საპარლამენტო არჩევნები

პარტიებით გადაღლა

0 კომენტარი

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოში უპრეცედენტო პარტიული აქტივობა შეინიშნება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 21 საარჩევნო სუბიექტი.

პარტიების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხზე. წინასაარჩევნო პროცესში სამოქალაქო აქტივობის უზრუნველსაყოფად საქართველოში საკანონმდებლო იძულებას მიმართეს და ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს სატელევიზიო ეთერი დაუთმეს.

პოლიტიკურ პროცესებში მსგავსი ხელოვნური ჩარევა ხშირად უკუშედეგს იწვევს. ამომრჩეველს უჭირს წინასაარჩევნოდ სპონტანურად ფორმირებული გაერთიანებების პროგრამების საფუძვლიანად გაცნობა და გააზრებული არჩევანის გაკეთება.

ქართული პოლიტიკური ჯგუფების წევრთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის 2008 წლის მონაცემებით, ყველა პარტიის წევრთა ჯამი მოსახლეობის 1%-ს არ აღემატება.

მსგავსი დინამიკა შეინიშნება დასავლეთ ევროპაშიც. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალურად 300-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული, თუმცა ყველა მათგანის წევრთა საერთო რიცხვს წელს ტურისტული პლატფორმის, ქარავან-კლუბის წევრების რაოდენობამ გადააჭარბა.

მკვლევრები დასავლეთში პოლიტიკური პარტიების დაისს წინასწარმეტყველებენ. ევროპელების პარტიული აქტივობა უკვე 30 წელია სტაბილურად იკლებს, თუმცა 1998 წლიდან მოყოლებული, ბრიტანულმა პარტიებმა წევრების რეკორდული რაოდენობა, 36% დაკარგეს. საშუალოდ 25%-იანი დანაკლისი განიცადეს გერმანულმა, შვედურმა და ნორვეგიულმა პარტიებმაც.

საგულისხმოა, რომ ეს ყველაფერი პარტიის წევრობის საფასურის მნიშვნელოვანი კლების ფონზე ხდება. დასავლეთ ევროპაში ტრადიციული პოლიტიკური პარტიების საწევრო გადასახადი 20-30 ევროს შეადგენს. შედარებით ახალი პოლიტიკური ჯგუფების საწევრო კიდევ უფრო ნაკლებია. ამერიკულ Tea-party-ში გაწევრიანება კი სრულიად უფასოდ, ვებგვერდზე დარეგისტრირებით შეიძლება.

მიუხედავად ამისა, პარტიული კუთვნილება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საგრძნობლად შემცირდა. თანამედროვე პოლიტიკური პარტიების სამშობლოში შარშან უპარტიო ამომრჩევლის რიცხვმა რეკორდულ 40%-ს მიაღწია, წინასაარჩევნოდ კი „დამოუკიდებელთა” რაოდენობა კიდევ უფრო, 44%-მდე გაიზარდა.

ლეიდენის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი ინგრიდ ვან ბიზენის მეთაურობით შეეცადა აეხსნა, თუ რამ გამოიწვია პარტიების პოპულარობის კლება. უკანასკნელ კვლევაში „მიდიან, მიდიან. წავიდნენ?” მეცნიერები რამდენიმე მთავარ მიზეზს ასახელებენ.

პირველ რიგში, გამოყოფენ ბოლო დროის ორ მნიშვნელოვან ტენდენციას: გლობალიზაციასა და ინდივიდუალიზმს. მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარ სჯერა, რომ პოლიტიკოსებს მათ წინაშე მდგარი გლობალური პრობლემების გადაჭრა შეუძლიათ.

თვალშისაცემია ახალი მედიის ეფექტიც. პოლიტიკური მოსაზრებების დაფიქსირება ინტერნეტმა იმდენად გააადვილა, რომ პარტიული შეხვედრები მოძველებულ და მოსაწყენ თავყრილობებს დაემსგავსა.

ამერიკელი მკვლევრები ახალი ტიპის ამომრჩეველზე მიუთითებენ. 21-ე საუკუნის უპარტიოები სპეციფიკური პოლიტიკური აქტივობით გამოირჩევიან: ნაწილი არ კმაყოფილდება პარტიების მიერ შეთავაზებული პროგრამებით და ცდილობს პოლიტიკოსებს საკუთარი იდეების გათვალისწინება აიძულოს.

მეორე ნაწილი კი, პირიქით, ინდიფერენტულია პოლიტიკური პროცესების მიმართ და საერთოდ არ ინტერესდება პარტიული პროგრამებით. ასეთი უპარტიოების მომრავლებამ მომავალში შესაძლოა საშიში რეალობის წინაშე დაგვაყენოს. პარტიების დაკნინების შემთხვევაში მოხდება პოლიტიკური სპექტრის დანაწევრება და გართულდება მთავრობის ფორმირება. არ არის გამორიცხული, პოლიტიკა დინასტიურ და ელიტურ საწყისებს დაუბრუნდეს.

სიმრავლის მიუხედავად, უპარტიოები ჯერჯერობით დასავლურ პოლიტიკურ კლიმატს მაინც ვერ ქმნიან. პარტიების წევრთა შემცირებას არ უჩივიან ავსტრიასა და იტალიაში. ევროპის მასშტაბით ჩატარებულ უკანასკნელ არჩევნებში უმრავლესობა კვლავ ტრადიციულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა მოიპოვეს. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაც, მცირე გამონაკლისების გარდა, ორპარტიული რჩება.

მიუხედავად ამისა, ლეიდენის უნივერსიტეტის მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ პარტიები დღემდე არსებული სახით დიდხანს ვეღარ იარსებებენ. წევრების და, შესაბამისად, მათი შემოწირულობების შემცირება, პოლიტიკურ ჯგუფებს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების ძიებისკენ უბიძგებს. კერძო პირებისგან მრავალრიცხოვანი შემოწირულობების მიღებამ კი შესაძლოა პარტიების მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დააყენოს და მათი ლეგიტიმაციის ხარისხი შეასუსტოს.

პროგნოზები მრავალფეროვანია, თუმცა ამ ეტაპზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე ნაკლებ გავლენას ახდენს. საქართველოში საარჩევნო აქტივობა ტრადიციულად მაღალია, წინასაარჩევნო პროცესი კი მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

ევროპული და ამერიკული პარტიებიც სამუშაო რეჟიმს ინარჩუნებენ. იქამდე მაინც, სანამ პარტიული მეორედ მოსვლა დაიწყება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები