თბილისი 2015

თბილისი 2015: ნაბიჯი მომავლისკენ!

ინტერვიუ არჩილ გეგენავასთან

წელს თბილისში ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება.

ეს შეჯიბრება 1991 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ეწყობა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით. თბილისი ფესტივალის მასპინძელი ყველაზე აღმოსავლეთევროპული ქალაქია და, ამავდროულად, პირველი პოსტსაბჭოთა სივრციდან, ვისაც ასეთი პატივი ერგო.

ევროპის 48 ქვეყნის 4000-მდე სპორტსმენი – საქართველოში ასეთი წარმომადგენლობითი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება არასდროს ჩატარებულა. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ერთგვარი გამოცდა, რომელიც მხოლოდ უმაღლეს დონეზეა ჩასაბარებელი.

თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტი რევაზ ჩომახიძის (პროექტის გენერალური მენეჯერი), გიორგი ხაჩიძის (აღმასრულებელი კოორდინატორი), ირაკლი სამყურაშვილის (სპორტული კოორდინატორი) და ნუცა მალაშხიას (საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური) შემადგენლობით წელიწადზე მეტია მუშაობს და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტიც განახორციელა.

ტაბულა ფესტივალის შესახებ თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალურ დირექტორს არჩილ გეგენავას ესაუბრა.

ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა თბილისი 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლად 2010 წელს, ბელგრადში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე დაასახელა. მაშინ არავინ ელოდა, რომ ეოკ-ი თბილისისადმი ასეთ ნდობას გამოიჩენდა.

დღეს ნათელია, რომ ორი წლის წინ ჩვენმა დელეგაციამ ძალიან დიდი გამარჯვება მოიპოვა. ამ წარმატების ფასი და მნიშვნელობა წლიდან წლამდე გაიზრდება. სამწუხაროდ, მასპინძლის დასახელებას წინ უსწრებდა ჩვენთვის არცთუ სასიამოვნო რამდენიმე მოვლენა, რომელიც არაკეთილმოსურნე მეზობლის მიერ იყო ინსპირირებული. საბედნიეროდ, ჩვენმა პროექტმა ევროპული სპორტული ოჯახის მაღალჩინოსნებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მათ საბოლოო არჩევანზე ასევე იმოქმედა სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის, ლეგენდარული კალათბურთელის ვლადე დივაცის თბილისში ვიზიტმაც... ახლა, როცა ოლიმპიურ ფესტივალამდე სამ წელიწადზე ნაკლები დროა დარჩენილი, ჩვენი მთავარი მიზანი იმ ნდობის სრულად გამართლებაა, რომელიც ეოკ-მა ჩვენი ქვეყნისადმი, თბილისისადმი გამოიჩინა.

თბილისი 2015-ის საორგანიზაციო ჯგუფი კარგა ხანია მუშაობს. რა პროექტები განახორციელეთ განვლილ პერიოდში?

შევიმუშავეთ გენერალური გეგმა, რომელსაც სპორტის სამინისტროსთან, დედაქალაქის მერიასთან და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად თანმიმდევრულად ვახორციელებთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ სრულად შევისწავლეთ თბილისის სპორტული ნაგებობები, მათი მდგომარეობა და დავიწყეთ შენობების რეაბილიტაცია. ამას გარდა, დროგამოშვებით ვმასპინძლობთ სადამკვირვებლო ჯგუფებს და მათთან ერთად ვხვეწთ სამუშაო პროცესს – ასე ვთქვათ, „ვსწავლობთ” დიდი სპორტული ფორუმების საორგანიზაციო საკითხებს. გაისად ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ჰოლანდიის ქალაქი უტრეხტი უმასპინძლებს და ჩვენი დელეგაცია უკვე ადგილზე გაეცნობა საორგანიზაციო პროცესს. შარშან ფესტივალს ტრაბზონმა უმასპინძლა და მაშინაც დავესწარით შეჯიბრებას...

თუ არის ცნობილი ოლიმპიადის კონკრეტული ვადები?

ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ ასპარეზობები ივლისის მესამე კვირაში გაიმართება. საერთო ჯამში, ახალგაზრდული ოლიმპიადა 7 დღეს გასტანს: გახსნის და დახურვის საზეიმო ცერემონიალები, პლუს 5 საშეჯიბრო დღე.

სპორტის რამდენი სახეობა იქნება ჩართული თბილისის ოლიმპიურ ფესტივალში?

ცხრა. გუნდურიდან მხოლოდ კალათბურთი, ხელბურთი და ფრენბურთი. რაც შეეხება სხვა სახეობებს, გაიმართება შეჯიბრებები ძიუდოში, ველოსპორტში, მძლეოსნობაში, ტანვარჯიშში, ცურვასა და ჩოგბურთში. საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ნაკრები ცხრავე სახეობაში წარდგება. უკვე ხორციელდება სპორტსმენთა მომზადების პროგრამა, რომელიც გოგონებისა და ვაჟების საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლასაც ითვალისწინებს. ამ პროექტს სპორტის სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით ვახორციელებთ. სპორტსმენთა დაფინანსება წლიდან წლამდე გაიზრდება.

თუ არის ცნობილი, კონკრეტულად რომელი არენა რა შეჯიბრებას უმასპინძლებს?

გადაწყვეტილია, რომ ვაჟთა შორის საკალათბურთო ტურნირი სპორტის სასახლეში გაიმართება. რაც შეეხება კალათბურთელ გოგონებს, ასევე ფრენბურთელებსა და ხელბურთელებს, მათთვის ოთხ დარბაზს განვიხილავთ: ქარიშხალას, არენას, გლდანის ხელბურთის სკოლას და სპორტის სამინისტროს საკალათბურთო ცენტრს. ძიუდოს ტურნირს ძიუდოს აკადემია მიიღებს, საწყლოსნო შეჯიბრებებს ოლიმპიკის აუზი უმასპინძლებს, ველორბოლა დედაქალაქის ქუჩებში გაიმართება – ამ მხრივ ყველაზე იოლადაა საქმე, ჩოგბურთელთათვის ახალი კორტები მოეწყობა, მძლეოსნები კი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამოვლენ. ამ ეტაპზე მხოლოდ ტანმოვარჯიშეთა საკითხია გადასაწყვეტი. არაა გამორიცხული, თბილისს კიდევ ერთი სპორტის სასახლე შეემატოს, სადაც ფესტივალის დღეებში ტანმოვარჯიშეები გამოვლენ, შემდეგ კი ის სხვა ღონისძიებებით დაიტვირთება, მათ შორის, კონცერტებითაც.

ითქვა, რომ ოლიმპიადა დინამო არენაზე გაიხსნებოდა...

გეთანხმებით, თავდაპირველად ამ ვარიანტს განვიხილავდით, მაგრამ საბოლოოდ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი ვამჯობინეთ: გახსნის და დახურვის ცერემონიალებს ის უმასპინძლებს.

აკმაყოფილებენ თუ არა ეს სპორტული დარბაზები ევროპის ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნებს?

ამ ეტაპზე არა, მაგრამ როცა ჩვენი გეგმა დასრულდება, ყველა არენა უმაღლესი დონისა იქნება. გადაწყვეტილია, რომ მალე ვერის საკალათბურთო დარბაზის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. ასევე იგეგმება ოლიმპიკის საცურაო აუზთან მეორე საწყლოსნო კომპლექსის აგება და იქვე, ახლომდებარე ტერიტორიაზე, საჩოგბურთო კორტების მოწყობა. რაც შეეხება ძიუდოს აკადემიას, მის სრულ რემონტს და ტრიბუნების დამატებას ვგეგმავთ. გარდა ამისა, გათვალისწინებული გვაქვს იმ შენობების კეთილმოწყობა, სადაც გუნდები ივარჯიშებენ. ამ პროექტის ფარგლებში, მალე დავიწყებთ დიდუბის საკალათბურთო ცენტრის სრულ რეკონსტრუქციას – იქ ოთხი დიდი დარბაზია, მაგრამ დღეს ყველა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

ოლიმპიურ ოლიმპიადაში 48 ქვეყნის 4 ათასამდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. სად უმასპინძლებთ სპორტულ დელეგაციებს?

რა თქმა უნდა, ოლიმპიურ სოფელში. დედაქალაქის მერია თბილისის ზღვის გარშემო გრანდიოზულ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს და ოლიმპიური სოფელიც მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისის ოლიმპიური სოფელი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ევროპაში. ის თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსების გარდა სასტუმროს და პატარა სპორტულ მოედნებსაც მოიცავს. მშენებლობა უკვე დაწყებულია. წესით, წლის ბოლოს პირველი ეტაპი უნდა დასრულდეს.

საინტერესოა, რამდენია თბილისი 2015-ის ბიუჯეტი?

ამ ეტაპზე ძნელია კონკრეტული რიცხვის დასახელება, მაგრამ ის უდავოდ შთამბეჭდავია. თავად განსაჯეთ: მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 60 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ამ თანხაში არ შედის ოლიმპიური სოფლის ღირებულება – ის მთლიანად უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. ამას ემატება საორგანიზაციო ხარჯები, სპორტსმენთა მზადება... წინასწარი გათვლით, დაახლოებით 150 მილიონ ლარზეა საუბარი.

ლოგო, სლოგანი, ჰიმნი, თილისმა, პლაკატი... – ეს ყველაფერი ოლიმპიური მოძრაობის თანამდევია. რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

ფესტივალის ლოგო და სლოგანი უკვე შემუშავებულია. გამოვაცხადეთ კონკურსი, რომლის საწყის ეტაპზე მოყვარულთა ნამუშევრები შევარჩიეთ. პირველადგილოსანი ლონდონის ოლიმპიადის საგზურითაც დავაჯილდოვეთ, თუმცა საბოლოო ჯამში თბილისი 2015-ის ლოგო და სლოგანი კომპანია Windfor’s-მა შეიმუშავა. მიმაჩნია, რომ ჩვენთან ჩატარებულ ოლიმპიურ ფესტივალს ძალიან ლამაზი ლოგო და ეფექტური სლოგანი აქვს – ნაბიჯი მომავალისკენ (Step to the Future). ჩვენ უკვე მოვაწყვეთ მათი პრეზენტაცია. რაც შეეხება ჰიმნს,

თილისმას და პლაკატს, ისინი დამუშავების პროცესშია და როცა მზად იქნება, გულშემატკივრებს აუცილებლად წარვუდგენთ.

მოივლის თუ არა ოლიმპიური ჩირაღდანი საქართველოს?

ჩვენი სურვილია, რომ ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტას ყველა ქალაქმა თუ დაბამ უმასპინძლოს, მაგრამ დღეისთვის კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით – რუკაზე მუშაობა ჯერ არ დაგვიწყია. გულდასაწყვეტია, რომ ბევრს ჯერაც ვერ გაუცნობიერებია, თუ რა ღონისძიების მასპინძლობის პატივი ერგო თბილისს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გაიგოს ახალგაზრდული ოლიმპიადის მნიშვნელობა. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაც უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული.

მნიშვნელოვან ღონისძიებას სათანადო საინფორმაციო მხარდაჭერაც სჭირდება...

ჩვენ უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება ტელეკომპანია GMG-სთან, რომელიც ფესტივალის დაწყებამდე თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის ყველა ნაბიჯს აშუქებს. რაც შეეხება უშუალოდ ახალგაზრდულ ოლიმპიადას, ყველა შეჯიბრება ტელევიზიით გადაიცემა. არაა გამორიცხული, ტელერეპორტაჟები ევროსპორტის მაყურებელმაც იხილოს – ეს პროექტი დამუშავების პროცესშია და ვიმედოვნებ, წარმატებით დაგვირგვინდება. თუ პირდაპირი ტელეტრანსლაციები არ გამოვიდა, სავარაუდოდ, ოლიმპიურ დღიურებს შევთავაზებთ ქომაგებს. მოკლედ, რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ. 

თქვენთვის, როგორც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გენერალური დირექტორისთვის, რას ნიშნავს თბილისი 2015?

ორი აზრი არ არსებობს, რომ ესაა ძალიან დიდი ღონისძიება, რომლის მნიშვნელობა ჩვენთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სპორტული შეჯიბრება. ვფიქრობ, თბილისი 2015 თავისი არსით ზუსტად ემთხვევა იმ კურსს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია – ესაა ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა.

 

 

კომენტარები