საოჯახო ეკონომიკა

მილიონ დოლარად შეფასებული ბავშვები

მათი გაზრდა მთელ მსოფლიოში ძვირდება

კითხვაზე, რომელია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული საოჯახო ბიზნესი, სწორი პასუხი ალბათ „ბავშვის გაზრდა” იქნება. ისევე, როგორც ნებისმიერ ბიზნესს, ამ პროცესსაც აქვს საკუთარი განვითარების ციკლი, პირველადი ინვესტიცია, წლიური საოპერაციო ხარჯები და უკუგება.

ბავშვზე ზრუნვა თვითმყოფადი, აზრიანი საქმიანობაა, თუმცა ყოველთვის დიდად სასიამოვნო არ არის. ეკონომიკის მეცნიერებაში ნობელის პრემიის მფლობელს, ფსიქოლოგ დანიელ კანემანს თუ დავუჯერებთ, ამერიკაში ქალების უმეტესობისთვის ბავშვის მოვლა საშინაო საქმეების კეთებაზე ოდნავ უფრო ნაკლებად, ხოლო ანაზღაურებადი სამსახურის რუტინაზე ოდნავ მეტად სასიამოვნო საქმიანობაა.

რა თქმა უნდა, რიცხობრივი საზომით შვილის გაჩენის ღირებულების დადგენა, ყველაზე ნაკლები, არატრადიციული მიდგომა იქნებოდა, რადგან გადაწყვეტილების მიღებისას ოჯახი ფინანსური ცვლადების გარდა, სხვა კრიტერიუმებსაც ითვალისწინებს: მოცემულ მომენტში ეს კრიტერიუმები შეიძლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ფინანსური ფაქტორი.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2011 წლის მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც რიგით ამერიკულ ოჯახს 18 წლამდე ბავშვის გაზრდა საშუალოდ 300 ათას აშშ დოლარამდე უჯდება. ასევე გასათვალისწინებელია ის ალტერნატიული დანახარჯები, რომლის გაწევაც ოჯახს უხდება, იქნება ეს კარიერული წინსვლა და ამის შედეგად მიღებული მატერიალური სარგებელი თუ თანხის სხვაგვარად დაბანდება. თუ ამას დავუმატებთ საუნივერსიტეტო ხარჯებს, რომელიც ამერიკაში საშუალოდ 100-დან 300 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს, საბოლოო ინვესტიციის საფასური საშუალოდ 500 ათას ამერიკულ დოლარს გაუტოლდება.

ჯონ ვარდმა, საკონსულტაციო კომპანიის ჯონ ვარდ ეკონომიქს პრეზიდენტმა, ბავშვის გაზრდის რეალური ხარჯები, ალტერნატიული დანახარჯის გათვალისწინებით, შემდეგნაირად შეაფასა: „22 წლის ასაკში ადამიანში ჩადებული ინვესტიცია 900 ათას დოლარს გადააჭარბებს”. ეს რიცხვი ცვალებადი იქნება იმის მიხედვით, თუ რა ალტერნატიული დანახარჯი გასწია მშობელმა. თუ ლაპარაკია მშობელზე, რომელიც მაღალანაზღაურებად სამსახურს ტოვებს იმისთვის, რომ ბავშვი გააჩინოს და გაზარდოს, ალტერნატიული დანახარჯი შესაბამისად გაიზრდება და რეალურმა ღირებულებამ შესაძლოა მილიონსაც კი გადააჭარბოს.

გაერთიანებულ სამეფოში ბავშვის გაზრდის ხარჯებს უფრო დეტალურად ანგარიშობენ. თუ აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვლებში უმაღლესი განათლების ხარჯები შეყვანილი არ არის, გაერთიანებულ სამეფოში ზუსტად იციან, რომ ბავშვის გაზრდა აკვნიდან კოლეჯში სწავლების ჩათვლით 218 ათასი გირვანქა (დაახლოებით 342 ათასი აშშ დოლარი) ჯდება.

Cost of a Child: from cradle to college 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, ბავშვის გაზრდის საერთო ხარჯები წინა წლის

კვლევასთან შედარებით, 3.3%-ით გაიზარდა. აქედან ზრდის ყველაზე დიდი წილი განათლებაზე და ბავშვის მოვლაზე მოდის.

კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ხარჯების ზრდაზე ინფლაციის ტვირთის ზეწოლა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით საგრძნობი გახდა. 2011 წლის იანვრიდან ვალი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ტიპურ ოჯახს აწევს მხრებზე, 48%-ით გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზია მაღალი ინფლაცია, რომელიც ოჯახების შემოსავალს სტაბილურად ამცირებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში განათლებასთან დაკავშირებული აუცილებელი კომპონენტები, მაგალითად, სასკოლო ფორმები, სპორტული აღჭურვილობა, სასკოლო კლუბებში საწევროები და უნივერსიტეტის გადასახადი საშუალოდ 5%-ით გაიზარდა.

ხარჯების შესამცირებლად, ოჯახების მესამედზე მეტმა მეორადი ტანსაცმლის შეძენა დაიწყო. თითქმის ამდენივე ოჯახი, დამატებითი ფულის მოსაზიდად, ნივთებს როგორც ადგილობრივ მაღაზიებში, ისე eBay-სა და სხვა ონლაინაუქციონებზეც ყიდის. კიდევ უფრო ხელმომჭირნე ოჯახები შვილების გართობისა და სათამაშოების ხარჯებს კვეცენ: ბოლო ერთი წლის მანძილზე ყველაზე ხელმომჭირნე ოჯახებმა ასეთი ხარჯები საშუალოდ 5%-ით შეამცირეს.

სასურველი თანხის შეგროვებას ისიც ართულებს, რომ ეს დამატებითი თანხები ავტომატურ რეჟიმში იხარჯება და შვილიანი ოჯახები დანაზოგების კეთებას პრაქტიკულად ვეღარ ახერხებენ. სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე, ოჯახების საშუალო შემოსავალი, ბავშვის გაზრდასთან დაკავშირებულ ხარჯებთან შედარებით მხოლოდ უმნიშვნელოდ (დაახლოებით 2-3%-ით) იზრდება.

ჩვენ მიერ განხილული ორი ძირითადი კვლევის – აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და Cost of a Child: from cradle to college 2012 – მთავარი კრიტიკა ის არის, რომ ეს კვლევები არ ასახავს ხარჯებს, რომლებიც შეიძლება არ არის ისე პირდაპირი, როგორც, მაგალითად, ბინით უზრუნველყოფა, კვება, ტრანსპორტირება, ჩაცმა, ჯანდაცვა თუ ბავშვის მოვლა და განათლება, მაგრამ სერიოზულ გავლენას ახდენს ოჯახის ბიუჯეტზე.

ალტერნატიული დანახარჯები ერთ-ერთი პირველადი განმსაზღვრელია ოჯახის დაგეგმვისას. ამის დამადასტურებელია ის, რომ განვითარებად ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური მაჩვენებლები საშუალოზე დაბალია, ერთ ოჯახს შეიძლება საშუალოდ 5-6 შვილი ჰყავდეს მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში, ერთ ოჯახს საშუალოდ მხოლოდ ორი შვილი ჰყავს.

განვითარებულ ქვეყნებში ალტერნატიული დანახარჯები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მათ ნაკლებად განვითარებულ მეზობლებში. პირველ რიგში იმიტომ, რომ ანაზღაურება და წინსვლის პერსპექტივა მეტია.

ალტერნატიული ხარჯების დათვლა და კონკრეტულ ციფრებში გამოსახვა რთულია. ასეთი ყველაზე მოუხელთებელი ხარჯი ბავშვის მოვლაზე დახარჯული დრო და თანხაა. ვერც ამერიკაში და, პრაქტიკულად, ვერც ვერსად, ზუსტად ვერ ადგენენ, თუ საკუთარი ბავშვების მოვლაზე ერთ ოჯახში მოზრდილები რამდენ დროს ხარჯავენ.

მეორე მხრივ, ფაქტია, რომ რაც უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოს დატოვება უხდება, თუნდაც დროებით, მშობელს მით უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთან, ხარჯები მაშინაც არ მცირდება, თუ მშობელი შვებულებაზე უარს იტყვის, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვის მოვლისთვის ვინმე მაინც უნდა დაიქირაოს. ზოგიერთ ქვეყანაში ეს ხარჯები ყოველთვიურად რამდენიმე ათას დოლარსაც კი აჭარბებს.

