ქართული ოცნება

გაფრთხილება ქართულ ოცნებას

კარლ ბილდტი

კარლ ბილდტი
ემზადება თუ არა ქართული ოცნება არჩევნების შემდეგ არეულობის ორგანიზებისთვის? აპირებს თუ არა კოალიცია, ცნოს არჩევნების შედეგები, თუნდაც ისინი ქართულ ოცნებას არ აკმაყოფილებდეს? შეშფოთებას ამ საკითხების გამო დასავლელი დიპლომატები უკვე ღიად გამოხატავენ.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულემ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ საკუთარი მოთხოვნა გააჟღერა. როგორც რადიო თავისუფლებას ფულეს სპიკერმა, პეტერ სტანომ აცნობა, ივანიშვილს ევროკომისართან შეხვედრა სურდა. თუმცა ფულე ამ შეხვედრაზე თანახმა მხოლოდ გარკვეული პირობითაა – თუ ქართული ოცნება ხელს მოაწერს პარტიების ქცევის კოდექსს და მისთვის „მისაღე-ბი იქნება არჩევნების შედეგები, თუ მათ ლეგიტიმურად მიიჩნევენ ავტორიტეტული სამეთვალყურეო ორგანიზაციები, უწინარეს ყოვლისა, ეუთო და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR)”.

მანამდე კი შეშფოთება ქართველი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის პოსტსაარჩევნო გეგმების გამო, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა გამოთქვა. „შემაშფოთებელია ის შესაძლო უცნაური სიგნალები, რაც ოპოზიციის ლიდერი მულტიმილიარდერისგან მოდის. ზოგჯერ ეს ისე ჟღერს, რომ საარჩევნო ყუთებმა კი არა, არჩევნების შემდეგ ქუჩამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა მართოს ქვეყანა”, – ეს ჩანაწერი შვედმა დიპლომატმა საკუთარ ბლოგზე 4 სექტემბერს, საქართველოში ვიზიტით ყოფნისას გააკეთა.

ამავე ჩანაწერში ბილდტი აღნიშნავდა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ევროპული სტანდარტების დაცვით ჩატარდეს. ოპოზიციამ კი, როგორც ბილდტი საგანგებოდ უსვამს ხაზს, „უნდა მიიღოს არჩევნების შედეგები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს შედეგები მის სასარგებლოდ არ იქნება”.

თავად ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ კარლ ბილდტმა, რომელიც საქართველოში შეხვედრებს პოლონელ კოლეგა რადოსლავ სიკორსკისთან ერთად მართავდა, ქართული ოცნების ლიდერთან შეხვედრაზე ეს საკითხი მართლაც დასვა. თუმცა ივანიშვილმა დიპლომატის ამ საკითხით დაინტერესება ხელისუფლების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით ახსნა. „ჩვენ ძალიან კარგად ავუხსენით და გავაგებინეთ, რომ ხელისუფლება ახერხებს სიცრუის დანერგვას და ისინი შეცდომაში შეჰყავდათ”, – თქვა ივანიშვილმა.

თუმცა ამან, როგორც აღმოჩნდა, ბილდტი ვერ დაარწმუნა. პირიქით, როგორც დიპლომატი უკვე ოპოზიციონერებთან, მათ შორის, ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ წერდა, „კიდევ უფრო გაძლიერდა” მისი ეჭვი, რომ ოპოზიციის ნაწილი „არჩევნების შემდგომ დღეზე უფროა ფოკუსირებული, არეულობების თვალსაზრისით”, ვიდრე უშუალოდ საარჩევნო პროცესზე.

რაც შეეხება ევროკომისარ ფულეს მთავარ მოთხოვნას. პარტიების „ქცევის კოდექსი” ივლისის თვეში შემუშავდა. დოკუმენტი, რომელსაც ქართული ოცნების გარდა, არჩევნებში მონაწილე პრაქტიკულად ყველა ძალა შეუერთდა, წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ პრინციპებს აყალიბებს. პირველ რიგში – უარს ძალადობაზე, ამომრჩევლის მოსყიდვაზე და არჩევნების შედეგების უპირობო ცნობას, თუ მათ სამართლიანობას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები დაადასტურებენ.

ქართულმა ოცნებამ მაშინ ქცევის კოდექსის ხელმოწერის (და მომავალი არჩევნების შედეგების აღიარების) სანაცვლოდ საკუთარი პირობები წამოაყენა – მათ შორის, სახელმწიფო აუდიტის მიერ კოალიციის წინააღმდეგ წარმოებული საქმეების გადახედვა; სატელიტური ანტენების გავრცელებაზე შეზღუდვების მოხსნა და უცხოეთში მყოფი მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცედურის გამარტივება. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა კოალიციის ეს მოთხოვნები ულტიმატუმად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ქართულ ოცნებას კოდექსით გათვალისწინებული თამაშის წესების დაცვა არ სურს.

თუმცა, უკვე მას შემდეგ, რაც ევროკომისრის პოზიცია გახდა ცნობილი, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქცევის კოდექსისთვის კოალიციას ხელი მოწერილი აქვს, შტეფან ფულეს კი „ინფორმაცია არასწორად მიაწოდეს”.

ასევე არასწორ ინფორმირებულობას მიაწერა ქართული ოცნების ლიდერმა ესტონეთის თავდაცვის მინისტრის ურმას რეინსალუს სტატია Wall Street Journal-ში, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ქართული ოცნება აპირებს, არჩევნების შედეგები არ აღიაროს და სწორედ

შტეფან ფულე
ამის გამო, პარტიათა ქცევის კოდექსს ხელს არ აწერს. რეინსალუ ქართულ ოცნებას პუტინის პროექტად მოიხსენიებდა. მას მიაჩნია, რომ საქართველოში მომავალი არეულობა სწორედ მოსკოვის ჩარევისთვის ნიადაგის მზადებას ემსახურება.

თავად ივანიშვილმა კატეგორიულად უარყო არეულობის მოწყობის გეგმები. თუმცა 5 სექტემბერს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ხმების არასწორად დათვლის შემთხვევაში, „ჩვენ გამოვიყვანთ და პირდაპირ დავათვლევინებთ ხალხს ქუჩაში, რამდენმა კაცმა მოგვცა ხმა”.

დასავლეთში ქართული ოცნების ლობისტური კომპანიების აქტიური მცდელობების მიუხედავად, კოალიციამ ვერ შეძლო დასავლელი დიპლომატების ბოლომდე დარწმუნება იმაში, რომ ხელისუფლებაში ლეგიტიმური გზით მოსვლა სურს.

ამავე დროს, საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩნდა ძალა, რომელმაც დასავლეთის შეშფოთება არ გაიზიარა და ქართული ოპოზიციის მიმართ დიპლომატების მოთხოვნები გააკრიტიკა. 11 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უსაყვედურა. მან აღნიშნა, რომ კარლ ბილდტი, რომელიც „ცნობილია თავისი აქტიური მხარდაჭერით არაბული რევოლუციების და სხვა ქვეყნებში საპროტესტო აქციების მიმართ”, ცდილობს „საქართველოში არჩევნების დროს დემოკრატიული ნორმების შესაძლო დარღვევებზე რეაქცია აპრიორი შეიზღუდოს”. რაც, ოფიციალური მოსკოვის აზრით, არათანმიმდევრული პოზიციისა და „შერჩევითი აღქმის” ნიშანია.

საქართველოს საგარეო უწყებამ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ მოსკოვის ამგვარი რეაქცია საქართველოს საქმეებში ჩარევის და „ხელის ფათურის” მცდელობაა.

 

კომენტარები