ეუთო-საქართველო

ეუთო ოპოზიციური აქტივისტების დაკავებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი საქართველოში არჩევნების წინა პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების დაპატიმრების ფაქტებს გამოეხმაურა.

"სერიოზული მიდგომა სჭირდება იმ ფაქტს, რომ ხდება დაპატიმრებები და ბრალდებების წაყენება პოლიტიკური აქტივისტების მიმართ. არჩევნები იძლევა ფართო დიალოგის შესაძლებლობას და უნდა ჩატარდეს სათანადო პირობებში. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოავლინოს სათანადო თავშეკავება ამ სენსიტიურ პერიოდში. უკიდურეს შეშფოთებას იმსახურებს თითოეული მოქმედება, რამაც შეიძლება დისბალანსის შექმნის შთაბეჭდილება დატოვოს.” - ნათქვამია რიკარდო მელიორის მიერ 25 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გამოთქვამს შეშფოთებას მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტთა ჯგუფების მიერ მიწოდებული ანგარიშების გამო, რომელთა მიხედვითაც, განხორციელდა ოპოზიციურ აქტივისტთა დაპატიმრების მრავალრიცხოვანი შემთხვევები.

”ახლახან ვიყავი თბილისში და კარგად მესმის ამ არჩევნების მნიშვნელობა. ვიმედოვნებ, რომ არჩევნების დარჩენილი და შემდგომი პერიოდიც სიმშვიდეში ჩაივლის, ყველა მონაწილე მხარეს მოვუწოდებ, ყველაფერი გააკეთონ ამისთვის". - აღნიშნავს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი.

კომენტარები