ოკუპირებული ტერიტორიები

აფხაზურ მხარეს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლა სურს

დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატით, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, უკმაყოფილოა. Apsnypress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ სოხუმში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჟენევის პროცესი კრიზისშია. ჩვენ რთული სიტუაცია გვაქვს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. სერიოზული საუბარია საჭირო იმის გასაგებად, სწორად მივდივართ თუ არა, და საჭიროა თუ არა რაიმე ცვლილებები როგორც ფორმატში, ისე ჩვენს წინაშე არსებული საკითხების დაყენებაში. ფორმატი აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ის ზღუდავს ჩვენ გადაწყვეტილებებს.” - აღნიშნა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.

ჟენევის მოლაპარაკებები, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო, ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება. პირველი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს, მეორე კი – ჰუმანიტარულ თემებს. მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები. დისკუსიებში საქართველოს, რუსეთის და აშშ–ის, ასევე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ჟენევის დისკუსიების მომდევნო 21–ე რაუნდი ოქტომბერშია დაგეგმილი.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაზე ჩირიკბამ კიდევ ერთხელ გაიმეორა სოხუმის პოზიცია, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებში, თუ მას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელიც დაესწრება.

24 აპრილს ამ მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი 36–ე შეხვედრა ჩაიშალა, აფხაზურმა მხარემ მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ანდჟეი ტიშკევიჩი სოხუმის მიმართ „უპატივცემულობაში“ დაადანაშაულა და „აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად“ გამოაცხადა.

დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გააკრიტიკა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ივლისში დევნილთა შესახებ მიღებული რეზოლუცია. მისი თქმით, ასეთი დოკუმენტის ინიცირება გაეროს გენერალურ ასამბლეაში, ჟენევის მოლაპარაკებების გვერდის ავლით, რომელიც ასევე განიხილავს დევნილთა საკითხებს, ჟენევის დისკუსიებისთვის ძირის გამოთხრის ტოლფასია.

 

კომენტარები