არენა

მანკიერი ბრძოლა მუსლიმთა უმანკოებისათვის

0 კომენტარი

თავდასხმა აშშ-ის საკონსულოზე. ბენღაზი, ლიბია
სექტემბერს ინდოელი წარმოშობის მწერალმა, სალმან რუშდიმ, მემუარები გამოსცა – „იოსებ ანტონი” აღწერს მწერლის ცხოვრების ბოლო ათწლეულებს, რომელიც მან ფატვის ქვეშ, მალვასა და სასიკვდილო მუქარებში გაატარა. მუსლიმური სამყარო მისმა „სატანურმა ლექსებმა” 80-იანი წლების ბოლოს აღაშფოთა – მორწმუნეთათვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, რომ ისლამი, მუჰამედი და მისი ცოლები მწერლის საწერ მასალად იქცნენ. პროტესტის ნიშნად წიგნების დაწვა აიათოლა ხომეინის ფატვით დასრულდა, რომელიც რუშდის სიკვდილისკენ მოუწოდებდა.

დამთხვევა, ცოტა არ იყოს, ირონულია – წიგნი სწორედ მაშინ გამოიცა, როცა არაბულ ქვეყნებში ანტიამერიკულმა ძალისმიერმა პროტესტმა ხელახალი ძალით იფეთქა. შტატებში გადაღებულ ფილმს „მუსლიმთა უმანკოება” ლიბიაში რადიკალური მუსლიმების მიერ აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმა მოჰყვა, რასაც ამერიკის ელჩისა და საკონსულოს თანამშრომლების სიცოცხლე შეეწირა. ტალღა 20-ზე მეტ ქვეყანას მოედო და, საბოლოო ჯამში, არაერთი ადამიანი იმსხვერპლა. დემონსტრანტები, მათ შორის, შეიარაღებული ჯგუფები, შეიჭრნენ ამერიკის საელჩოებში, სკოლებსა და საკვებ ობიექტებში, თავს დაესხნენ გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს. დაშავებულია ასობით ადამიანი.

ფილმი, რომელიც პროტესტის ახალი საბაბი გახდა, მხატვრული ღირებულებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა, როგორც გამოცდილება აჩვენებს, მუსლიმური სამყაროს აღშფოთებას არანაირი ხელი არ აქვს ნაწარმოების თუ ფილმის ხარისხთან, მოტივებთან და უკან მდგომ

კადრი ფილმიდან „მუსლიმთა უმანკოება”
არგუმენტებთან.

რომ არა მუსლიმთა დამოკიდებულება, რომელიც მუჰამედის ნებისმიერი ფორმით გამოსახვას შეურაცხმყოფელად აღიქვამს, მდარე ტექნიკური თუ სამსახიობო შესრულების ფილმი, დიდი ალბათობით, შეუმჩნეველი დარჩებოდა – საუკეთესო შემთხვევაში, ისეთივე პაროდიად იქცეოდა, როგორც უკიდურესად დაბალი ხარისხის მუსიკალური კლიპები, რომლებსაც სწორედ ამ ნიშნის დამსახურებით ასობით მილიონი ნახვა აქვს სოციალურ ქსელებში.

„მუსლიმთა უმანკოების” ნახვა Youtube-ზე დღესაც შეგიძლიათ, თუ იმ მუსლიმურ ქვეყნებში არ იმყოფებით, სადაც ის დაიბლოკა – ვიდეო თოთხმეტიოდე წუთის ხანგრძლივობისაა და აღწერილობის თანახმად, ფილმის ტრეილერს წარმოადგენს. დანამდვილებით არავინ იცის, არსებობს თუ არა სრულმეტრაჟიანი ფილმი, ერთ-ერთი ვერსიით, ის მხოლოდ ერთხელ აჩვენეს კალიფორნიაში. ტრეილერი Youtube-ზე ივლისში გამოჩნდა, არაბულ ენაზე კი სექტემბერში ითარგმნა და პროტესტის ცეცხლიც, ჩვეულებისამებრ, მარტივად აალდა.

სიუჟეტი ასეთია: ეგვიპტელ ქრისტიანებს თავს მუსლიმები ესხმიან, პოლიცია კი ამ ყველაფერს გულგრილად უყურებს. შემდეგ ამბავი ისლამის სათავეებთან გადადის, სადაც მუჰამედის პერსონაჟი სულელი, მექალთანე, პერვერსიული და მოძალადეა. მიმდევრები მას ჰომოსექსუალად მოიხსენიებენ, თავად ეროტიკულ საუბრებს მართავს ვირთან, პედოფილ მეომრებს კი ჰპირდება, რომ ომის ნადავლის სახით, ბავშვების გაუპატიურებას შეძლებენ. ყურანს მისთვის სხვა კაცი წერს, რომელიც ჰპირდება, რომ თორას და ახალ აღთქმას ერთად

თავდასხმა აშშ-ის საელჩოზე. სანა, იემენი
შეკრავს „ცრუ ლექსებში”. დასასრულს მუჰამედი, სისხლიანი ხმლით ხელში, ყვირის: „ყველა არამუსლიმი ურწმუნოა! მათი მიწები, მათი ქალები, მათი ბავშვები ჩვენი ნადავლია!” და ცეცხლის ალში ეხვევა.

ფილმში მონაწილე მსახიობებმა, რომელთა შორის ქართველი წარმოშობის ანა გურჯიცაა, თავი შორს დაიჭირეს მისი შინაარსისგან და შეშფოთებულებმა განცხადებაც გაავრცელეს, სადაც თავს შეცდომაში შეყვანილებს უწოდებენ. მათი თქმით, არ იცოდნენ, რომ გადაღებული სცენებიდან ასეთი რამ აეწყობოდა.

ვიდეომ, რომელიც მსახიობების გარდა დაგმეს პოლიტიკოსებმა, კოპტურმა ეკლესიამ, ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ და, ბუნებრივია, თავად მუსლიმებმა, აშშ-ის ადმინისტრაციას დიდი თავისტკივილი გაუჩინა. ამერიკამ თავიდან მოიბოდიშა კიდეც – კაიროში შტატების საელჩოს პირველი განცხადება ამბობდა, რომ ის გმობს „შეცდომაში შეყვანილი ცალკეული პირების მიერ გამუდმებულ მცდელობებს, შეურაცხყონ მუსლიმთა რელიგიური გრძნობები”. ამერიკელმა რესპუბლიკელებმა და მათმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მსგავს რეაქციას სამარცხვინო უწოდეს. მოგვიანებით, როდესაც მუსლიმურ ქვეყნებში ანტიამერიკული პროტესტი ძალადობასა და დიპლომატების მკვლელობაში გადაიზარდა, თეთრი სახლი განერიდა საკუთარი საელჩოს განცხადებას და თქვა, რომ ის ადმინისტრაციის პოზიციას არ გამოხატავდა.

ადმინისტრაციამ აგრესიის შენელება შემოვლითი გზებით სცადა: 13 სექტემბერს თეთრი სახლის წარმომადგენლებმა კომპანია Google-ს სთხოვეს, გადაეხედა თავისი დირექტივებისთვის და ენახა, ხომ არ არღვევს ვიდეო Youtube-ის წესებს. Google-მა უარყო წინადადება, რომელიც ძალიან ჰგავდა ცენზურის ირიბ მცდელობას.

სიტუაციის დაშოშმინების მცდელობები ამით არ დასრულებულა: მალევე ლოს ანჯელესის პოლიციამ საკუთარი სახლიდან აიყვანა ნაკულა ბასელეი ნაკულა. ეგვიპტეში დაბადებული კოპტი ქრისტიანი იმ კომპანიის მფლობელია, რომელმაც ფილმი გადაიღო. ნაკულა ფილმის კეთებაში მონაწილეობას უარყოფს და ირწმუნება, რომ მას არ ეკუთვნის ვიდეოს ავტორის ფსევდონიმი „სემ ბასილი”. რა თქმა უნდა, დაკავების ოფიციალური მიზეზი ვიდეოს შინაარსი არ ყოფილა – ნაკულა 2010 წელს საბანკო თაღლითობის ბრალდებით 21 თვე ციხეში იჯდა, მომდევნო 5 წელი კი პრობაციის ქვეშ იმყოფება. ამ პერიოდში მას ეკრძალებოდა ფსევდონიმის გამოყენება ან ნებართვის გარეშე ინტერნეტთან წვდომა. სწორედ პრობაციის პირობების შესაძლო დარღვევა გახდა მიზეზი, რის გამოც პოლიციამ კინორეჟისორი დაკითხვაზე წაიყვანა.

ბუნებრივია, გაჩნდა მოსაზრება, რომ ობამას ადმინისტრაციას სურს, ამ ქმედებით აღშფოთებულ მუსლიმებს ბრაზი გაუნელოს. ამ ეჭვს საფუძველი აქვს – რეჟისორის დაკავებამდე 72 საათით ადრე ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მორსიმ ვაშინგტონს მოუწოდა, სამართლებრივი ზომები მიეღო ფილმის შემქმნელების წინააღმდეგ. ყოველ შემთხვევაში, იმის გასაგებად, დაირღვა თუ არა პირობითი მსჯავრის წესები, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, მართლა ატვირთა თუ არა ნაკულამ ვიდეო Youtube-ზე. საბოლოო ჯამში, ეს ამბავი შესანიშნავად მოერგო კაიროში აშშ-ის საელჩოს პირველ განცხადებას, რომელიც ბოდიშს იხდიდა ფილმისთვის.

ინტერნეტში მალევე გაჩნდა ე.წ. მემეები ნაკულას დაპატიმრების სცენით და მსგავსი წარწერებით: „მას რომ ჯვარზე მოეშარდა, ახლაც საწოლში იწვებოდა”. საქმე ისაა, რომ ქრისტიანული რელიგიის სიმბოლოებზე პერვერსიული, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხმყოფელი ნიმუშების შექმნა არც ისე იშვიათი მოვლენაა დასავლურ ხელოვნებაში, თუმცა, როგორც წესი, ამას არც ტერორისტული აქტები მოსდევს და არც მთავრობის უარყოფითი რეაქცია – მეტიც, ხშირად ისინი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გალერეებსა და გამოფენებზე ჩნდება. მაგალითად, ჯერ კიდევ 1952 წელს, როდესაც ნიუ იორკის შტატმა იტალიური ნეორეალისტური ფილმის „სასწაულის” ჩვენება დაბლოკა ქრისტიანული რელიგიის შეურაცხყოფის მოტივით, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა: „სახელმწიფოს საქმე არაა, აღკვეთოს რეალური თუ გამოგონილი თავდასხმები

ლოს ანჯელესის პოლიციამ ნაკულა ბასელეი ნაკულა საკუთარ სახლში დააპატიმრა
რომელიმე რელიგიურ დოქტრინაზე”.

ადმინისტრაციის გარდა, კრიტიკის წილი ერგო ამერიკულ მედიასაც, რომელიც ბევრმა უპასუხისმგებლო ქცევაში დაადანაშაულა: ფილმის ავტორების ვინაობაზე ნადირობისას, მედიით გავრცელებული პირველი ვერსია იუწყებოდა, რომ მისი ავტორი, სემ ბასილი, ისრაელისა და ამერიკის მოქალაქე უნდა ყოფილიყო, ფილმის ხუთმილიონიანი ბიუჯეტი კი ებრაელი დონორების შემოწირულობებით მოგროვდა. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ სემ ბასილი ფსევდონიმია, ის არც ისრაელიდანაა და არც ებრაელები აფინანსებდნენ. თანაც, არავინ იცის, ის მართლაც ზემოხსენებული ნაკულა ბასელეი ნაკულაა, თუ ვინმე სხვა. მედიის მხრიდან საქმეში ებრაელების ჩართვამ კი სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა, მათ მიმართ მუსლიმთა „განსაკუთრებული” დამოკიდებულების გამო.

განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში დებატი კომპრომისის მიზანშეწონილობაზე – გამოხატვის თავისუფლება, როგორც ფუნდამენტური ფასეულობა, თუ მუსლიმური სამყაროს გაღიზიანებისგან თავის შორს დაჭერა ნებისმიერ, თუნდაც მთავარ დასავლურ ფასეულობებზე კომპრომისზე წასვლის ფასად.

პარალელურად, კარგად გამოიკვეთა ამერიკული საგარეო პოლიტიკის კრიზისი. როგორც ჩანს, თეთრი სახლი ძალადობის ახალი ტალღის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს და აცხადებს, რომ მუსლიმების პროტესტი ამერიკის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს დისკურსი საგარეო პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ ობამას რბილი პოლიტიკის გაგრძელებაა.

ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში თომას ჯეფერსონი მიიჩნევდა, რომ სისუსტე მტრებს ზიანის მიყენებისკენ უბიძგებს, ამის თავიდან არიდების საშუალება კი მათი დასჯის უნარია. მოგვიანებით, რადიკალური ისლამისტური ჯგუფების ანტიდასავლური გამოსვლების დაშოშმინება ერთდროულად, „რბილი ძალითა” და სამხედრო ძლიერების დემონსტრირებით ხდებოდა.

ბარაკ ობამამ საპირისპირო მიდგომა აირჩია: რადიკალურ მუსლიმურ დაჯგუფებებთან ისლამისა და ამერიკული ღირებულებების თანხვედრაზე, რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვაზე”, ირანთან კი ბირთვული პროგრამის მოლაპარაკებებით შეჩერებაზე დაიწყო საუბარი. ობამას კონსერვატორი ოპონენტების აზრით, პრეზიდენტის მსგავსი პოლიტიკა მოწინააღმდეგეებმა ამერიკის დასუსტებად აღიქვეს, რასაც ანტიამერიკული ტალღის კიდევ უფრო გაძლიერება მოჰყვა. დღესდღეობით, შტატებით უკმაყოფილოთა რიცხვი იორდანიაში 79%-დან 86%-მდე, ეგვიპტეში კი 75%-დან 79%-მდე გაიზარდა. ეს უკანასკნელი, ამერიკისგან მიღებული დახმარებების (1 მილიარდი აშშ დოლარი) ეკვივალენტს თავდასხმითი წყალქვეშა ნავების შეძენაში ხარჯავს და არავითარ ღონეს არ ხმარობს ძალადობრივი ანტიამერიკული გამოსვლების შესაჩერებლად.

საპროტესტო გამოსვლა ავღანეთში, ჯალალაბადი
საბოლოოდ, გაურკვეველია, რა იყო ვიდეოს შექმნის მიზანი – ბრაზის გამოწვევა, მუსლიმთა შეურაცხყოფა, სკანდალი, რომელზეც ავტორები გაერთობოდნენ თუ უგემოვნო ხუმრობა, რომელმაც არ გაამართლა. მთავარი ის არის, რომ მოტივის დადგენას ან ვიდეოს შინაარსის კვლევას არც აზრი აქვს და ეს არც საქმის არსს ცვლის – აშშ-ის კონსტიტუცია გამოხატვის თავისუფლებას იცავს, მოტივის მიხედვით ავტორების განსჯას ამ პრინციპის რღვევისკენ მივყავართ. ფილმის კეთებისას თუ სამზარეულოში საუბრისას თავისი მოქალაქეების კონტროლის მცდელობა კი დასავლეთს თავად ამგვანებს მას, ვისი გაღიზიანებაც არ სურს. მით უმეტეს, როდესაც გაღიზიანების შესაძლო ვარიანტები საკმარისზე მეტია.

გამოცდილება აჩვენებს, რომ შეხვედრები პოლიტიზებულ ისლამსა და გამოხატვის თავისუფლების დასავლურ ტრადიციას შორის არცთუ მშვიდობიანად სრულდება. ამ საკითხში ერთმანეთთან პრინციპულ წინააღმდეგობაში მოდის შარიათი, რომელიც მუჰამედის გამოსახვას მკრეხელობად მიიჩნევს და აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება. მაგალითად, 2004 წელს რეჟისორ თეო ვან გოგის მკვლელობაც კმარა. მაროკოელი წარმოშობის ახალგაზრდა მუსლიმმა ის ამსტერდამის ქუჩაში მოკლა – მიზეზი ისლამურ კულტურაში ქალების ჩაგვრაზე გადაღებული ფილმი იყო. მომდევნო წელს კი რისხვა თავს დანიას დაატყდა – გაზეთში მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების ცნობილი ამბის გამო.

ამავე ჯაჭვის რგოლია უკანასკნელი ამბები – პრინციპული წინააღმდეგობის შესახებ კარგად უნდა სცოდნოდა დასავლეთში განათლებამიღებულ ეგვიპტის პრეზიდენტს, როცა ფილმის ავტორების დასჯა მოითხოვა – ეს საფუძველს იძლევა, ვიფიქროთ, რომ თავის დროზე აიათოლა ხომეინის მსგავსად, მორსი და მუსლიმური საძმოც შტატების ადმინისტრაციის აშკარა სისუსტემ წაახალისა. შემრიგებლური მცდელობები, ერაყის ომის დაგმობა თუ სამყაროს არაბული ქვეყნების პრიზმიდან ხედვა, როგორც 2008 წელს პრეზიდენტი ბარაკ ობამა აპირებდა, არაქმედითუნარიანი აღმოჩნდა. ისევე, როგორც „უკნიდან წინ გაძღოლის” პოლიტიკა, რომელიც ამერიკის დომინანტი როლის უარყოფას გულისხმობს.

წინა შემთხვევების მსგავსად, მომხდარში მთავარ საფრთხეს ახლაც ბრალეულობის ავტორებისთვის შემოტრიალება შეიცავს, დამოუკიდებლად მათი მოტივისა. რელიგიის ლეგიტიმურ კრიტიკას, შარჟსა და შუღლის გაღვივებას შორის მკაფიო ხაზის გავლება შეუძლებელია – არავინ იცის, რომელი ქმედება აღმოჩნდება სხვების შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებების საბაბი. შეუძლებელია, დავადგინოთ ზღვარი, სადაც გამოხატვის თავისუფლება „საშიში” ხდება: რელიგიის თავისუფლებასთან მიმართებით, სიტყვის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც მყისიერ საფრთხეს ქმნის. მხატვრული ნაწარმოები, ფილმი თუ რომელიმე რელიგიის ნებისმიერი ფორმით კრიტიკა ამ კატეგორიაში ისევე ვერ თავსდება, როგორც ბეტმენის ეკრანიზაცია, რომლის პრემიერასაც კოლორადოს კინოთეატრში მასობრივი მკვლელობა მოჰყვა.

ასეთი „დანაშაულის” კატეგორიზება და გამოხატვის თავისუფლების ერთ ნაწილში შეზღუდვა შეუძლებელია – ის ან არსებობს, ან არა. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ე.წ. ისლამოფობიის რაიმე სახით რეგულირებას ან სრულად კრიმინალიზებას ითხოვენ. მაგალითად, ამ იდეას ლობირებს გავლენიანი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელმაც 2007 წელს ისლამოფობია „ტერორიზმის ყველაზე უარეს სახედ” შეაფასა. გასულ წელს ობამას ადმინისტრაცია მხარს აქტიურად უჭერდა გაეროში მათ რეზოლუციას რელიგიური ტოლერანტობის შესახებ. ეს უკანასკნელი რელიგიასთან დაკავშირებული გარდაუვალი ძალადობის კრიმინალიზებას ითვალისწინებდა, რაც, თავისთავად, მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

სადავო ტერმინია თავად „ისლამოფობიაც”, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური ისლამის კრიტიკას მოიაზრებს, მაგრამ ანტისემიტიზმის, რასიზმის, ქსენოფობიის რანგში განიხილება. მის კრიმინალიზებას დასავლეთში ულტრამემარცხენეები მულტიკულტურალიზმის სახელით ლობირებენ – ორგანიზაციები, რომლებიც იმავე ისრაელს გამუდმებით აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, არაბულ ქვეყნებს განსხვავებულ კრიტერიუმებს უყენებენ. პარალელურად კი, დასავლური პოლიტიკიდან, სამართალიდან და კულტურიდან ტრადიციული რელიგიის გაძევებისთვის იღვწიან. მუსლიმურ ქვეყნებში ჰომოსექსუალთა და ქალთა უფლებების უხეშ ხელყოფაზე თვალის დახუჭვა და, მეორე მხრივ, საკუთარ ქვეყანაში ამ უფლებებისთვის ბრძოლა, ერთი შეხედვით, პარადოქსია, თუმცა რადიკალ მემარცხენეებს და ისლამურ ქვეყნებს აერთიანებთ ამერიკის მჩაგვრელ, ბოროტ ძალად აღქმა. ისევე, როგორც მტრული განწყობა ისრაელის მიმართ.

იგივე შეიძლება ითქვას დასავლურ მედიასა და აკადემიურ ისტებლიშმენტზე: როგორც წესი, მათი შეფასებები ბევრად მკაცრია ქრისტიანთა მიმართ, რომლებიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას აპროტესტებენ, ვიდრე მუსლიმების. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანების პროტესტი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მშვიდობიანია.

ისლამოფობიის საერთაშორისო რეგულირების შემთხვევაში, არა მარტო გამოხატვის თავისუფლების პრინციპი ირღვევა, არამედ ისლამურ ქვეყნებში დამატებითი საფრთხე ექმნებათ რელიგიურ რეფორმატორებს და უმცირესობებს, რომელთაც ისედაც ეზღუდებათ თავისუფლება – მკრეხელობა და ისლამისგან გადახრა სიკვდილით ისჯება ავღანეთში, ირანში, პაკისტანში, საუდის არაბეთში. რომ არაფერი ვთქვათ ტერორისტული ორგანიზაციების გამუდმებულ ფატალურ თავდასხმებზე, რომლის მაგალითად გასულ წელს, ეგვიპტეში კოპტური ეკლესიის დაწვა და შემდგომში მსხვერპლი გამოდგება. ამასთან, დაცვის გარანტიების არქონა ცხოვრებას კიდევ უფრო გაურთულებს დისიდენტებს, რომლებიც ისედაც გამუდმებული სასიკვდილო მუქარის ქვეშ არიან.

როგორც აღმოჩნდა, გამოხატვის თავისუფლება უპირატესია თავად ამერიკის მოქალაქეებისთვის: ანტიამერიკული პროტესტის დღეებში Rasmussen Reports-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელი ამომრჩევლის 72%-ს ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვნად სიტყვის თავისუფლების გარანტია მიაჩნია. მხოლოდ 15% ფიქრობს, რომ მეტად მნიშვნელოვანია, სხვა ერების ან კულტურების გაღიზიანებას მოერიდო. დარჩენილ 13%-ს კი ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

ერთი რამ ნათელია – მობოდიშების მცდელობები ბრბოს დაშოშმინებას არ გამოიწვევს – ძალადობის ეს ტალღა, ისევე როგორც წინამორბედები, სპონტანური სამოქალაქო პროტესტი არ ყოფილა. სიტუაციით კარგად ისარგებლეს რადიკალმა ისლამისტებმა – გაჩნდა ვარაუდი, რომ თავდასხმების ორგანიზატორები იყვნენ ტერორისტული დაჯგუფების წევრები, რომელთაც ფილმს მოყოლილი პროტესტი წინასწარ შერჩეულ სამიზნეებზე დარტყმისთვის გამოიყენეს. Fox News-ის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ ბენღაზიში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის ორგანიზატორი გუანტანამოდან 2007 წელს გათავისუფლებული სუფიან ბინ ქუმუ იყო, ეს ვარაუდი კიდევ უფრო გაამყარა.

დემონსტრანტებმა აშშ-ის საელჩოსკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. კაირო, ეგვიპტე
არაბულ გაზაფხულს დიქტატორების ჩამოგდება მოჰყვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ თავისუფლება შეუქცევადად გავრცელდა. ამას მრავალი ფაქტორი განაპირობებს: როგორც წესი, ქვეყნები დიქტატორული რეჟიმიდან პირდაპირ ლიბერალურ დემოკრატიაზე ვერ გადადიან. აღსანიშნავია ისიც, რომ პროამერიკული დიქტატორების ჩამოგდების შემდეგ, ძალაუფლებას ანტიამერიკანისტი ტირანები იღებენ, როგორც ბატისტას და ფიდელ კასტროს, ან 1979 წელს ირანის შაჰის ბევრად რეპრესიული რეჟიმით შეცვლისას მოხდა. ამასთან, არც თავისუფლებასა და არც ტოლერანტობას არაბულ სამყაროში საძირკველი არ აქვს. თანაც, ადამიანების ეკონომიკური ცხოვრება, ტრადიციულად, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რაც თავისუფალი საზოგადოების განვითარებას აფერხებს. რომ აღარაფერი ვთქვათ ისრაელის განადგურების იდეაზე, რაც თანამედროვე სამყაროში ინტეგრირების სერიოზული დაბრკოლებაა.

მნიშვნელოვანია კულტურული ფაქტორებიც. ფოუდ აჯამი, ლიბანელი წარმოშობის ამერიკელი პროფესორი და ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, წერს, რომ მუსლიმებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აწამებთ – ამერიკის საელჩოების დასარბევად ისინი ამერიკული ძალის ხიბლისა და მისი სიძულვილის სასიკვდილო ნაზავს გამოჰყავს. ეს კონტრადიქციები ძალაში რჩება დასავლეთის მკაცრი თუ რბილი დამოკიდებულების მიუხედავად. ერთადერთი, რაც თავის დახრას შეუძლია, იმ მოლოდინის გამძაფრებაა, რომ აშშ ვიდეოს ავტორებს დასჯის და ამით უპასუხებს მოთხოვნას, რომელზე მკაფიო „არას” თქმა, როგორც ჩანს, ადმინისტრაციას აშინებს.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები