ფილმი - ისლამის უცოდველობა

ანტიისლამურ ფილმში მონაწილე ქართველმა მსახიობმა წერილი გამოაქვეყნა

ამერიკელი მოყვარული კინემატოგრაფების შექმნილ ფილმში ,,ისლამის უცოდველობა’’ ქართული წარმოშობის მსახიობი, ანა გურჯიც მონაწილეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მსახიობმა ერთ-ერთ ვებგვერდზე ღია წერილი გამოაქვეყნა.

ანა გურჯი, იგივე ანა გიორგობიანი წერს, რომ არც მან და არც სხვა მსახიობებმა ფილმის რეჟისორის გეგმების შესახებ არაფერი იცოდნენ.

,,იმ დროის განმავლობაში, რაც მე ისლამის უცოდველობის გადასაღებ მოედანზე გავატარე, არასდროს ყოფილა საუბარი წინასწარმეტყველ მუჰამედზე და რელიგიურ კონტექსტზე. მუჰამედი გადაღებების დროს არც კი უხსენებია არავის. ხალხი რომ მეკითხება, რა რეაქცია მქონდა ამ ფილმის ნახვის შემდეგ, ერთსიტყვიანი პასუხი მაქვს - შოკი. ფილმი რომ ვნახე, ტირილი წამსკდა სიმწრით - როგორ გამოიყენეს ჩვენი სახეები ასეთი მიზნით ისე, რომ ჩვენ არც გვითხრეს." - წერს ანა გურჯი.

მსახიობის თქმით, მისი უსაფრთხოება დაცული არ არის, თუმცა დამალვას არ აპირებს.

ანა გურჯის გარდა, გადამღები ჯგუფის სხვა წევრებიც აცხადებენ, რომ ფილმის პროდიუსერებმა მსახიობები შეცდომაში შეიყვანეს. რაც შეეხება ინგლისურენოვან გახმოვანებას, რამაც პროტესტი გამოიწვია, მათი თქმით, გახმოვანება ფილმს მოგვიანებით დაედო.

შეგახსენებთ, ფილმმა ისლამის უცოდველობა, მუსლიმური სამყაროს მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. დემონსტრაციები იმართება ლიბიაში, ეგვიპტეში, ერაყში, ირნაში, ტუნისსა და სხვა ქვეყნებში. ხოლო ლიბიის ქალაქ ბენღაზიში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე თავდასხმის შედეგად, აშშ-ს ელჩი და საელჩოს კიდევ სამი თანამშრომელი დაიღუპა. 

კომენტარები