ახალშობილის მშობლებს საშუალოდ 20-კვირიან შვებულებას თითქმის ყველა მდიდარი ქვეყანა უნაზღაურებს. ამერიკა ერთადერთი მდიდარი ქვეყანაა, სადაც მშობელს უხელფასო შვებულების აღება უწევს. მას შეუძლია სამსახური 12 კვირის განმავლობაში გააცდინოს და ახალდაბადებულს მიხედოს. საინტერესოა, რომ ეს ამერიკელ დედებს ხელს არ უშლის ბევრი შვილი ჰყავდეთ. სინამდვილეში ისინი ევროპელებზე მეტ ბავშვს აჩენენ – საშუალოდ ორ შვილზე მეტს.

ორი და მეტი შვილის ყოლას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს. სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ერთ შვილზე ხარჯი მცირდება მაშინ, როცა ოჯახს ერთზე მეტი შვილი ჰყავს: ოჯახები, სადაც სამი და მეტი ბავშვია, საშუალოდ 22%-ით ნაკლებს ხარჯავენ ერთ ბავშვზე, ვიდრე ოჯახები, სადაც ორი ან ორზე ნაკლები ბავშვი იზრდება. დანაზოგები ძირითადად ტანსაცმლისა და სათამაშოების, ასევე, საერთო საძინებლებისა და ერთდროულად უფრო მეტი რაოდენობით საკვების შეძენის ხარჯზე ჩნდება.

ამერიკისგან განსხვავებით, OECD ქვეყნებში ოჯახებს, როგორც წესი, მხოლოდ ორი შვილი ჰყავთ. ევროპული დიდი ქვეყნების უმეტესობაში კი – მხოლოდ ერთი. კვლევები აჩვენებს, რომ OECD ქვეყნებში ბავშვის მოვლის ხარჯებს საშუალო ხელფასის 18% მიაქვს, ამიტომაც ოჯახების უმეტესობა ბავშვის ყოლას საკმაოდ დიდ ფუფუნებად მიიჩნევს.

ბავშვებისადმი შეცვლილი დამოკიდებულება ოჯახში მათი როლის ცვლილების შედეგიცაა. საქმე ისაა, რომ სანამ გამდიდრდებოდნენ, ამ ქვეყნების უმეტესობაში, განვითარების დაბალ საფეხურზე, ეკონომიკა ძირითადად საოჯახო ფერმებზე იყო დაფუძნებული. ბავშვები მიწაზე მუშაობას ადრეულ ასაკშივე იწყებდნენ და მათ შრომით საქმიანობას თავისი წვლილი შეჰქონდა ოჯახის საერთო ბიუჯეტში. უფროს ასაკში ეს ბავშვები თავიანთ მშობლებზე ზრუნვას იწყებდნენ და ამის სანაცვლოდ ფერმა მათ მემკვიდრეობით რჩებოდათ.

დღეს მშობლები შვილებს უფრო როგორც სათამაშოებს, მოფერებისა და გართობის უმნიშვნელოვანეს წყაროს, ისე უყურებენ. ბავშვი მართლაც იქცა ფუფუნების ობიექტად: მშობელი გადაწყვეტილებას, თუ რამდენი შვილი იყოლიოს, იღებს არსებული ცვლადებიდან გამომდინარე – რამდენად შეუძლია მას უზრუნველი გარემო შეუქმნას შვილს, მისცეს კარგი განათლება და დაუთმოს საკმარისი დრო მის აღზრდას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იზრდება პირველი შვილის გაჩენის საშუალო ასაკიც. მაგალითად, შვედეთში ეს მაჩვენებელი 1980 წელს 25 წელი იყო, 2010 წლისთვის კი 30-ს მიუახლოვდა, რაც თავისთავად გავლენას ახდენს ოჯახში შვილების რაოდენობაზეც. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი სხვა ალტერნატივების არსებობა და თანამედროვე საზოგადოებაში წარმატების განმსაზღვრელი კრიტერიუმების ცვალებადობაა.

სხვადასხვა ქვეყნებზე ჩატარებული კვლევები ერთ საინტერესო ტენდენციაზე მიუთითებს. თუ 50 წლის წინ, ბავშვის მოვლა ხარჯად საერთოდ არ იყო გაწერილი, დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარჯია, რადგან დედების უმეტესობა სახლის გარეთ მუშაობს.

მაგალითისთვის იგივე საქართველო რომ ავიღოთ: ახლო წარსულში ქალის წარმატება უფრო მეტად იყო დამოკიდებული მის მიერ გაზრდილი შვილების რაოდენობასა და მიღწევებზე, ვიდრე დღეს. ახლა წარმატების ფორმულაში ოჯახი მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია აღმავალ კარიერასა და ფინანსურ მდგრადობასთან ერთად.

ოჯახში ბავშვების რაოდენობა ასევე დამოკიდებულია შვილის როლზე საზოგადოებაში, ანუ ინვესტიციის უკუგებაზე. ბევრი შვილის ყოლა ზოგიერთ საზოგადოებაში დღემდე ერთგვარი გარანტიაა, რომ სიბერის წლებში მშობლები მარტო არ დარჩებიან და შემოსავლის წყარო ექნებათ, მიუხედავად იმისა, იმუშავებენ თუ არა.

ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც თითოეულ მშობელს აქვს საკუთარი საპენსიო დანაზოგი, რომელიც შედარებით უშფოთველი სიბერის გარანტიას იძლევა, ეს როლი თანდათან ქრება. თუმცა ისიც ფაქტია, რომ წინა თაობის მიერ აღებული ვალების გასტუმრება მომდევნო თაობას მოუწევს. ქვეყნის განვითარებაც, რაც წინა თაობის ღირსეული სიბერის განმსაზღვრელი იქნება, უმეტესად სწორედ ახალგაზრდებზე იქნება დამოკიდებული მათი ცოდნის, შრომისუნარიანობის, ტექნოლოგიებში გათვითცნობიერების თუ ინოვაციური ხედვის გამო. შესაბამისად, შვილებში ჩადებული ინვესტიცია პირდაპირ ფულის თუ სხვა სარგებლის სახით არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ოჯახს, არამედ მთელ საზოგადოებას დაუბრუნდება.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ განვითარებასა და შვილების რაოდენობას შორის აშკარა კავშირი არსებობს, ოჯახის დაგეგმვის დროს სხვა ფაქტორებიც გასათვალისწინებელია – მაგალითად, მომავალი მშობლების კულტურული, რელიგიური თუ პიროვნული შეხედულებები. თუმცა, საბოლოოდ, გადამწყვეტ როლს, როგორც წესი, მაინც ეკონომიკური ცვლადები თამაშობს.

ოჯახის ეკონომიკურად სწორად დაგეგმვისთვის აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს ყოველწლიურად განახლებულ ე.წ. ბავშვის გაზრდის ხარჯების კალკულატორს სთავაზობს. სამინისტრო წინასწარ ითვლის ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში: ჩრდილო-აღმოსავლეთით, ურბანული დასავლეთით, ურბანული შუადასავლეთით, ურბანული სამხრეთით და სოფლად – ბავშვის გაზრდა კოლეჯის ასაკამდე საშუალოდ რამდენი ჯდება. 2011 წელს, მაგალითად, ბავშვის გაზრდის ყველაზე მაღალი ხარჯი ჩრდილოაღმოსავლეთ ამერიკის ურბანულ ოჯახებს ჰქონდათ.

სწორედ ამ საშუალო მონაცემებს ადარებს კალკულატორი ყოველი დაინტერესებული მოქალაქის ხარჯებს. დაინტერესებული მოქალაქის მიერ დახარჯული თანხა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი და რამხელა შვილი ჰყავს, თვითონ დაოჯახებულია თუ არა, სად ცხოვრობს და რამდენია მისი ოჯახის შემოსავალი. კალკულატორის შედეგი ეფუძნება იმას, თუ რამდენს ხარჯავენ დაინტერესებული მოქალაქის მსგავსი ადამიანები ერთი წლის განმავლობაში. კალკულატორი ხარჯებს ოჯახის ბიუჯეტის ძირითადი კომპონენტების მიხედვით შლის – ბინით უზრუნველყოფა, კვება, ტრანსპორტირება, ჩაცმა, ჯანდაცვა, ბავშვის მოვლა, განათლება და სხვა. ეს წყვილებს ეხმარება უკეთ დაგეგმონ ოჯახი და წინასწარ იცოდნენ, რის ხარჯზე შეეძლებათ თანხების უფრო ეფექტიანად დაზოგვა.

განვითარებად სახელმწიფოებში ასეთ გათვლებს ნაკლებად აკეთებენ. ვიკიპედიაში მოძიებული მონაცემებით, ასეთ ქვეყნებში ბავშვის გაზრდა წელიწადში 900, აკვნიდან 17 წლის ასაკამდე კი – თითქმის 17 ათასი აშშ დოლარი ჯდება.

 

კომენტარები