la Grande Peur

ზაფხულის ღამის ზღაპარი, ანუ la Grande Peur

0 კომენტარი
ებრაელთა დაწვა. შუა საუკუნეების გრავიურა

თანამედროვე ქართულ რეალობაში, ყველა მხრიდან მუდმივად გვესმის „სხვის” შესახებ, ვინც გვიტევს და დამხობას გვიქადის. ასე და ამგვარად, თანაბარი შემართებით გვიტევენ მუსლიმები და კათოლიკეები, ვენეციელები და ჰომოსექსუალები, ამერიკელები და სომხები, თურქები და მარსელები.

შთაბეჭდილება რჩება, რომ სრულიად მსოფლიოს ერთი მიზნით შეუკრავს პირი. მიზანი ნათელია და შოკისმომგვრელი: მათ ჩვენი განადგურება სურთ. ეს თანამედროვე ქართული la Grande Peur გახლავთ – „დიდი შიში”, რომელსაც უვიცობა და უცნობის ავტომატური შიში ასაზრდოებს.

ბოლო თვის განმავლობაში ქართველი პოლიტიკოსების მიერ ამ შოკისმომგვრელი შეთქმულების შესახებ არაერთი განცხადება გაკეთდა. მოგვგვარეს თუ არა ამ ადამიანებმა ჩვენ შოკი? ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს. ამასობაში, ბათუმის ცენტრს უკვე რამდენიმე კვირაა ამახინჯებს წარწერა: „ბათუმი თურქების გარეშე”, ხოლო ბათუმის Facebook Café-ს შესასვლელში გამოჩნდა (და მალევე გაქრა) წარწერა: „მე არ მიყვარს თურქებით სავსე ბათუმი”.

ქალბატონებო და ბატონებო, დადგა დრო ვიკითხოთ: რა ხდება ჩვენს თავს? რას გვერჩის „სხვა”? შესაძლოა, ღმერთი გვსჯიდეს. დამეთანხმებით, ბოლო დროს მისი სახელით ადამიანებს შორის გავრცელებული ზიზღი და აგრესია ყოვლად უღმერთოა. ან, შესაძლოა, შურისძიების საყოველთაო სურვილს ჰქონდეს ადგილი. ბოლოს და ბოლოს, ფართოდაა აღიარებული, რომ საქართველო ყველა პარამეტრით ბრწყინვალე და რჩეული ქვეყანაა. ანდაც, შესაძლოა, შეხება უბრალო უმეცრებასთან გვქონდეს. უმეცრება კი უსასრულოა.

უსასრულო და მუდმივად თანმდევი. ჯერ კიდევ 1886 წელს, წერილში „ჩვენი ხალხი და განათლება”, ილია ჭავჭავაძე უმეცრებას მოიხსენიებს უმთავრეს სენად, „რომელიც ჩვენ ძვალ-რბილში გაგვჯდომია”, – წერს ილია, რომელიც აღიარებულია, როგორც მართალი.

ილია ნამდვილად მართალია. მაგრამ მისი სიმართლე საყოველთაო დავიწყებას მისცემია. გავა დრო და ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი დაწერს, რომ „ქართველებმა უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, გადევნონ უვიცობა და ისტორიული წყვდიადი მათ ზნეში, საქმიანობაში, ცოდნაში რომ დაგროვდა”. მრავალი წლის შემდეგ, სრული სიცხადით შეიგრძნობა, რომ ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა; რომ ჩვენში უმეცრება სუფევს ყველგან.

თანამედროვე საქართველოში უმეცრება ვრცელდება ზევიდან ქვევით და პირიქით. ამ პროცესის წარმატებულობას, ერთი მხრივ, პოლიტიკოსები, მედია და სამღვდელოება განაპირობებს, ხოლო მეორე მხრივ, თავად ქართული საზოგადოება, რომელიც რეალობას ზღაპრებს ამჯობინებს და ამით რეალობას მუდმივად უარყოფს.

ამ პროცესში, საქართველოს მოქალაქეები გულუხვად ახალისებენ ზემოხსენებულ მითოგრაფებს, რომლებიც საკუთარი გავლენის განვრცობის მიზნით სრულიად ახალ კოსმოგონიებს ქმნიან. ამ ყველაფერს კი ერთი მსხვერპლი ჰყავს – აწმყოს რეალობა.

ჩვენში გამეფებული ფაქტობრივი ცოდნის სასტიკი დეფიციტი თავისთავად გულისხმობს რეალურზე ფიქტიურის გამარჯვების საწყისს. ფიქციით დათრგუნული რეალობა კი მეტად საშიში რეალობაა. სწორედ აქ იყრება ტოტალიტარიანიზმის საფუძველი, რადგან უმეცრება ტოტალიტარული აზროვნების უბადლო წყარო და ტოტალიტარიანიზმის განუყრელი ფუნდამენტია. სწორედ ამიტომ, უვიცი საზოგადოება, უპირველეს ყოვლისა, დამსჯელი საზოგადოებაა.

ისტორიულად, უმეცრების ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ყოველთვის იყო სწორედ ის „სხვა”, რომელიც მუდამ არის ადამიანური ინტერესის საგანი, მაგრამ იშვიათად – ცოდნის ობიექტი.

თანამედროვე ქართული ქსენოფობია, რომელიც გარეგნულად მხოლოდ ზევიდან გავრცელებადი ფენომენის შეხედულებას ტოვებს, სინამდვილეში, სწორედაც რომ საზოგადოებრივ მოთხოვნასთანაა ჰარმონიაში. წინასაარჩევნო პერიოდში თვალშისაცემად მხოლოდ ის გაძლიერდა, რაც ჩვენში ყოველთვის არსებობდა; ის, რასაც ჩვენი ეროვნული უმეცრება – გნებავთ, ეროვნული შეუმეცნებლობა – ყოველთვის უხვად კვებავდა.

თუ ადამიანების ნაწილი ცდილობს „სხვა” მხოლოდ იმად აღიქვას, ვინც იგი რეალურად არის, ზოგიერთი აზროვნებას ზღაპრების დაჯერებას, პანიკის აყოლას ან უბრალოდ სიძულვილს ამჯობინებს. ისტორიას კი ბევრი მეზღაპრე და კიდევ უფრო მეტი ზღაპარი ახსოვს. ზღაპრები, რომლებიც ხანდახან რეალობას ქმნიან და ქრონოსის ხაზს წითელ ლაქას ასვამენ ხოლმე.

ამ წერილში სწორედ ერთი ასეთი შემთხვევის გახსენება მსურს. ეს ამბავი მეთოთხმეტე საუკუნეში გადაგვისვრის და, ამავდროულად, ოცდამეერთე საუკუნის, საკუთარ აწმყოს არასდროს დაგვავიწყებს.

ერთხელ, ივნისში, 1321 წელს, ზღაპრის ერთი კონა რეალობად იქცა. ადრეულ გაზაფხულზე, სრულიად საქრისტიანო შეძრა ფრიად დრამატულმა მოვლენამ, რომლის შესახებ ყველა საუბრობდა: პუატიეში მყოფი ფილიპ V, საქრისტიანოს მოქალაქეები, ინკვიზიტორები და სასულიერო პირები. ამ ინციდენტმა დასავლეთს კოლექტიური პანიკა მოუტანა და ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე თან გაიყოლა. რა მოხდა 1321 წლის გაზაფხულზე?

აპრილის ერთ მშვენიერ დღეს გაირკვა, რომ მუსლიმებს, ებრაელებსა და კეთროვნებს სატანასთან შეთანხმება დაედოთ და სრულიად საქრისტიანოს დამხობას ლამობდნენ. „1321 წელს აღმოჩენილი და აღკვეთილი იქნა კეთროვანთა ავი შეთქმულება, რომელიც საფრანგეთის ჯანმრთელი ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული”, წერდა ტულუზელი ინკვიზიტორი, ბერნარ გუი.

პოპულარული ვერსიის თანახმად, სატანასთან შეკრული გრძნეულნი საწამლავით შეიარაღებულიყვნენ და სრულიად საქრისტიანოს მდინარეების, ჭებისა და შადრევნების მოწამვლა განეზრახათ.

ინკვიზიციამ არ დააყოვნა და დაშინებულ დასავლელებს მყისიერად აუწყა, რომ მომხდარი „ტანით ავადმყოფი და გონებით არაჯანსაღი” უმცირესობის მიერ სრულიად „ჯანსაღი მოსახლეობის” წინააღმდეგ მიმართული მავნებლური აქტი იყო. ამოცანის წარმატებით შესრულების შემთხვევაში, საქრისტიანოს ჯანმრთელ მოქალაქეებს გაკეთროვნება ემუქრებოდა.

ინციდენტი უმალ იქნა აღქმული მავნებლური ელემენტების მიერ სრულიად ჭეშმარიტი რწმენისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ამბოხებად. ერი, სარწმუნოება და არსებული რეალობის სრული სტრუქტურა საფრთხეში იყო, ხოლო კოლექტიური პანიკა – ადგილზე.

აპრილში დაშინებული დასავლელები, ივნისში უკვე მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში ჩართულიყვნენ. როგორც ანონიმური რუანელი ჟამთააღმწერელი გვამცნობს, „ხალხმა ქალები და კაცები საკუთარ სახლებში გამოკეტა და ყოველგვარი მსჯელობის გარეშე, მათი სახლები ცეცხლს მისცა”.

მაგრამ, რა იცოდა ხალხმა? ფაქტობრივად, არაფერი და არაფერი ფაქტობრივი. არსებითად ახალი ტენდენციების წარმოდგენის ნაცვლად, 1321 წლის ივნისის ინციდენტი სწორედაც რომ ყველასთვის კარგად ცნობილის ნაზავი იყო – ერთგვარი ძლიერმოქმედი იდეოლოგიური კოქტეილი.

მართლაც, 1321 წელს სრულად და ეფექტურად იყო გამოყენებული ებრაელების, მუსლიმების და კეთროვნების შესახებ არსებული ფაქტობრივად ყველა მცდარი ინფორმაცია, რომელიც ჯერ კიდევ მეცხრე საუკუნიდან მოყოლებული თანმიმდევრულად იკიდებდა ფეხს დასავლურ წარმოსახვაში.

მაშ, რა ამოძრავებდა ხალხს? შიში და უმეცრება. საქმე ისაა, რომ შუასაუკუნელ ადამიანს განსაკუთრებულად მძაფრი ცნობისმოყვარეობა ახასიათებდა, მაგრამ მწირი ცოდნის გამო, გარესამყაროს იმ ერთადერთ კონტექსტში კითხულობდა, რომელიც იცოდა. თეოლოგიურად ეს ქრისტიანული კონტექსტია, ხოლო კულტურულად – დასავლური. შემდეგ ის სრულიად ბუნებრივად ცდილობდა, ამ სქემაში „სხვა” მოეთავსებინა. ბუნებრივია, ამ კონტექსტში ყველა „სხვა” ავტომატურად იძენდა საქრისტიანოს დამამხობელი მტრის ფუნქციას.

ყველა ტერორს ესაჭიროება ერთი კარგი ზღაპარი, რამდენიმე მეზღაპრე და უმეცარი საზოგადოება. დასავლური წარმოსახვა საუკუნეების განმავლობაში უხვად მარაგდებოდა პოპულარული ღვთისმოსავების მიერ მოყოლილი (ისე, როგორც მოგზაურთა დღიურებში და რაინდულ ტექსტებში აღწერილი, ეგზოტიკური და საინტერესო, მაგრამ სრულიად ფიქტიური) ამბებით.

შესაბამისად, 1321 წლის აპრილისთვის, ტერორის ყველა წინაპირობა ადგილზე იყო. „მსჯელობას მოკლებული” სისხლისღვრა, რომელმაც კოლექტიური პანიკის რეჟიმში მოქმედი ევროპა მოიცვა – ერთი მხრივ, დასავლეთში საუკუნეების განმავლობაში წარმოებული რიტორიკის წარმატებული კულმინაცია გახლდათ, ხოლო მეორე მხრივ, შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი პოპულარული უმეცრების, ცრურწმენისა და ემოციურობის აპოთეოზი. 1321 წელს, ივნისის ერთ ღამეს, დასავლეთში ზღაპრები გაცოცხლდნენ.

ჩვენში დღემდე პოპულარული „ქართული ტოლერანტულობის” მითის არსებობის მიუხედავად, საქართველოში „სხვა”, უწინარეს ყოვლისა, უმეცრების მსხვერპლია. „სხვის” შესახებ არსებული ცოდნის დეფიციტი თანამედროვე საქართველოში პირდაპირ გადაითარგმნება უცხოსადმი არსებულ საკმაოდ პრიმიტიულ შიშად. ეს სწორედ ის შემთხვევა გახლავთ, როდესაც ყველაზე საშიში რამ თავად შიშია.

მეთოთხმეტე საუკუნის დასავლეთის მსგავსად, ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში ჩვენ დროდადრო გვესმის, რომ „ტანით არაჯანსაღი” უმცირესობები „ჯანსაღ” მოსახლეობას გადაგვარებას უქადის. 1321 წლის მსგავსად, ქართული საზოგადოების ფართო ნაწილის წარმოსახვა დაუტყვევებია მითს, რომ აქამდე ცნობილი ყველა „სხვა”, დღეს ქართულ რეალობას უტევს და დამხობას უქადის.

თანამედროვე საქართველოში ბევრი ზღაპარი და ბევრი მეზღაპრე თანაარსებობს. ზოგი ნიჭიერი, ზოგიც – უნიჭო. მათ ჩვენ ვასაზრდოებთ უმეცრებით, პასიური თანხმობით და ჩვენ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი დაკვეთით.

იქ, სადაც ბევრი ზღაპარი მეფობს, ადრე თუ გვიან, რეალობის განცდა სრულიად გაქრება და სინამდვილეს მითები ჩაანაცვლებენ. და როდესაც რეალობაში მითო-ზღაპრული ბურუსი ჩამოდგება, ტოტალიტარულ აზროვნებას წინ ვეღარაფერი აღუდგება.

ცხადია, თანამედროვე ქართული წარმოსახვა ზღაპრების მეფობას ვერ უძლებს. ზღაპრებს კი რეალობის შექმნის პოტენციალი აქვთ. ისე, როგორც ერთი შეხედვით უწყინარ იდეებს – საზარელ ფაქტად ქცევის და განხორციელების. სწორედ ამიტომ, საკუთარი უმეცრებით, საზოგადოება იწვევს და ახალისებს პოტენციურ ტერორს.

სწორედ ეს წარმოქმნის ქართული საზოგადოების დამსჯელ საზოგადოებად გადაქცევის პოტენციურ საშიშროებას. განუსჯელად მიღებული იდეები განუსჯელი ქმედებების წარმატებული საწინდარია. ზღაპრები ყოველთვის ასე მეფობდნენ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები