კოლუმბია

მოლაპარაკებები ტერორისტებთან

კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი

კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა გადაწყვიტა, ოქტომბრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს კოლუმბიის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებთან (FARC), რომელიც ნარკო-ტერორისტულ დაჯგუფებას წარმოადგენს. ექსპერტთა აზრით, ეს სახიფათო თამაშია და შეიძლება ბოლო 10 წლის მანძილზე FARC-ის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო კამპანიებით მიღწეული წარმატებები გააბათილოს.

უკვე დიდი ხანია, FARC-ი პარტიზანული არმიიდან ჩამოყალიბდა ნარკომაფიად, რომელსაც საზოგადოების ნულოვანი მხარდაჭერა აქვს. „სამშვიდობო მოლაპარაკებებს” ეს დაჯგუფება, როგორც წესი, თავისი პოზიციების გასამყარებლად იყენებს. გამოცემა Foreign Policy-ი წერს, რომ „ეჭვგარეშეა, დღეს FARC-ი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას ხედავს არა როგორც მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას, არამედ საშუალებას, გააგრძელოს საკუთარი დესტრუქციული ბატონობა”.

მცდელობა, სამშვიდობო ხელშეკრულება დაედოთ მეამბოხეებთან, ცუდად დამთავრდა 1999 წელს. კოლუმბიის ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და FARC-ს შვეიცარიის ზომის ტერიტორია გამოუყო – ერთგვარი თავშესაფარი, სადაც დაჯგუფების წევრები ხელშეუხებლად განთავსდებოდნენ და სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. თუმცა, შედეგად, დაჯგუფება უფრო მეტად გაძლიერდა, მეტი ახალი წევრი შეემატა, ტერორისტული შეტევები დაიწყო და ნარკოვაჭრობას უფრო აქტიურად შეუდგა.

სამშვიდობო მოლაპარაკებები 2002 წელს ჩაიშალა. ამის შემდეგ, ალვარო ურიბეს მთავრობამ დაიწყო მეამბოხეების წინააღმდეგ სამხედრო კამპანია ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით. უკანასკნელი დეკადის მანძილზე ვაშინგტონმა 8 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია ბოგოტას, რათა ამ უკანასკნელს საკუთარი შეიარაღებული ძალები გადაემზადებინა, შეეძინა ტექნიკა და წინააღმდეგობა გაეწია მეამბოხეებისთვის. შეიძლება ითქვას, ამან თავისი შედეგი გამოიღო და თუ მაშინ FARC-ს 20,000-მდე წევრი ჰყავდა, დღეს რაოდენობა განახევრებულია.

პრეზიდენტ სანტოსს ურიბეს კაბინეტში თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა და აქტიურად იყო ჩართული ამბოხებულთა წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში. დღეს, როგორც ჩანს, სანტოსს სჯერა, რომ სამხრეთ ამერიკის სხვა მეამბოხე ძალების მსგავსად, შესაძლოა FARC-მ ტრანსფორმაცია განიცადოს და მშვიდობიან პოლიტიკურ პარტიად გადაიქცეს – რაც ხელს შეუწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას და კარს გაუღებს ქვეყნის არაურბანული ნაწილის განვითარებას. სანტოსის მცდელობა იმედისმომცემია, თუმცა შესაძლოა ცუდი შედეგებით დასრულდეს და FARC-ს კიდევ უფრო გაძლიერება გამოიწვიოს. „თუ მოლაპარაკებები წინ არ წაიწევს, ჩვენ უბრალოდ შევწყვეტთ მათ”, – განაცხადა სანტოსმა.

ოსლოს სამშვიდობო მოლაპარაკებები ითვალისწინებს შეთანხმებებს მიწის რეფორმებზე, პოლიტიკურ მონაწილეობაზე, განიარაღებას და უსაფრთხოებას. თუმცა ძნელი სათქმელია, მოლაპარაკებებზე წასასვლელი რა მოტივი აქვს FARC-ის, რომლის რამდენიმე ლიდერი ომის დანაშაულებსა და საერთაშორისო ნარკოვაჭრობაშია ბრალდებული.

კომენტარები