საქართველოს ეკლესია

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფის საკითხზე იმსჯელებენ

კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფის საკითხთთან დაკავშირებით დღეს, 18 სექტემბერს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელებს. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ესწრებიან.

როგორც ტაბულას საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს, აფხაზური მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები და აფხაზეთის ეპარქიის საკითხთან დაკავშირებული დეტალები მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართმადიდებლური ეკლესიის წევრების საქართველოში დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, აფხაზური მხარე ითხოვს გარკვეულ თავისებურებებს, მათ ამ თხოვნით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიმართეს. პატრიარქის მდივნის თქმით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ქართულ ეკლესიასთან მოლაპარაკებებს იწყებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს აფხაზურ მხარესთან მიმართებაში.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია "აფხაზეთის საზოგადოებამ” მედიის საშუალებით ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, აფხაზურ მხარეს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფა სურს. ორგანიზაციის წევრებმა აღნიშნული მოთხოვნა გასულ კვირას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეკრებაზე გააპროტესტეს.

 

კომენტარები