აშშ

აშშ-ის წინასაარჩევნო სამზადისი

პოლ რაიანი და მიტ რომნი

პოლ რაიანი და მიტ რომნი
აშშ-ში გამართული რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ყრილობების დამსახურებაა, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისმა ახალი მასშტაბები რომ შეიძინა. აღნიშნული ყრილობების შინაარსი და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით რომნის მიერ გაკეთებული არჩევანი ცხადყოფს, რომ არჩევნების ბედი ეკონომიკურ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება საგარეო საქმეებს, ამჯერად ეს ასპექტი უკანა პლანზეა.

ქვეყანაში, რომელიც ინოვაციებითა და სამუშაო ადგილების შექმნით იკვეხნის, ეკონომიკა ერთ წერტილზეა გაყინული, ხოლო უმუშევრობის დონე რვაპროცენტიან ნიშნულს უცვლელად აღემატება. შესაბამისად, საარჩევნო მარათონშიც ეკონომიკური პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების საკითხი დომინირებს.

კონსერვატორებთან პაექრობისას ლიბერალები ხაზს უსვამენ სახელმწიფოს როლს ეკონომიკური აქტივობისა და ნაკლებად შეძლებული სოციალური ფენებისათვის რესურსების გადანაწილების რეგულირების საქმეში. კონსერვატორები ეწინააღმდეგებიან სახელმწიფოს მიერ ბიზნესის გადამეტებულ რეგულირებას. მათი თქმით, მაღალი გადასახადების გამო ეკონომიკა არაკონკურენტული ხდება, რაც ხელს უშლის სამეწარმეო საქმიანობასა და განვითარებას.

საბანკო სისტემისა და ავტოინდუსტრიის გადასარჩენად პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მილიარდობით დოლარი დახარჯა. შესაბამისად, მოხერხდა ათასობით სამუშაო ადგილის შენარჩუნებაც. რომნი ამტკიცებს, რომ სხვა სახელმწიფო ხარჯებთან ერთად, ასეთი სახის მასშტაბური ფინანსური მხარდაჭერის გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო ვალი. მისი თქმით, აღნიშნული ვალის დაფარვის აუცილებლობის გამო მკვეთრად გაუარესდება მომავალი თაობის ცხოვრების პირობები.

ცხარე დებატები იმართება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი თანაფარდობა უნდა იყოს დაცული სახელმწიფო რეგულირებასა და ბიზნესის წახალისებას შორის. კამათობენ იმაზეც, თუ რამდენად აუცილებელია მეტი გადაუდებელი ზომების მიღება საბიუჯეტო დეფიციტების შესაკვეცად და სახელმწიფო ვალის შესამცირებლად, რომლის მოცულობაც ამ დროისათვის 16 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

ფედერალური ხარჯების და მზარდი სახელმწიფო ვალის შემცირებასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პოლ რაიანმა. ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში რაიანი რომნის გვერდით დგას, ორი მიზეზით არის განპირობებული: საარჩევნო კამპანიის ფინანსურ პასუხისმგებლობაზე ფოკუსირება და ცენტრალურ ამერიკაში ხმების მოპოვება (რაიანი კათოლიკე კონსერვატორია).

რესპუბლიკელებს იმედი აქვთ, რომ კანდიდატად რაიანის დასახელება ხაზს გაუსვამს განსხვავებას ობამას, როგორც ამბობენ, უპასუხისმგებლო კაპიტალდაბანდების პროგრამებსა და რომნის პოზიციას შორის, რომელიც ბიზნესის სტიმულირების გზით დეფიციტების შემცირებას ისახავს მიზნად. რაიანის საბიუჯეტო გეგმა ითვალისწინებს ფედერალური ბიუჯეტის ყველაზე დიდ ხარჯებთან დაკავშირებული მუხლების, კერძოდ, მოხუცებულთა ჯანმრთელობის დაზღვევისა და უფასო და შეღავათიანი სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებული მუხლების შეცვლას. რაიანის საბიუჯეტო გეგმის თანახმად, აღნიშნულ მუხლებში შეტანილი ცვლილებებით, პენსიონერებს ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო კომპანიებისგან შეძენის უფლება უნდა მიეცეთ.

ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი
დემოკრატები აცხადებენ, რომ რაიანის გეგმით გათვალისწინებული ცვლილებები ადამიანებს აიძულებს, მეტი ფული გადაიხადონ ჯანდაცვაში და რესპუბლიკელებს ისეთ ჭრილში წარმოაჩენს, თითქოს ამომრჩეველს საერთოდ არაფერი გაეგებოდეს. მეორე მხრივ, აღნიშნული გეგმა მისაღებია მდიდარი ფენისთვის, რომელიც საგადასახადო შეღავათებს ისე მიიღებს, რომ არც ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს და არც სამუშაო ადგილებს შექმნის. რესპუბლიკელები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის შესამცირებლად აუცილებელია სახელმწიფოს უფლებამოსილებათა რეფორმირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო წლების განმავლობაში, ქვეყანა სავალალო შედეგებს მიიღებს.

ყოველთვის, როცა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საუბარი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკას ეხება, ობამა აცხადებს, რომ მის ანგარიშზე რამდენიმე მნიშვნელოვანი წარმატებაა. განსაკუთრებულ წარმატებებად ის ოსამა ბინ ლადენის მკვლელობასა და ერაყიდან და ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანას მიიჩნევს.

რომნი, რომელსაც საგარეო ურთიერთობებში მწირი გამოცდილება აქვს, იძულებულია დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ თავად მოქმედ პრეზიდენტზე უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია. ბარაკ ობამა საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რომნისეულ განცხადებებს დილეტანტურსა და პროვოკაციულს უწოდებს. რაც შეეხება თავად რომნის, ის ობამას სუსტ ეროვნულ თავდაცვასა და დიქტატორული რეჟიმებისადმი არასათანადო სიმკაცრის გამოჩენას საყვედურობს.

რომნი თეთრ სახლს აკრიტიკებს ისრაელის უსაფრთხოების უგულებელყოფისთვის და თბილი ურთიერთობების შენარჩუნებისათვის რუსეთთან მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი საფრთხეს უქმნის საკუთარ მეზობლებს. რომნი ასევე აღნიშნავს, რომ თეთრი სახლი სათანადო ყურადღებას არ უთმობს თავის ევროპელ მოკავშირეებს და ასუსტებს ამერიკის გავლენას მთელ მსოფლიოში.

მოქმედი პრეზიდენტის დასაცავად ობამას გუნდმა განაცხადა, რომ რომნი მეტისმეტად აგრესიულია და ვერ აცნობიერებს საერთაშორისო პოლიტიკაში არსებულ სირთულეებს. ამომრჩევლის დასაფრთხობად რომნის უმცროს ჯორჯ ბუშს შეადარებენ და იტყვიან, რომ სავარაუდოდ, ის ქვეყანას ოკეანის მიღმა ახალ სამხედრო მისიებამდე მიიყვანს. ხისტ პოზიციას, რომელიც რომნის ირანისა და მისი ბირთვული იარაღის მიმართ აქვს, ისევ ამ კანდიდატის წინააღმდეგ გამოიყენებენ და იტყვიან, რომ ის მაწანწალაა, რომელიც შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ გაჭიანურებულ და ძვირადღირებულ ომამდე მიიყვანს.

ობამას ადმინისტრაციის შესახებ ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული საზოგადოებისაგან მაღალი ქულების მიღებას ის უშიშროების საკითხებზე აპელირებით ახერხებს. აღარ ითვლება, რომ ეროვნული თავდაცვის საკითხებთან მიმართებაში დემოკრატები რესპუბლიკელებს ჩამოუვარდებიან. რომნი შეეცდება შეცვალოს არსებული შეხედულებები და წარმოაჩინოს ობამა, როგორც პრეზიდენტი, რომელიც, ერთი მხრივ, განზე დგას ამერიკის მოკავშირეებისგან, ხოლო მეორე მხრივ, მეტისმეტად ახლოსაა რუსეთსა და ჩინეთთან, რომლებიც ტრადიციულად ითვლებიან მისი ქვეყნის მოწინააღმდეგეებად.

მიუხედავად ამისა, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის სერიოზულად გაცემა მოქმედ პრეზიდენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუკი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში რეგიონში, სადაც აშშ-ს სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრატეგიული ინტერესები აქვს, კრიზისი იჩენს თავს. სხვა შემთხვევაში, ამერიკელი ამომრჩევლის გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელ კანდიდატს მიანდობენ განწირული ეკონომიკის გადარჩენას.

ავტორი: იანუშ ბუგაისკი 

კომენტარები