კრივი

მანასელი ძვლის მტვრეველი

ტაბულა იწყებს ახალ რუბრიკას – მსოფლიო კრივის ვარსკვლავები, რომელსაც ორ კვირაში ერთხელ შემოგთავაზებთ. დღევანდელი წერილი ლეგენდარულ ჯეკ დემპსიზეა.

მსოფლიოში რთულად თუ მოიძებნება მოკრივეთა ისეთი რეიტინგი, სადაც ჯეკ დემპსი ნომერ პირველადაა მოხსენიებული. არა, მას ყველა დროის საუკეთესო მოკრივეს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი სიის მონახვა, სადაც დემპსი ათეულში ან უარეს შემთხვევაში ოცეულში არ იყოს.

სანამ მოკრივე გახდებოდა, ლეგენდარულმა უილიამ ჰარისონ დემპსიმ წარმოუდგენლად რთული გზა გაიარა. დაიბადა კოლორადოში, მაგრამ იქ დიდხანს არ გაჩერებულა. მანასელი ძვლის მტვრეველი (როგორც მას შემდგომში უწოდებდნენ) ურთულეს პირობებში იზრდებოდა. ხშირად ყოფილა, რომ ჯეკი და მისი 10 და-ძმა რამდენიმე დღე მშივრები იყვნენ.

ერთხელ, მატარებლით მგზავრობისას, დემპსიმ შენიშნა, თუ როგორ ეხვეწებოდა დედა კონდუქტორს, რომ ვაგონიდან არ ჩაეგდო, რადგან მგზავრობის საფასურის გადახდა არ შეეძლოთ. სწორედ ეს მომენტი აღმოჩნდა გარდამტეხი, 15 წლის უილიამ ჰარისონ დემპსიმ გადაწყვიტა – რამე უნდა ექნა, ასე ცხოვრება არ სურდა. შემდგომში, ამ ეპიზოდის გახსენებისას, დემპსი ჰყვებოდა: „ვუყურებდი დედას, კონდუქტორის დამცინავ სახეს და გული ბრაზით მევსებოდა. იმ წამს თავს პირობა მივეცი, რომ არასოდეს არავის მოწყალების იმედზე არ ვიქნებოდი!”. ჯეკ დემპსი მსოფლიოს ჩემპიონი და ლეგენდა მხოლოდ ვარჯიშის ხარჯზე არ გამხდარა – მას ღირსება და თვითგადარჩენის ინსტინქტი სისხლში ჰქონდა.

დემპსი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა სახლიდან წავიდა – ვაგონებში ცხოვრობდა და ნავთობჭაბურღილებზე მუშაობდა. ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობდა ლუკმა-პურის საშოვნელად მანამ, სანამ ერთ დღეს პოლიციელმა ისე არ სცემა, რომ ძლივს გადარჩა. მაშინ მიხვდა, რომ მხოლოდ მუშაობა არ კმაროდა და ველური დასავლეთის ტიპური ბარები, სადაც სასტიკი ბრძოლები იმართებოდა, ჯეკის მუდმივ ადგილსამყოფელად იქცა. ბარში ჩხუბების შემდეგ რინგზე გასვლა ერთი სიამოვნებააო, ამბობდა ის.

19 წლის კიდ ბლექი, როგორც თავის თავს მოიხსენიებდა, ნიუ იორკში ჩავიდა. იქამდე დემპსის ასამდე არაოფიციალური ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, რომელთა უმეტესობაც ბრუტალურად მოიგო. სისწრაფე და არანორმალური სიძლიერის მარცხენა ჰუკი მანასელი ძვლის მტვრეველის კოზირები იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ნიუ იორკი დემპსის არ იცნობდა. თავის დამკვიდრება ამ ქალაქში ურთულესი იყო და ჯეკმა გადაწყვიტა, შანსისთვის ებრძოლა. დემპსიმ ადგილობრივი ორთაბრძოლების ორგანიზატორები მოატყუა, რომ კლდიანი მთების ჩემპიონი იყო, თუმცა ასეთი ტიტული არ არსებობდა. მომავალ მოწინააღმდეგეთა სამწუხაროდ, ჯეკი რინგზე დაუშვეს.

სასტიკი ნოკაუტების აურაცხელი რაოდენობა – ჯეკ დემპსი მიწასთან ასწორებდა ყველას, ვისაც ხვდებოდა. მალე მისი ბრძოლის აგრესიულმა მანერამ, რომელიც ქუჩურ ჩხუბს მოგაგონებდათ, ლეგენდარული პრომოუტერის, ტექს რიკარდის ყურადღება მიიპყრო.

ტექსი მიხვდა – დემპსისგან დიდი ჩემპიონი დადგებოდა და მანასელ ძვლისმტვრეველს ოცნებაც აუხდა – რიკარდის დახმარებით, მძიმე წონაში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან მოუწევდა ბრძოლა.

