თეატრი

მათთვის, ვისაც თეატრი უყვარს

სცენა სპექტაკლიდან \"ღმერთების დაცემა\". პოლონეთი

სცენა სპექტაკლიდან \"ღმერთების დაცემა\". პოლონეთი
სექტემბერი ქართველი თეატრალებისთვის გამორჩეული თვეა, რადგან ყოველწლიურად, შემოდგომის სწორედ ამ დროს, დედაქალაქი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უკვე მეოთხე წელია იმართება და ამ ხნის განმავლობაში, მაყურებელს საშუალება ჰქონდა, არაერთი საინტერესო წარმოდგენა ენახა. მათ შორის, ისეთი ლეგენდარული სპექტაკლიც კი, როგორიც 2010 წელს ჩამოტანილი ჯორჯო სტრელერის „არლეკინო, ორი ბატონის მსახური” იყო. რა იქნება წარმოდგენილი წლევანდელ პროგრამაში და როგორ იმოქმედა ფესტივალის ოთხმა წელმა თავად ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესებზე, ამის შესახებ ტაბულა ფესტივალის დირექტორსა და მარჯანიშვილის თეატრის მმართველს, ეკატერინე მაზმიშვილს ესაუბრა.

ეკატერინე მაზმიშვილი: „მიუხედავად იმისა, რომ არაერთი უარყოფითი მოსაზრება მსმენია ქართული თეატრის შიდა

სცენა დრამ შოუდან \"დადადადან ტენკო\". იაპონია
პროცესებთან დაკავშირებით, ვერ დავეთანხმებოდი ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით მხოლოდ ნაკლოვანებებზე მიანიშნებენ. ეს გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ჩვენთან ძალიან აქტიური გახდა თანამედროვე დრამატურგია, ქართული დასები წარმატებით გამოდიან საზღვარგარეთ და სპექტაკლებს დადებითი გამოხმაურება აქვს უცხოური პრესის მხრიდან.

თეატრი ყოველთვის ძიების პროცესშია და მისთვის ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი იზოლაციაა. რაც მეტს ნახულობ და ეცნობი, მით მდიდრდება ადამიანის შინაგანი სამყარო, იცვლება ფასეულობები, აზროვნება. ამიტომაც, ფესტივალის შექმნის პროცესში, ჩვენ სწორედ ამას ვფიქრობდით, რომ თბილისს, რომელიც თავისი თეატრალური ტრადიციებით გამორჩეული ქალაქია, უნდა ჰქონოდა მეტის ნახვის საშუალება. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი კარგი სპექტაკლის ჩამოტანა შევძელით, ვფიქრობ, ამ ოთხი წლის განმავლობაში რაღაც შედეგს მივაღწიეთ”.

წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართული, საერთაშორისო სპექტაკლები და პროგრამა New, რომელიც ისევე, როგორც გასულ წლებში, ჟანრობრივად და თემატურადაც მრავალფეროვანია. ფესტივალის განმავლობაში თხუთმეტი ქვეყნის ორმოცდაათამდე სპექტაკლი იქნება ნაჩვენები.

უდავოა, რომ ქართული პროგრამიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს შექსპირის პიესის ლევან წულაძისეული ინტერპრეტაცია. „როგორც გენებოთ” ქართველმა რეჟისორმა რამდენიმე თვის წინ, ლონდონური გასტროლისთვის დადგა

\"ქორწილი\". ბელარუსი
და მის პრემიერას დიდი წარმატება, თეატრის კრიტიკოსთა აღიარება ხვდა წილად „გლობუსის” სცენაზე. სპექტაკლის თბილისური პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში 17 სექტემბერს გაიმართება.

საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ასევე საპრემიერო სპექტაკლით წარდგება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასიც. სპექტაკლს „ეს თავდაყირა სამყარო” ქართველი მაყურებელი პირველად 29 სექტემბერს, გრიბოედოვის თეატრის სცენაზე იხილავს. ქორეოგრაფია ამერიკელ თრეი მაკინტაერს ეკუთვნის, რომელსაც ბალეტის თბილისელი მოყვარულები 2004 წლიდან იცნობენ, თბილისური საბალეტო დასისთვის დადგმული სპექტაკლებიდან: “ზაფხულის ღამის სიზმარი” და „წამი გარდასახვამდე”.

წლევანდელი ფესტივალის საერთაშორისო პროგრამიდან კი ორგანიზატორებიც და კრიტიკოსებიც ერთმნიშვნელოვნად პოლონელი რეჟისორის – მაია კლეჩევსკას „ღმერთების დაცემას” გამოარჩევენ.

ეკატერინე მაზმიშვილი: „ღმერთების დაცემა”, ფესტივალზე წარმოდგენილ სპექტაკლებს შორის, გამორჩეულია. ის ცალკე დგას თავისი სამსახიობო ანსამბლით, უნიკალური რეჟისურით, მხატვრობით და დადგმის სრულიად გამორჩეული სტილით. ეს არის წარმოდგენა, რომელიც ადამიანმა არ უნდა გააცდინოს, თუ მას სურს იცოდეს, როგორი შეიძლება იყოს დღეს თეატრი”.

სცენა სპექტაკლიდან \"იქნებ, იქნებ...\". მექსიკა
ერთი ოჯახის მორალურ დეგრადაციასა და ღირებულებებზე შექმნილ „ღმერთების დაცემას” არაერთგზის მოჰყვა საერთაშორისო აღიარება კრიტიკოსთა მხრიდან. მის რეჟისორს, 39 წლის მაია კლეჩევსკას კი თეატრალები მიიჩნევენ პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პროვოკატორად, რომელიც არასდროს უშინდება თამამ ექსპერიმენტებს სცენაზე: „მან ლუკინო ვისკონტის სცენარის სიუჟეტი გამოიყენა და გვაჩვენა უფუნქციო ოჯახი, რომელიც დღესაც ძალზედ მოდური და არცთუ ისე უცხოა თანამედროვე საზოგადოებისთვის, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. იგი უბრუნდება ნაციზმს, რომ უფრო ნათლად დაგვანახოს დღევანდელობა. ალბათ გაზვიადებულია, მაგრამ იქნებ შევძლოთ გავაფრთხილოთ მაყურებელი და ვაიძულოთ დაფიქრდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თეატრი აქტიურად ეხმიანება სოციალურ საკითხებს, ასეთი ძლიერი მორალური გზავნილის მქონე პიესა ძალიან ცოტაა” – ასე დაახასიათა სპექტაკლი პოლონურმა პრესამ. მისი ხილვა მაყურებელს 21 სექტემბერს, გრიბოედოვის თეატრის სცენაზე შეეძლება.

დიდი მოლოდინია ჩინელი ქორეოგრაფის და რეჟისორის – ლიუ ჟენის სპექტაკლის „კუნფუს გამოცხადება. ცხრა გრაგნილი” მიმართ, რომელიც კუნფუს, ჩინური საბრძოლო ხელოვნებისა და კლასიკური ბალეტის ელემენტების სინთეზს წარმოადგენს. „სხეულის ენა მსოფლიოს ჭეშმარიტი სამეტყველო ენაა. ამ სპექტაკლმა კი შექმნა ყველასგან განსხვავებული ლექსიკა, – ვკითხულობთ ფესტივალის კატალოგში, – წარმოდგენამ ზურგი აქცია კუნფუს ზედაპირულ გამოვლინებას და დაანგრია ძველი სტერეოტიპი, სადაც კუნფუს გმირები სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდნენ. ჩინური ცეკვა და სამხედრო ხელოვნება ქმნის ინოვაციური მოძრაობების ენას და სრულიად ცვლის ჩინურ კუნფუს. ეს არის მხატვრული ჰარმონიის მოდელი – კუნფუსა და ბალეტის ელემენტების სრულყოფილი ნაზავი”.

თბილისში ასევე განსაკუთრებით უნდა ელოდნენ რუსი რეჟისორის, ოლეგ ტაბაკოვის დადგმასაც. 26 სექტემბერს, რუსთაველის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი ალექსანდრ ოსტროვსკის კომედია „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება” ახალგაზრდა მომხიბვლელი მამაკაცის, ეგორ გლუმოვის ზრახვებისა და აზარტული ქმედებების შესახებ გვიყვება. სპექტალში მთავარ როლს ასრულებს რუსეთის სახალხო არტისტი სერგეი ბეზრუკოვი, რომელსაც მაყურებელი მრავალი ფილმიდან თუ სერიალიდან იცნობს.

„წლევანდელ ფესტივალში მონაწილე მსახიობებს შორის, ქართველი მაყურებლისთვის ბეზრუკოვია ყველაზე ცნობილი და

სცენა სპექტაკლიდან \"კუნფუს გამოცხადება\". ჩინეთი
შეიძლება ითქვას, „მოდური” არტისტი. გარდა ამისა, თუ მაია კლეჩევსკას სპექტაკლის შემთხვევაში, დიდი დახმარება გაგვიწია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საელჩომ, ტაბაკოვის დადგმის ჩამოსატანად მსგავსი ფინანსური თანადგომა ნაკლებად გვქონდა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ საერთაშორისო სპექტაკლების ბილეთის ღირებულება, ხშირ შემთხვევაში, გაცილებით დაბალია საქართველოში, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც ისინი დაიდგა”, – ამბობს ეკატერინე მაზმიშვილი. ტაბაკოვის სპექტაკლს, უფრო სწორად – მის სცენურ ვერსიას, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა თეატრალურ წრეებში, რასაც თავად რეჟისორმა ასე უპასუხა: „ჩვენ თავისუფლები ვართ და თავად შეგვიძლია ავირჩიოთ თვითგამოხატვის გზები”.

ფესტივალის ფარგლებში იგეგმება საერთაშორისო კრიტიკოსთა ასოციაციის სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი კრიტიკოსები. მათ შორის, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი მარგარეტა სორენსონი. ორგანიზატორების თქმით, სიმპოზიუმის მონაწილეთა მოხსენებები გამოიცემა ბეჭდური სახით და დაიდება ფესტივალის ვებგვერდზე.

ეკატერინე მაზმიშვილი: „ჩვენ უკვე მესამე წელია ვთანამშრომლობთ თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციასთან, რომლის წარმომადგენლებიც რეგულარულად ესწრებიან როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ პროგრამას და წერენ ჩვენ მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და გვახარებს”.

წარმოდგენებზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 10-120 ლარამდე მერყეობს. ფესტივალი პარასკევს, 14 სექტემბერს გაიხსნა და 30-მდე გასტანს. საერთაშორისო პროგრამის ნახვა კი მაყურებელს 20 სექტემბრიდან თბილისის სამეფო უბნის თეატრის, თავისუფალი თეატრის, რუსთაველის, გრიბოედოვის, მარჯანიშვილისა და მუსიკისა და დრამის თეატრებში შეეძლება.

 

კომენტარები