამედ ჰუსაინ ტანტავი
ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, მორსის მიერ ტრადიციული მოკავშირის, აშშ-ის უპირობო მხარდაჭერა სათუოა. აგვისტოს ბოლოს მას თეირანში აქვს დაგეგმილი ვიზიტი, სადაც მიუმხრობლობის მოძრაობის ლიდერების შეხვედრას დაესწრება – 1979 წლის ირანის რევოლუციის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იქნება ეგვიპტის პრეზიდენტისთვის, რამაც შეიძლება ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ისტორიული ცვლილება გამოიწვიოს. ამის გარდა, მორსი მხარს უჭერს სირიის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად საკონტაქტო ჯგუფის შექმნას, რომელშიც ირანიც იქნება წარმოდგენილი. მისი ამგვარი პოზიცია აშშ-ის და სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის. სავარაუდოდ, მუჰამედ მორსი წინამორბედ პრეზიდენტებთან შედარებით უფრო დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებას შეეცდება.

ქვეყნის შიგნით მედიის თავისუფლების შეზღუდვისთვის მორსი და მისი მთავრობა საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა. სახელმწიფომ კერძო საკუთრებაში მყოფი გაზეთის იმ ნომრის კონფისკაცია მოახდინა, რომელიც პირველ გვერდზე, მოწინავე წერილში, მუსლიმური საძმოს მოძლიერების შემთხვევაში ეგვიპტეს „მკვლელობისა და სისხლისღვრის” პერსპექტივას უხატავდა. მანამდე ულტრაკონსერვატორი სატელევიზიო კომენტატორი საძმოს და მორსის წინააღმდეგ ძალადობის მოწოდებით გამოვიდა, რისთვისაც მკვლელობისკენ მოწოდების ბრალდება წაეყენა.

პრეზიდენტი მორსი და მუსლიმური საძმო ცდილობენ, რომ გავლენა შეუმცირონ ქვეყნის სასამართლო სისტემასაც, რომლის პირველი პირები სამხედროების ტრადიციულ მოკავშირეებად ითვლებოდნენ. იუსტიციის ახალი მინისტრის, აჰმედ მეკის თქმით, მუბარაქის ხანის სასამართლოების დასუფთავება რევოლუციის ახალი ეტაპია. საძმოს მიერ სასამართლოს რეფორმირებას მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და ქვეყნის პირველი პოსტრევოლუციური კონსტიტუციის შედგენა დამატებით მნიშვნელობას ჰმატებს. კრიტიკოსები შიშობენ, რომ ისლამისტები ძალაუფლების უფრო მეტ მონოპოლიზაციას მოახდენენ, ვიდრე თვით მუბარაქის დროს იყო.

კონსტიტუციის მიღებასთან ერთად, მორსის დიდი გამოცდა ქვეყნის ეკონომიკაა. არნახულად დაცემული უცხოური ინვესტიციები და უზარმაზარი სახელმწიფო სექტორი ვითარებას მკვეთრად ამძიმებს. გამოცემა The Economist-ის სიტყვებით, ტურისტები ისეთი იშვიათობა გახდა, რომ ზოგიერთი მეგზური პირამიდებთან აქლემებს ყიდის, მყიდველები კი ძირითადად ყასბები არიან.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები