გამოფენა

Reframing – ახალ ჩარჩოში ჩასმული ნახატები

„25-ში ხომ მოდიხარ გამოფენაზე?” – ამ დღეებში ხშირად გაისმის მსგავსი შეკითხვა ქართულ სახელოვნებო წრეებში. საუბარია 90-იანების ხელოვნებაზე, რომელსაც სურათების ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცე დაეთმო. ეს მოლოდინი, ერთი მხრივ, გამოწვეულია 90-იანებისადმი ახალი თაობის გამძაფრებული ინტერესით, მეორე მხრივ კი, საზოგადოება ფიქრობს, რომ იმ პერიოდში შექმნილი ნამუშევრების ერთად თავმოყრა და ისეთ ოფიციალურ სახელოვნებო სივრცეში გამოფენა, როგორიც სურათების ეროვნული გალერეაა, განაცხადი და პირველი ნაბიჯია თანამედროვე ხელოვნების ცენტრის იდეის განხორციელებისთვის.

გამოფენას „ფოკუსი. 80-იანების ბოლო, 90-იანების დასაწყისი” ჰქვია და მისი კურატორი ირინა პოპიაშვილია. აქცენტს ამ შემთხვევაში კურატორულ ნამუშევარზე გავაკეთებ, რადგან ეს ის შემთხვევაა, როცა კურატორი გამოფენის კონცეფციით და ე.წ. სპეცეფექტებით კი არ მანიპულირებს დამთვალიერებელზე, არამედ შრომატევად და უმნიშვნელოვანეს სამუშაოს ასრულებს თანამედროვე ქართული არტის ისტორიისთვის. ცნობილი ფაქტია, რომ მაშინ შექმნილი ნამუშევრების ნაწილი 80-90-იანების არასტაბილური გარემოსა და უკვე მოშლილი სახელოვნებო ინსტიტუციების გამო დაიკარგა და განადგურდა, ნაწილი კი დასავლურ კოლექციებში მიმოიფანტა – რკინის ფარდის ახდის შემდეგ, იქ ახალი გეოპოლიტიკური სივრციდან, ახალი თაობის ქართველი მხატვრებით და მათი ნამუშევრებით დაინტერესდნენ. ამიტომაც გამოფენისთვის ნამუშევრების მოძიება საკმაოდ რთული მისია აღმოჩნდა.

ირინა პოპიაშვილი: „ამ პერიოდის ნამუშევრების ერთად თავმოყრა მართლაც ძნელი იყო. მაგალითად, ლევან ჭოღოშვილის იმ პერიოდის ნამუშევრები პარიზში იყო, ილიკო ზაუტაშვილის – ამსტერდამში... აი, ეს კი, კატალოგით ვიპოვეთ და გამოფენისთვის ჩამოვიტანეთ”, – მეუბნება და მიჩვენებს დასავლეთში დღეს უკვე ცნობილი არტისტის, გია ეძგვერაძის New Vitality-ს, მასშტაბურ, ოთხპანოიან ნამუშევარს დიუსელდორფის Villa merkel-იდან. იქვე რკინის ობიექტი დგას, რომლის ავტორიც მოსკოვსა და მიუნხენში მოღვაწე გია რიგვავაა – „ეს ნამუშევარი მისი მშობლების სარდაფში ინახებოდა”, – ამბობს ირინა.

ირინას კურატორული მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს: 2001 წლიდან ნიუ იორკის ჩელსიში „ნიუმან პოპიაშვილის ხელოვნების გალერეის” თანამფლობელია და, შესაბამისად, კარგად იცნობს თანამედროვე არტბაზარსა და ცნობილ საგამოფენო სივრცეებს (ბიენალეებს, მასშტაბურ არტგამოფენებს). 1999 და 2003 წლებში, მისი კურატორობით, ქართველმა მხატვრებმა (მამუკა ჯაფარიძე, გოგი ალექსი-მესხიშვილი, თამუნა ხუნდაძე, თეა გვეტაძე) ვენეციის ბიენალეზე საქართველო წარადგინეს. დღეს ის თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორია.

ირინა პოპიაშვილი: „მე ვარ კურატორი გამოფენის, რომელიც 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისის ხელოვნებაზეა და, ამავდროულად, სწორედ 90-იანების დასაწყისიდან მომიხდა საქართველოდან წასვლა. მაგრამ არტისტთა ცნობილ ჯგუფს „მე-10 სართულს”, რომლებმაც საერთოდ ახალი ქართული ხელოვნება შექმნეს, სწორედ იმ დროიდან ვიცნობ. 1991-ში, როცა ირაკლი ფარჯიანზე ვაკეთებდი ნაშრომს, მან კარლო კაჭარავა გამაცნო, კარლომ კი მთელი „მე-10 სართულის” მხატვრები. შემდეგ, როცა ამერიკაში წავედი, კარლო განუწყვეტლივ მწერდა წერილებს და ყოველთვის საქმის კურსში ვიყავი აქაურ არტმოვლენებზე. 2009-2010 წლებიდან უკვე ამ გამოფენაზე დავიწყე ფიქრი, რადგან მივხვდი, რომ ნამუშევრები, რომლებმაც ახალი ეპოქა შექმნეს თანამედროვე ქართულ არტში, გადასარჩენი და გამოსაფენი იყო”.

მიუხედავად იმისა, რომ ავტორი სრულიად ათავისუფლებს დამთვალიერებელს კურატორებისთვის დამახასიათებელი წინასწარ შერჩეული კონცეფციისაგან, ექსპოზიციაზე მაინც იგრძნობთ მისეულ ხელწერას.

ირინა პოპიაშვილი: „სუბიექტური გამოფენა იქნება. ის არ არის ქრონოლოგიური სიზუსტით დალაგებული. გამოფენის თავდაპირველი სახელწოდება გახლდათ Reframing the 80s. მინდოდა ძველი ნახატების ახალ ჩარჩოში, ანუ თანამედროვე, 21-ე საუკუნის არტსივრცეში დემონსტრირება. სულ 27 ავტორია წარმოდგენილი. გამოფენაზე შეხვდებით 90-იანების არტისტებს „მე-10 სართულიდან”: კარლო კაჭარავა, მამუკა და ნიკო ცეცხლაძეები, ოლეგ ტიმჩენკო, კოკა რამიშვილი... და, ამავდროულად, ისეთ ავტორებსაც, რომლებიც 80-90-იანებში კი მოღვაწეობდნენ, მაგრამ ამ კონტექსტით არასოდეს გამოფენილან. მაგალითად, დათო მიქაბერიძე (რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი „თვითმფრინავის ბიჭებიდან” იცნობს), ლადო ბაგრატიონი, საინტერესო პრიმიტივისტი – გიორგი მაისურაძე ან თუნდაც ავთო მესხი, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ქართველი მონდრიანი და რომელიც, სხვათა შორის, პირველად იფინება მუზეუმში”.

ექსპოზიციაზე 80-90-იანების „სულს” გურამ წიბახაშვილის ცნობილი ფოტოარქივის უნიკალური მასალა გააცოცხლებს – არა როგორც დოკუმენტური ფოტო, არამედ როგორც 80-90-იანებში შექმნილი არტი. გამოფენა ნოემბერში ბათუმსა და მირზაანში გადაინაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ ამ გამოფენის პირველ ნაწილს, გასულ კვირაში, გოეთეს ინსტიტუტში კარლო კაჭარავას ქაღალდზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა წარმოადგენდა.

პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გოეთეს ინსტიტუტისა და ნიუმან პოპიაშვილის ხელოვნების გალერეის მხარდაჭერით.

კომენტარები