ჯეს უილარდი ნამდვილი გიგანტი და იმ დროის საუკეთესო მოკრივე იყო. 1.98 სანტიმეტრის სიმაღლის, დემპსიზე 15 სანტიმეტრით მაღალი და, როგორც აწონვაზე გაირკვა, 26 კილოთი მძიმე აღმოჩნდა. სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ჯეკს მცირე შანსიც კი არ ჰქონდა და გოლიათი, რომელსაც ცოტა ხნის წინ რინგზე მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი, მოწინააღმდეგეს ადვილად დაამარცხებდა. მზადების პროცესში დემპსის სპეციალურად არ აჩვენებდნენ მოწინააღმდეგეს და ეუბნებოდნენ – ჯეკ, ის ძლიერია, მაგრამ ქონის მასაა... ფორმაში არ არის, არ ინერვიულო.

დემპსი ჰყვებოდა, რომ როდესაც რინგზე გავიდა და მთასავით კაცი დაინახა, მიხვდა, უილარდთან ტიტულისათვის კი არა, სიცოცხლისთვის მოუწევდა ბრძოლა.

რა თქმა უნდა, ისტორია ჯეს უილარდის ქონთან და ფორმაში არყოფნასთან დაკავშირებით, ტყუილი აღმოჩნდა. 1919 წლის 4 ივლისს, თვრამეტი ათასი ადამიანის წინაშე, შედგა ბრძოლა, რომელსაც ხშირად დავითისა და გოლიათის შერკინებასაც უწოდებენ. 90 წამის განმავლობაში, მოკრივეები წრეზე დადიოდნენ, შემდეგ კი მოხდა ის, რამაც პუბლიკა შეძრა. მიუხედავად სიმაღლისა, ჯეს უილარდი დაბლიდან ჩხუბობდა. იგი ცდილობდა, რომ ფიზიკურად და გამძლეობით დაეჯაბნა მოწინააღმდეგე, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. უილარდმა ყურადღება მოადუნა, ოდნავ გააქტიურდა, დემპსიმ ამით ისარგებლა და მომენტალურად გაუშვა მარცხენა ჰუკი. გოლიათი რინგზე დაენარცხა, ისევე როგორც მისი კბილები. ასევე გაუტყდა ყბა და ცხვირი. ეს იყო კრივის ისტორიაში ყველაზე ძლიერი დარტყმა. შემდგომში მაიკ ტაისონი აღფრთოვანებით საუბრობდა ამ ეპიზოდზე.

უილარდი ადგა. მას წაგება არ სურდა, დემპსი კი შეუჩერებლივ ურტყამდა: მარცხენა, მარჯვენა, ისევ მარცხენა... იმდროინდელი წესებით, მოკრივე არ იყო ვალდებული, მოწინააღმდეგის ნოკდაუნში გაგზავნის შემდეგ, კუთხეში მდგარიყო. დემპსიც დავარდნილ მეტოქესთან ახლოს იდგა და წამომდგარ ჩემპიონს დარტყმების კორიანტელს აყრიდა. მეოთხე რაუნდში უილარდმა ვეღარ შეძლო ბრძოლის გაგრძელება და შედეგად, მსოფლიომ ახალი ჩემპიონი გაიცნო.

არა, დემპსი უბრალოდ ჩემპიონი არ იყო. რთულია იმის ახსნა, თუ რა აღიარება ხვდა წილად 24 წლის კოლორადოელ ბიჭს. საკულტო ფიგურა, ეროვნული გმირი, ვარსკვლავი. ასეთი აღიარება, ალბათ, მუჰამედ ალისაც კი არ ჰქონია. გაზეთები მხოლოდ ჯეკ დემპსიზე

წერდნენ, ხალხი კინოთეატრებში მისი ბრძოლის ჩანაწერის სანახავად დადიოდა. მოკლედ, დემპსი გახდა ერის ნომერი პირველი გმირი, ხოლო კრივი – ნომერი პირველი სპორტი.

დემპსის მოსვლის შემდეგ კრივი შეიცვალა. სპორტის ეს სახეობა პროფესიონალური და, ამავდროულად, პრესტიჟულიც გახდა. თუ მანამდე რინგის გარშემო ძირითადად მუშებს შეხვდებოდით, ახლა ბრძოლების საყურებლად დადიოდნენ კონგრესმენები, ლამაზად გამოწყობილი ქალბატონები ბრილიანტებით, ცნობილი მსახიობები... კრივი მოდაში იყო, დემპსი კი – შესანიშნავი. ჯეკ დემპსი ნახევრად ინდიელი, ნახევრად ირლანდიელი, ნახევრად ებრაელი – ზუსტად ასეთი ხალხის ხარჯზე გახდა ამერიკა წარმატებული სახელმწიფო. ეს ემიგრანტების ქვეყანაა, ჯეკ დემპსი კი ამის ნათელი განსახიერება – ამერიკაში თავისუფლების ქანდაკებასა და ემპაიერ სტეიტ ბილდინგთან ერთად, დემპსი ქვეყნის სიმბოლოდ იქცა.

ერთ დროს უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები სოფლელი ბიჭის ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსა. ხალხი აღმერთებდა და ახალი ბრძოლების ჩატარებას სთხოვდა, ჯეკმა კი სპორტულ ცხოვრებას თავი დაანება და შოუბიზნესით დაინტერესდა – ჰოლივუდის კარი შეაღო. რამდენიმე მხატვრული ფილმი – თვალებდახატული ჯეკ დემპსის ნახვა ხალხს უკვე კინოთეატრებში შეეძლო, მაგრამ აშკარა იყო, რომ ჩემპიონს ჩხუბი ბევრად უკეთ გამოსდიოდა. ზღაპარი კი გრძელდებოდა. დემპსიმ ფილმის გადაღებაზე ესტელ ტეილორი გაიცნო და ცოლად მოიყვანა. ამის შემდეგ, ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, ჩარლი ჩაპლინს დაუმეგობრდა და კრივში დაბრუნებაზე აღარც ფიქრობდა. მანასელი ძვლისმტვრეველი არა მხოლოდ ბომონდის ნაწილად, არამედ მის მთავარ პერსონად იქცა. შემდგომში, მოხუცებული დემპსი იტყვის, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი იყო.

თუმცა პრომოუტერების მცდელობებმა შედეგი გამოიღო. კრივის საზომებით უკვე მოხუცი დემპსი ჯინ ტანის ორჯერ შეხვდა და ორჯერვე დამარცხდა. თუკი პირველი ბრძოლის შედეგი ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, საპასუხო ორთაბრძოლის არასამართლიანობაზე დღესაც ბევრს საუბრობენ. მეშვიდე რაუნდში, ვეტერანმა ტანის მარცხენა საზარელი ჰუკი უთავაზა და დააგდო, საკამათო კი ის იყო, რომ მსაჯმა ძირს დავარდნილ ტანის, არა 10, არამედ 13-14 წამი დაუთვალა. ამბობდნენ, რომ რეფერი ფილადელფიურმა მაფიამ მოისყიდა, რაც იმ დროს ხშირად ხდებოდა, მაგრამ ფაქტია – ჯეკ დემპსიმ წააგო. ის ჰყვებოდა, რომ თვით ალ კაპონემ, რომელიც მოკრივის დიდი თაყვანისმცემელი იყო, შესთავაზა მსაჯის მოსყიდვა. ჯეკმა იტალიური მაფიის შეფს უარი შეუთვალა – „მე მას მივწერე, რომ ამ შეხვედრას უამრავი ხალხი ელოდებოდა და მათი მოტყუება სწორად არ მიმაჩნდა”.

ეს იყო ლეგენდარული მოკრივის ბოლო შეხვედრა. ამერიკას არ სურდა სრულყოფილი გმირი და სწორედ ამიტომ ვერ გახდა ინტელექტუალი ტანი ახალი დემპსი. ტანი ბერნარდ შოუსთან მეგობრობდა, უყვარდა კითხვა და მათემატიკა – აბსოლუტურად

საპირისპირო პერსონაჟი ამერიკის ახალ გმირად ვერ იქცა.

ჯეკ დემპსის სახელი რასაც უკავშირდებოდა, კატის საჭმლის რეკლამიდან დაწყებული, ყველაფერი პოპულარული ხდებოდა. საბოლოოდ, სანამ მეოთხე და უკანასკნელ ცოლს მოიყვანდა, წინამორბედები ჩემპიონს არც ისე კარგად მოექცნენ და ქონება გაუნიავეს. სწორედ ამიტომ, ჯეკმა რესტორნის გახსნა გადაწყვიტა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ცნობილმა ადამიანმა თავისი სახელობის რესტორანი გახსნა. ეს ადგილი მალევე იქცა ნიუ იორკის ყველაზე პოპულარულ დაწესებულებად. ჯეკი რესტორნის კართან იდგა და – გამარჯობა, მე ჯეკ დემპსი ვარ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.

ჩემპიონი კვლავაც რჩებოდა ხალხის კერპად და სულ იმეორებდა, იმ დღეს მსურს მოვკვდე, როცა ხალხი ავტოგრაფს აღარ მთხოვსო. მისდა საბედნიეროდ, ასეთი დღე არ დამდგარა...

ერთხელ, 82 წლის ჯეკი მეუღლესთან ერთად რესტორნიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა უეცრად ორი ახალგაზრდა მამაკაცი მივარდა და საფულეს წართმევა მოუნდომა. მოხუცებულმა ჯეკ დემპსიმ ორივე ნოკაუტში ჩააგდო საფირმო მარცხენა ჰუკით. თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ ბაბუმ ბიჭები ადგილზე გათიშა და პოლიციელებს მათი წაყვანა არა განყოფილებაში, არამედ საავადმყოფოში მოუწიათ.

უილიამ ჰარისონ დემპსი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

კომენტარები