არჩევნები

ხმის მიცემა საზღვარგარეთ

0 კომენტარი

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა დაეკმაყოფილებინათ: უნდა ყოფილიყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე; უნდა გაევლოთ საარჩევნო რეგისტრაცია შესაბამის საკონსულო დაწესებულებაში ან საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბანში. 11 სექტემბერს, კანონით განსაზღვრულ ვადაში, საარჩევნო სიების კომისიამ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების სია. ასეთი სულ 42 613 ამომრჩეველი იყო. მათგან რეგისტრაცია 1409-ამ გაიარა. საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებზე დამატებითი რეგისტრაცია კი კიდევ 768 ამომრჩეველმა გაიარა. არჩევნებში მონაწილეობის მიღებას სწორედ ისინი შეძლებენ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ხელშესაწყობად, მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, საარჩევნო რეგისტრაცია დამატებით გაევლოთ – 12 და 13 სექტემბერს. ამისათვის საჭირო იყო, პირადად გამოცხადებულიყვნენ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე და წარედგინათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები სხვა პიროვნების მეშვეობით, ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულებების საფუძველზე. საკონსულოში საარჩევნო რეგისტრაციის გასავლელად მოქალაქეს თან უნდა ჰქონოდა პასპორტი. ოპოზიციური პარტიებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ რეგისტრაციის მსურველებს დაბრკოლებას უქმნიდნენ, რადგან დამატებით დოკუმენტაციას სთხოვდნენ, კონკრეტულად – საცხოვრებელი ადგილიდან ცნობას, რასაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უარყოფენ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმაზეც, რომ საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებდნენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ მყოფ ყველა მოქალაქეს თავისუფლად შეეძლო საკონსულოებში მისვლა და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირება, რადგან არჩევნებში მონაწილეობისთვის არ არის სავალდებულო საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა.

პრობლემურ საკითხად სახელდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში საარჩევნო უბნების არასაკმარისი რაოდენობაც. საბოლოოდ, ცესკომ არსებული უბნების რაოდენობა 45-მდე გაზარდა. დამატებითი საარჩევნო უბნები შეიქმნა ხუთი ქვეყნის ხუთ ქალაქში: დუბლინში, ოტავაში, ბუდაპეშტში, ლისაბონსა და ბარსელონაში. ჯამში, საქართველოს მოქალაქეებს 36 ქვეყნის 43 ქალაქში შეეძლებათ ხმის  მიცემა.

რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, საზღვარგარეთ უბნების შექმნისას კომისია პირველ რიგში ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადმოცემული მონაცემებით. ხოლო იმისთვის, რომ უბანი გაიხსნას, საქართველოს ამ ქვეყანასთან უნდა ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობა და იქ საკონსულო უნდა იყოს გახსნილი. ამ საკითხზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემაც: „მოსკოვში საარჩევნო უბნის გახსნა უდავოდ პრობლემური საკითხია. ბევრი ვიმსჯელეთ ამაზე, თუმცა, დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობისას, ძალიან რთულია ტექნიკურად უზრუნველყო არჩევნების ჩატარება უსაფრთხო და დაცულ პირობებში”, – განაცხადა მან.

საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები ერთ საარჩევნო ოლქს შეადგენს და, კანონის თანახმად, მათ შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია აჯამებს. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, სხვა სახელმწიფოში გახსნილ უბნებზე რეგისტრირებული იყო 32 903 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მათმა 10.5%-მა – 3454-მა ამომრჩეველმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები