ინდონეზია

ინდონეზია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

0 კომენტარი

პრაბოვო სუბიანტო
ინდონეზიის საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლისთვის არის დაგეგმილი, თუმცა მედიაში უკვე ფართოდ გაიშალა დისკუსია პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატზე – ქარიზმატული პრაბოვო სუბიანტო, ყოფილი გენერალი და ექსპრეზიდენტ სუჰარტოს სიძეა. ის ამავდროულად დიდი ინდონეზიის მოძრაობის პარტიის (Gerindra) დამფუძნებელიცაა. როგორც Wall Street Journal-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ 1998 წელს, სუჰარტოს 32-წლიანი მმართველობის დასრულებასთან ერთად, სუბიანტო, როგორც ინდონეზიის სპეციალური რაზმების მეთაური, მთელი რიგი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებში დამნაშავედ ცნეს და სამხედრო სამსახურიდანაც დაითხოვეს, დღეს სწორედ მისი წარსული გამოცდილებაა მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერის მთავარი მიზეზი.

ანალიტიკოსთა აზრით, კორუფციით, უვადოდ გადადებული ინფრასტრუქტურული პროექტებითა და არაეფექტური პოლიტიკით დაღლილი ინდონეზიის მოსახლეობა მმართველის მკაცრ ხელზე ამყარებს იმედს. ასეთად კი ინდონეზიელებს სწორედ ყოფილი გენერალი ესახებათ, რომელიც გაჭიანურებული ინფრასტურქტურული პროექტების

სუჰარტო
მიმართ სამხედრო სტილში ეფექტურად მიდგომის პირობას დებს.

პრაბოვო ასევე შედარებით სეკულარულ პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნევა და მისი შესაძლო გაპრეზიდენტება, ინდონეზიაში ბოლო დროს რადიკალური ისლამისტების მომძლავრების დაბალანსებას მოასწავებს.

რაც შეეხება პრაბოვოს შესაძლო კონკურენტებს – ამჟამინდელ პრეზიდენტს, იუდჰოინოს, კანონმდებლობა ხელახლა კენჭისყრის უფლებას არ აძლევს, ხოლო მმართველი დემოკრატიული პარტია ჯერ საკუთარ კანდიდატურას არ ასახელებს. წინა ორ არჩევნებში დამარცხებულ მეგავატი სუკარნოპუტრს კი ინდონეზიის დემოკრატიული პარტია – ბრძოლის (PDI-P) ელიტა ახალგაზრდების სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურის დათმობას სთხოვს.

თუმცა ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის ახალი მეთაური, ინდონეზიაში მოსაგვარებელი პრობლემების სია საკმაოდ ვრცელია. სუჰარტოს რეჟიმის დასრულებას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში შედარებით სტაბილურობა კი მოჰყვა, მაგრამ კორუფციის დონე ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. სულ უფრო და უფრო ფართოვდება უფსკრული მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის. ინდონეზიის ზოგიერთი ნაწილი კი რელიგიურ დაპირისპირებებში აღმოჩნდა ჩართული.

მართალია, 1998 წელთან შედარებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ინდონეზიის მოსახლეობის რაოდენობა 20%-დან 13%-მდე შემცირდა, Freedom House-ის მიხედვით, 240-მილიონიანი არქიპელაგი სახელმწიფო ჯერ კიდევ ნახევრად თავისუფალ ქვეყანათა რიცხვს განეკუთნება. ნახევრად თავისუფალია მედიაც, თუმცა შედარებით მაღალია მოსახლეობაში წერა-კითხვის ცოდნის მაჩვენებელი და ის 92%-ს უდრის. 1998 წელთან შედარებით გაიზარდა ურბანიზაციის მაჩვენებელიც და ის 35%-დან 48%-მდე ავიდა. ინდონეზიის მოსახლეობის 66% 15-დან 64 წლამდე ასაკისაა, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი 7%-ს აღწევს.

როგორც პრაბოვომ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: „ადამიანები იმედგაცრუებულნი და ილუზიადაკარგულნი ხდებიან. იკარგება ინსტიტუტებისა და ხელმძღვანელობის მიმართ რწმენა, ეს კი ძალიან სახიფათოა”.

მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, 1998 წელს 32-წლიანი რეჟიმის დასრულებასთან ერთად, პროგრესის ნიშნებიც აშკარაა. უმრავლესობაში მყოფი მუსლიმებით დასახლებული ეს არქიპელაგი სახელმწიფო სხვა ისლამური ქვეყნებისთვის დიქტატურიდან დემოკრატიაზე გადასვლის ძალიან კარგი მაგალითია. არაერთ დასავლელ ლიდერს აღუნიშნავს ეს, მათ შორის ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს: „თუ გსურთ გაიგოთ, შეუძლიათ თუ არა თანაარსებობა ისლამს, დემოკრატიას, მოდერნიზაციას და ქალთა უფლებებს, ეწვიეთ ინდონეზიას”. თუმცა ბოლო დროს მომძლავრებული რადიკალი ისლამისტური ძალები და ღვთისგმობის ბრალდებით ათეისტებისა თუ სხვადასხვა სექტების წევრთა დასჯის პრეცედენტების ზრდა ინდონეზიის დემოკრატიის სიმყარეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო დროს სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე განვითარებული დაძაბულობის ფონზე, ინდონეზია, რომელიც ASEAN-ის წევრებს შორის უდავო ლიდერია, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები