სასჯელაღსრულების სისტემა

პატიმართა ცემის ფაქტებთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების 10 თანამშრომელი დააკავეს

პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ათი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ გააკეთა.

გამოძიების ფარგლებში დაკავებული არიან: დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძე; გლდანის მერვე საპყრობილეს დირექტორი დავით ხუჭუა; დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი; საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე; მერვე საპყრობილის რეჟიმის უფროსი ინსპექტორი გიორგი კვარაცხელია; მერვე საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია; კონტროლის ინსპექტორი მანუჩარ ლომთაძე; ოპერატიული მორიგე გელა ცომაია; კონტროლიორი ლევან ფხალაძე; უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა.

მურთაზ ზოდელავას განცხადებით, პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით 11-ე პიროვნებას, მორიგე-ინსპექტორ ვლადიმერ ბედუკაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. პროკურორის განცხადებით, ათი საჯარო მოხელე დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით არის დაკავებული.

აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანის #8 საპყრობილის ოფიცერი დავით აკობია, რომელმაც პატიმართა წამების კადრები გადაიღო, 19 სექტემბერს გამთენიისას დააკავეს. იგი ამ დროისთვის შსს-ს მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. შსს-ს მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა პატიმართა ცემის ფაქტებთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი, თამაზ ელიზბარაშვილიც.

 

კომენტარები