პენიტენციური სისტემა

გლდანტანამო ანუ სისტემური მარცხი

0 კომენტარი

ფოტო: ალექსანდრე ისკანდაროვი
„როცა რიგითი პოლიციელი რამე უკანონობას სჩადის, ეს მთელი ქვეყნისთვისაა ცნობილი, და როცა მისი მინისტრი ზომებს არ იღებს, მაშინ ეს მინისტრი ისეთივე ნაძირალაა, როგორც ის პოლიციელი! და როცა მინისტრი ამას არ აკეთებს და პრეზიდენტი ამის გამო მას არ ანთავისუფლებს პოსტიდან – მაშინ პრეზიდენტიც ნაძირალაა!” – ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილმა 2003 წელს, ვარდების რევოლუციამდე თქვა. საკუთარი განცხადება მას რამდენიმე დღის წინ შეახსენეს.

18 სექტემბერს გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, სადაც პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებია ასახული. მათ ჯგუფურად ცემენ, აწამებენ და აუპატიურებენ. შემზარავი კადრები გლდანის მე-8 საპყრობილეშია გადაღებული. ერთ-ერთ მათგანში, მსხვერპლი არასრულწლოვანია.

ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თუმცა, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე უკვე დიდი ხანია ვიცით.

ომბუდსმენი წლიდან წლამდე თავის ანგარიშებში წერდა, რომ ციხეებში პატიმრებს აწამებდნენ და ცემდნენ. გლდანის საპყრობილე დღიდან გახსნისა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი იყო. უფრო მეტიც, სახალხო დამცველი ზოგიერთი იმ პირის სახელსაც კი მიუთითებდა, რომლებიც ვიდეოჩანაწერებში ვიხილეთ. თუმცა, მის შენიშვნებს ყურადღებას არავინ აქცევდა. ომბუდსმენს, როგორც წესი, ნახევრად ცარიელ დარბაზში უხდებოდა ხოლმე თავისი მოხსენების პარლამენტის წევრებისთვის გაზიარება.

ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, ცხადი იყო, რომ ხელისუფლებას აინტერესებდა ქვეყანაში დანაშაულის აღკვეთა და ციხეში ნებისმიერ ფასად წესრიგის დამყარება, მაგრამ პატიმრის უფლებები მის ფოკუსში ვერ ან არ ხვდებოდა. მოგვიანებით, ასეთ დამოკიდებულებას უშიშროების საბჭოს მდივანმა ხელისუფლების „მძიმე შეცდომა” უწოდა.

რასაც ომბუდსმენმა წლების განმავლობაში ვერ მიაღწია, ერთ საღამოში შეძლო გავრცელებულმა ვიდეოჩანაწერებმა.

ხელისუფლებას სილა გაეწნა.

თუ რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტი პენიტენციარული სისტემის სამაგალითო მართვით ტრაბახობდა და გვიმტკიცებდა, რომ საფრანგეთის სასჯელაღსრულების თანამშრომლები ჩვენი „მეციხოვნეებისგან” სწავლობდნენ საპყრობილეების მენეჯმენტს, კადრების ხილვის შემდეგ ის „სისტემის მარცხზე” ალაპარაკდა.

თანამდებობა დატოვა სასჯელაღსრულების მინისტრმა და შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს პენიტენციარული სისტემის ათი თანამშრომელი.

უდავოა, რომ მომხდარზე პასუხს უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა აგებს. დღეს, მისი მოვალეობაა შეაფასოს რა მოხდა, უზრუნველყოს, რომ დამნაშავეები დაისაჯონ და განახორციელოს ცვლილებები, იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. პატიმრები, მიუხედავად იმისა, რა დააშავეს მათ, საქართველოს სახელმწიფოში იხდიდნენ სასჯელს და ხელისუფლება ვალდებული იყო, მათი კანონიერი უფლებები დაეცვა. მმართველმა ძალამ ეს ვერ ან არ შეძლო და, ცხადია, შეცდა. ხელისუფლების უმოქმედობის გამო, უსამართლოდ დაზარალდნენ პენიტენციარული სისტემის ის თანამშრომლებიც, რომლებიც შესაძლოა პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას.

კარგია, რომ დაგვიანებით, მაგრამ ახლა მაინც, ხელისუფლებამ მარცხი აღიარა. ცხადია, მომხდარზე თავის წილ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, მაგრამ მთავარი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ხელმძღვანელობა უნდა შეფასდეს, არის არა თავად მარცხი, არამედ ის, თუ როგორ გაუმკლავდება ხელისუფლება მას.

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ კალმახელიძის გადადგომა საკმარისი არ არის და ხელს შინაგან საქმეთა მინისტრისკენ იშვერს – მართალია, ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების სამინისტროს 2005-2008 წლებში უძღვებოდა, მაგრამ ციხეებში „წესრიგის დამყარებასთან” ბევრისთვის სწორედ ის ასოცირდება. რაც შეეხება ხათუნა კალმახელიძეს, მას არასდროს დაუტოვებია შთაბეჭდილება, რომ საკუთარ უწყებაში სიტუაციას აკონტროლებს.

მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მხოლოდ საკადრო ცვლილებები, მიუხედავად იმისა ვის შეეხება, უმნიშვნელოა, თუ სისტემის ძირეული გარდაქმნა არ მოხდა.

მართალია გვიან, მაგრამ ხელისუფლება პენიტენციარული სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. პრეზიდენტმა, როგორც თავის დროზე საგზაო პოლიციაში, სასჯელაღსრულების თანამშრომლების დათხოვნის განკარგულება გასცა. ციხეებში დროებით პატრული შევიდა. ამან საზოგადოების გარკვეულ ნაწილში პროტესტი გამოიწვია, რადგან ბევრმა ეს ნაბიჯი ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულებით სისტემაში დაბრუნებად აღიქვა. თუმცა, ნიშანდობლივია, რომ სიტუაციის კონტროლი არა შინაგან საქმეთა მინისტრს, არამედ პრემიერს დაეკისრა.

პრეტენზიები გაჩნდა მთავარ პროკურორთანაც. საქმე ისაა, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს არაერთხელ მიუმართავთ მისთვის ციხეებში ჩადენილ უკანონობასთან დაკავშირებით. თუმცა, გამოძიების პროცესი ჭიანურდებოდა და ბოლომდე არ მიდიოდა. მაგალითისთვის, პროკურატურის ცნობით, 2011 წელს 29 საქმეზე დაიწყო გამოძიება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით, მაგრამ სულ 2 გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.

პრეზიდენტმა ომბუდსმენის ინსტიტუტის მატერიალურ და საკადრო გაძლიერებაზეც ისაუბრა. თუმცა, მხოლოდ თანამშრომელთა რაოდენობის და დაფინანსების გაზრდა საკმარისი არ არის. საჭიროა ამ ინსტიტუტის კომპეტენციის გაფართოება.

ფოტო: Reuters
სასურველია, ხელისუფლებამ იმ პატიმართა მორალური ზიანის ანაზღაურებაზეც იფიქროს, რომლებიც სახელმწიფოს სახელით მოქმედი ველურების მსხვერპლად იქცნენ.

ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგის დამოუკიდებელი სისტემაც შეიქმნას. იმდენად, რამდენადაც დახურულ უწყებებში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკი განსაკუთრებით მაღალია. მით უმეტეს, იმ ქვეყნებში, რომელთაც კანონის უზენაესობის ტრადიცია და ძლიერი ინსტიტუტები არ აქვთ.

სამწუხაროა, რომ შოკური თერაპიის გარეშე, ვერც ხელისუფლების და ვერც საზოგადოების ფართო ნაწილის გამოღვიძება ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, თუ რა მოტივი ამოძრავებდა მას, ვინც ეს ვიდეოჩანაწერები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა, ამ ფაქტმა ყველა ჩვენგანს დიდი სამსახური გაგვიწია. მმართველ პარტიას სამართლიანად მოუწევს მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა.

აშკარაა, რომ თუ ახლა მაინც არ მოხდა სახალხო დამცველის ანგარიშების სერიოზულად აღქმა და იქ მოყვანილი ფაქტების გამოძიება, მათ შორის, სასჯელაღსრულებითი სისტემის ყოფილი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხის გარკვევა, ჩრდილი მიადგება ყველა იმ რეფორმას, რომელიც საქართველოში გატარდა. ხოლო საუბარს ნებისმიერ სხვა დარგში ხელისუფლების წარმატების შესახებ, უტიფრობის ელფერი ექნება და მხოლოდ ნეტარნი თუ დაიჯერებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები