ეკა ზღულაძე

არა მარტო პოლიციაზე, არამედ საზოგადოებაზეც ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული

0 კომენტარი

 20 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია გლდანის ციხეში წამების ფაქტებთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ეკა ზღულაძე დაინიშნა. მანამდე ზღულაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. მკვეთრი პოლარიზაციისა და დაძაბული საარჩევნო გარემოს ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნქცია – მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება აქვს. ტაბულა ეკა ზღულაძეს ამ და სხვა თემებზე ესაუბრა.

გამარჯობა, ეკა. გმადლობთ, რომ დათანხმდით ინტერვიუს. პირველი კითხვა არჩევნებს უკავშირდება. რამდენიმე დღეში უნდა გადავწყვიტოთ ვის ვაძლევთ ხმას. საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია. ამ გარემოების გათვალისწინებით, რა საფრთხეებს ხედავთ არჩევნების დღესთან დაკავშირებით?

პირიქით, გმადლობთ, რომ მომეცით შესაძლებლობა, უფრო ვრცლად ვისაუბრო იმ თემებზე, რომლებიც აქტუალურია მთელი საზოგადოებისთვის და პირადად ჩემთვისაც, რადგან ის მცირე კომენტარები, რისი გაკეთების შესაძლებლობაც მქონდა ამ დღეებში, არ იყო საკმარისი.

არჩევნები არის ერთადერთი, რაზეც ამ წუთას ვფიქრობ, ვინაიდან ამ კონკრეტულ სიტუაციაში არ იქნება ადვილი იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ადამიანმა მშვიდ და წყნარ გარემოში შეძლოს საკუთარი არჩევანის გაკეთება. პოლიციის საქმე არ არის ვის რა ფერის მაისური აცვია, რა ფორმით გამოხატავს თავის აზრს, თუ ეს ყველაფერი არ უშლის სხვას, გამოხატოს საკუთარი აზრი. ჩვენ საზოგადოებრივ წესრიგს დავიცავთ. პოლიციასთან ამ თემაზე ყოველდღიურად ვლაპარაკობ. სხვადასხვა საფრთხეების შეფასებას ვცდილობთ, რათა მაქსიმალურად მომზადებული ვიყოთ. ტყუილი იქნება, გითხრათ, რომ მშვიდი გარემოა და არანაირ არეულობას და გაუგებრობას არ ველოდები.

თუმცა, კარგი ის არის, რომ მიუხედავად არსებული პოლარიზაციისა, ამ კრიზისულმა სიტუაციამ კარგად აჩვენა ორი რამ: ერთი, რომ პოლიცია შედგა არა მარტო როგორც ინსტიტუტი, არამედ როგორც სისტემა, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებს და ნებისმიერ სიტუაციაში – იქნება ეს ჩვეულებრივი დღეები თუ წინასაარჩევნო პერიოდი, რუტინულად შეუძლია მუშაობა. ეს არის მთავარი. მეორე, საქართველოში პოლიციის განვითარებასთან და რეფორმასთან ერთად, საზოგადოების დიდი ნაწილი გახდა კანონმორჩილი. ესეც ფაქტია. ანუ, ამ პოლარიზებულ წრეებს შორის არის საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც პოლიციისთვის ერთ-ერთი დასაყრდენი ძალა იქნება.

ძალით საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება შეუძლებელია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამის საჭიროება არ დადგება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიცია რეაგირების გარეშე დატოვებს კანონის დარღვევას ან გადაცდომებს ან ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის თუნდაც ერთი ადამიანის მიერ თავისი არჩევანის ღიად და თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას.

მინდა გითხრათ, რომ არა მარტო პოლიციაზე, არამედ საზოგადოებაზეც ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული.

სამწუხაროა, რომ გაისმის მოწოდებები – ხშირად, ღია ეთერითაც – აქტივისტების მობილიზაციაზე და ვლინდება აგრესია სხვადასხვა ფორმით. დღეს დამატებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის ოპერატიულად უფრო ადრე იყო ცნობილი, ამ პროცესებში კანონიერი ქურდების შესაძლო როლზე. ჩვენთვის ეს არის შემაშფოთებელი.

ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდები. თუმცა, მანამდე ერთი რამ მაინტერესებს. გასაგებია, რომ საზოგადოებას უნდა დაეყრდნოს პოლიცია და პირველ რიგში საზოგადოებაა ის, ვინც უკვეთავს რა წესრიგში უნდა იცხოვროს, მაგრამ გარდა ამისა, თუ იღებთ რამე კონკრეტულ ზომებს, რის შესახებაც შეგიძლიათ საჯაროდ ილაპარაკოთ?

შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საკმარისი რესურსი, რომ ამ დღეს ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს კანონის ფარგლებში. ჩვენ აბსოლუტურად ყველა ფაქტზე შევძლებთ რეაგირებას. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, დაძაბულობამ რაღაც ზღვარს არ მიაღწიოს, რადგან მერე ისეთი დიდი მნიშვნელობა აღარა აქვს პოლიციას. მერე უკვე აბსოლუტურად სხვა რაღაცები ხდება მნიშვნელოვანი. ამიტომ, ჩემი მთავარი ფუნქცია ახლა არის, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ამ დღეებში ვიმუშაო თითოეულ პოლიციელთან ერთად, მაგრამ ასევე საზოგადოებასთან ერთად, რომ ვკონცენტრირდეთ არსზე. არჩევნები ძალიან მალე, ორშაბათს გვაქვს და ამ დღეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ყველას შეუძლია.

კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოვუწოდო, რომ გააკონტროლონ თავიანთი აქტივისტები. არ მისცენ შესაძლებლობა დაგროვილ ემოციებს, რაც არ უნდა იყოს ამისი მიზეზი და საბაბი, გამოიწვიოს ქაოსი ან არეულობა ან თუნდაც წაახალისოს კანონდარღვევები. პოლიცია გააკეთებს ამაზე რეაგირებას, ნებისმიერ შემთხვევაში გააკეთებს, ვინაიდან ჩვენ ვერ დავუშვებთ საზოგადოებრივი წესრიგის არევას. არჩევნებისთვის ყველა უნდა ვიყოთ მობილიზებული და ძალიან მშვიდი.

გამოქვეყნდა კადრები, რომელშიც, შსს-ს და პროკურატურის ინფორმაციით, ქართული ოცნების აქტივისტები ცდილობდნენ პოლიციელების მოქრთამვას. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წელი და ბადრი პატარკაციშვილის თანამშრომლობის სურვილი ერეკლე კოდუასთან, რომელსაც არჩევნების დღეს უნდა გაეკეთებინა დრამატული განცხადება იმის შესახებ, რომ ის ვეღარ მიიღებს მონაწილეობას არჩევნების გაყალბებაში, რა ვიცით, რომ ასეთი შეთანხმებები უკვე არ არსებობს და, ვთქვათ, არჩევნების დღეს შსს-ს ან სხვა უწყების რომელიმე თანამშრომელი არ გამოვა და არ იტყვის ისეთ რამეს, რაც საზოგადოებრივ წესრიგს აშლის? ამგვარი კოოპერაციის შესაძლებლობა რამდენად არის აღკვეთილი?

ის ფირები, რომლებიც გამოქვეყნდა, არ არის პირველი შემთხვევა. რამდენიმე თვის წინაც იყო ასეთი რამ და მაშინ შსს-მ განცხადება გააკეთა. იყო რამდენიმე ფაქტი, რომელზეც საჯაროდ აღარ გვისაუბრია, შიდა გამოძიების თემა იყო.

პოლიციაში 40,000 ადამიანი მუშაობს. პოლიცია არის წარმატებული და ძალიან ეფექტიანი ინსტიტუტი. მე არ გამოვრიცხავ, უფრო სწორად, ვუშვებ იმას, რომ ამ 40,000-დან ყველა გადასარევი არ არის. სიმართლე გითხრათ, ამიტომ არის ეს პოლიცია ასეთი ქმედუნარიანი. ის საკუთარ მითებში კი არ იხარშება, ის მუშაობს როგორც მექანიზმი და ამ მექანიზმის ერთ-ერთი ნაწილია ის, რომ ამ ტიპის თანამშრომლების გამოხშირვა არის შესაძლებელი. იმისდა მიუხედავად, ინფორმაცია გარედან მოდის თუ შიგნიდან, სამინისტრო პროაქტიულად ახერხებს ამის გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას.

ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, პოლიციელი, რომელიც ფულს იღებს იმისთვის, რომ საიდუმლო ინფორმაცია გაიტანოს, დაკავების ინსცენირება გააკეთოს ან ჩაუდოს ვინმეს ნარკოტიკი, ანდა თუნდაც ფულს იღებს იმაში, რომ ადგეს და წავიდეს სამსახურიდან, ის დიდი ალბათობით ფულს ნებისმიერი სხვა შესაძლებლობის დროს აიღებს – კრიმინალისგან, კანონიერი ქურდისგან ან სხვისგან. ეს თანამშრომლები არის გამოსახშირი. ამ შემთხვევაში მე მხოლოდ დახმარება გამიწია კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ.

მე არც იმის ილუზია მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველა ფაქტის დაფიქსირება შევძელით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ის, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ზეწოლის ქვეშ ვართ, ნიშნავს, რომ მცდელობა ძალიან ბევრი იყო. თუმცა, მე ზუსტად ვიცი იმ შიდა ინფორმაციით, რომელსაც ვფლობ და გამოძიების შედეგებით, რომელიც ჩვენთან მიმდინარეობდა როგორც ამ, ასევე სხვა ფაქტებთან დაკავშირებით, რომ სრულ უმრავლეს შემთხვევებში ეს გარიგება ვერ შედგა. ამ ფირებზეც ძალიან კარგად ჩანს, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში იყო მოტივირებული პოლიციელი, ორ სხვა შემთხვევაში კი პოლიციელები თანამშრომლობდნენ შსს-სთან და გვეხმარებოდნენ დანაშაულის გამოძიებაში. დაზღვეულები, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით, ასეთი განცხადების გაკეთების უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემ. თუმცა არის დაცვის რამდენიმე მექანიზმი და მე ვარ დარწმუნებული საკუთარ თანამშრომლებში, რომ ისინი შეძლებენ ამგვარი რისკების პრევენციას.

ოპოზიციისგან ხშირად ისმის კრიტიკა, რომ პოლიცია ისე არ იცავს მათ უფლებებს, როგორც იცავს მმართველი პარტიის და ხელისუფლების უფლებებს. ამ კრიტიკას როგორ უპასუხებდით?

ბოლო 6 წლის განმავლობაში იზრდება პოლიციის მიმართ ნდობა. ბოლო სამი წელია ეს ნდობა 80%-ს აჭარბებს – 83-84%-ს შორის მერყეობს. ეს ბევრად უფრო მაღალი ნდობის მაჩვენებელია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას აქვს საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც პოლიციას, როგორც სისტემას, ნდობას უცხადებენ, ძალიან მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები არიან. მე მგონი ეს არის ძალიან თვალსაჩინო, მარტივი და ყველასთვის გასაგები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას ყველა კონკრეტული პოლიციელი უყვარს. რა თქმა უნდა, არა. მაგრამ, როდესაც რაღაცა გიჭირს და მიდიხარ პოლიციასთან, ეს ნიშნავს, რომ პოლიციას, როგორც სისტემას, ენდობი.

ბოლო დღეებში ოპოზიციის რამდენიმე ათეული აქტივისტი დააპატიმრეს. მანამდეც იყო გარკვეული შემთხვევები, მაგრამ ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში ოპოზიციის დაკავებული აქტივისტების რიცხვმა მკვეთრად იმატა. რა არის ამის მიზეზი? სტუდენტური პროტესტის მონაწილეც კი დააკავეს გუშინ და დღეს დილით გამოუშვეს. ზუსტად რომ მითხრათ, რამ განაპირობა ასეთი ზრდა?

ვერ გავაიგივებ ერთმანეთთან სტუდენტურ პროტესტს და სხვა ინციდენტებს, რომლებზეც რეაგირება მოგვიწია. ცალ-ცალკე ვისაუბრებ ამ ორ მიმართულებაზე.

ყველამ ვიგრძენით, როგორ დავიძაბეთ თითოეული ჩვენგანი და მთლიანად საზოგადოება ციხის კრიზისთან დაკავშირებით. ყველა, ვინც პირდაპირ კავშირშია ამ საშინელებასთან, ან გამოძიების ქვეშაა, ან დაპატიმრებულია. ყველას, ვინც ირიბადაა კავშირში, მოუწია პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. ეს არის ჯანმრთელი დემოკრატიის პასუხი და სიძლიერის გამოხატულება სახელისუფლებო რგოლის მხრიდან. სამწუხაროდ, ზოგიერთმა ეს რეაქცია სისუსტედ აღიქვა.

ერთბაშად გახშირდა საქართველოში ძალადობის წვრილი თუ მსხვილი გამოვლინებები სხვადასხვა ფორმით. დაწყებული პოლიტიკური ზეწოლით მოწინააღმდეგე პარტიის მომხრეებზე, ამ შემთხვევაში ოპოზიციის ზეწოლით სახელისუფლებო პარტიის მომხრეებზე, მათ შორის, სახელმწიფოს წარმომადგენლებზეც.

გარდა ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან ხშირად უცებ ხდება აფილირებული პოლიტიკურ მოძრაობასთან. ეს თითქოს დაცვის

მექანიზმია. მაგალითად, დღეს დაკავებულია ერთი ადამიანი, რომელიც ქურდობის 4 სხვადასხვა საქმეში ფიგურირებს. იგი ადრე 4-ჯერ არის ნასამართლევი ანალოგიური ბრალდებისთვის და უცბად ეს ადამიანი ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი აღმოჩნდა.

რაც შეეხება სტუდენტების მშვიდობიან პროტესტს, იყო მთელი რიგი გადაცდომები, კანონდარღვევები, რომელთა დიდ უმრავლესობაზე თვალი დავხუჭეთ იმიტომ, რომ სტუდენტებთან მიმართებით კიდევ უფრო მგრძნობიარეები და სენსიტიურები ვართ. ასაკია ასეთი, შეიძლება პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს ბოლომდე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიცია თვალს დახუჭავს კონკრეტულ დანაშაულზე. ასეთი კონკრეტული დანაშაული, სამწუხაროდ, სტუდენტების შემთხვევაშიც იყო – პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ეს არ არის რაღაც პირადი წყენა და პირადი რევანში პოლიციელის მხრიდან. პოლიციელი ამ შემთხვევაში საკუთარ თავს არ იცავს. პოლიციელი იცავს ფორმას და ეს ფორმა სახელმწიფოს სიმბოლოა.

არ შეიძლება ამ ტიპის გადაცდომების უპასუხოდ დატოვება. იმიტომ, რომ ეს, ჩვენი შეფასებით, იწვევს სიტუაციის ესკალაციას, დაუსჯელობის სინდრომის გამყარებას, რამაც შეიძლება ქაოსამდე მიგვიყვანოს.

რას ურჩევდით იმ სტუდენტებს, რომელთაც თავიანთი გულწრფელი პროტესტის გამოხატვა უნდათ, ბრაზი აქვთ და სამართლიანადაც. სად გადის ზღვარი...

მე მგონი ბავშვებმა იციან სად გადის ზღვარი. შენ შეგიძლია გამოხატო შენი პროტესტი – საქართველოში კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ არის საკმაოდ ლიბერალური. პოლიცია ამ კუთხით ისედაც ძალიან ლიბერალურია და ხშირად იმაზე მეტის შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე ეს კანონით არის დასაშვები, მაგალითად, ძალიან ხშირად დაგვიხუჭავს თვალი დროებით ქუჩის გადაკეტვაზე. დღესაც იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მსვლელობა შუა ქუჩაზე მიმდინარეობდა. არის რაღაცები, რის საშუალებასაც პოლიცია ბუნებრივად მისცემს. მაგრამ ძალადობა, პოლიციელის პირისპირ შეურაცხყოფა, ან სხვა ადამიანის პირისპირ შეურაცხყოფა, ფიზიკურ ძალადობაზე აღარ ვლაპარაკობ, ვერ იქნება პოლიციის მხრიდან იგნორირებული. მაშინ თავი უნდა დავანებოთ ჩვენც და იმათაც დემოკრატიაზე ლაპარაკს. ამ ბავშვების ლოზუნგიც ხომ დემოკრატიაა, განვითარებაა, უკეთესი ცხოვრებაა – ეს არის ამის შემადგენელი ნაწილი.

საფრანგეთის სამართალდამცველების მიერ მოწოდებული ანგარიშის ნაწყვეტები გავრცელდა დღეს ტელევიზიით. საუბარია გოგა ხაინდრავას კავშირებზე კანონიერ ქურდებთან და საარჩევნოდ არეულობების მოწყობის გეგმებზე. სადამდე მივიდა მათი თანამშრომლობა? რამდენად უსაფრთხოდ შეიძლება ვიგრძნოთ თავი ამ ყველაფრის გამოვლენის შემდეგ? რამდენად არის გამოვლენა ამ საფრთხის აღკვეთა?

ვაღიარებთ, თუ არა, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ იცის, რომ კანონიერ ქურდებს ყოველთვის, როდესაც ამის შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოში ძველი დიდების დაბრუნების მცდელობა ჰქონდათ. ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც ან ისინი ცდილობენ, გამოიყენონ პოლიტიკური პროცესები ან პოლიტიკური ძალები ცდილობენ, თავის გვერდში იყოლიონ მათთვის, როგორც ჩანს, ავტორიტეტები და ასევე, ადამიანური რესურსი და ფული, რაც ბუნებრივია ამ ორგანიზებულ დანაშაულს ახლავს, კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოსახდენად. ისევე, როგორც ადრე, ყოველი ამ მცდელობის დროს, მცდელობა დარჩა მცდელობად. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი მუშაობის შედეგიც არის, იმიტომ რომ არასოდეს მოვდუნებულვართ ამ მიმართულებით.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ჩვენს სივრცეში, სადაც კანონიერი ქურდები ფიზიკურად აღარ არიან, და როგორც იდეოლოგია, ასევე აბსოლუტურად აღმოფხვრილია საზოგადოებიდან, ამას ისინი ასე მარტივად ვერ შეეგუებოდნენ იმიტომ, რომ კანონიერი ქურდები ძალიან დიდი ოჯახია, გავლენიანი მაფია, რომელიც საბჭოთა კავშირის ფარგლებს გასცდა. მათ ევროპაშიც დიდი გავლენები აქვთ. მათი ბიზნესიც უფრო გაფართოვდა. სიმართლე გითხრათ, საქართველო შეიძლება სულაც არ სჭირდებათ – ზედმეტად პატარაა და ღარიბი იმისთვის, რომ მათი საქმიანობისთვის საინტერესო იყოს. როგორც ჩანს, ეს მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ აქედან გააგდეს. აქ დაბრუნება, როგორც ჩანს, რაღაც სხვა სიმბოლიზმის მატარებელია.

ერთი რამ არ აქვთ გაცნობიერებული არც ამ კრიმინალებს და არც იმ ადამიანებს, რომლებიც მათთან კავშირების დამყარებას ცდილობენ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის ან, უარესი, არასახელმწიფოებრივი მიზნებისთვის – და ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, საქმე ამასთან გვაქვს – კანონიერი ქურდები საქართველოდან პოლიციამ და პროკურატურამ კი არ გააგდო. კანონიერი ქურდები აქ ვეღარ გაჩერდნენ იმიტომ, რომ საზოგადოებრივი აზრი შეიცვალა.

როდესაც პოლიტიკური ძალა ჰპირდება გავლენის დაბრუნებას ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენელს, მე მიჩნდება კითხვა, რისთვის მოდის ხელისუფლებაში ეს ძალა?

კი მაგრამ, ხაინდრავა ოფიციალურად არ არის არცერთი პარტიის წევრი. ამ შემთხვევაში რა გვაძლევს იმის საშუალებას, ვთქვათ, რომ ხაინდრავა რომელიმე პოლიტიკური პარტიის დავალებით მუშაობდა?

ამის თქმის შესაძლებლობა გვაქვს იმ მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც საფრანგეთიდან მივიღეთ. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, მეტი კომენტარის გაკეთების უფლებას თავს ვერ მივცემ. გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა და ეს არის გამოძიება, რომელიც ჯერ კიდევ პროცესშია.

ციხის სკანდალმა გარკვეული უნდობლობა გააჩინა არა მხოლოდ პენიტენციარული სისტემის, არამედ ზოგადად სისტემის მიმართ – როგორ მუშაობს ეს სახელმწიფო, რა პრინციპებზე დგას, რა ფასად გვიწევს წესრიგის შენარჩუნება. რას აკეთებთ იმისთვის, რომ პოლიციამ ნდობა შეინარჩუნოს?

ეს შეკითხვა აბსოლუტურად ყველას გაუჩნდა, სადაც არ უნდა მუშაობდეს და ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს. ის, რომ ეს კითხვა გაჩნდა, ნიშნავს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ და სწორ ქვეყანას ვაშენებთ. ეს არის ჯანსაღი რეაგირება თუნდაც ისეთ მძიმე დანაშაულზე, რომელსაც ყველა პირისპირ შევეჯახეთ. ის კადრები უმძიმესი სანახავი იყო ყველასათვის.

რაც შეეხება იმას, დააზარალა თუ არა ამ ფაქტმა სახელმწიფო ინსტიტუტები და კონკრეტულად, პოლიცია – მოდი ასე ვთქვათ, პოლიციის რეფორმაც არ არის დასრულებული. იმ წუთს დაკარგავს პოლიცია ასეთ მაღალ ნდობის ხარისხს, რა წუთსაც ჩათვლის, რომ ყველაფერი დამთავრებულია და წესრიგშია. ეს ასე არ არის. 8 წელი ასეთი სიღრმისეული რეფორმებისთვის, მეტიც, თვისობრივად ახალი სახელმწიფოს ასაშენებლად, არ არის საკმარისი დრო. ამ 8 წლის განმავლობაში ჩვენ, მაგალითად პოლიციაში, ჩავყარეთ საფუძველი. ახლა ეს შედეგები უნდა გავამყაროთ. გავამყაროთ იმდენად, რომ ნებისმიერი ხელისუფლების, ნებისმიერი ტიპის მენეჯმენტის პირობებშიც კი ეს სისტემა იმავე ღირებულებების და იმავე პრინციპების – ჰუმანური და დემოკრატიული პრინციპების ერთგული დარჩეს, ოღონდ ავტომატურ პროცესში. ვაღიაროთ, რომ ეს დღეს ასე არ არის. ეს სისტემა არის ძალიან ახალგაზრდა. 8 წელი არაა საკმარისი, რომ კარგიც და ცუდიც გადახარშო, დალექო და რეალურად მყარი ინსტიტუტი შექმნა. დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების, რეალურად ძალიან ბევრი დრო სჭირდება.

6 თვის წინ პრეზიდენტი ჩვეული რიხით ამბობდა, რომ ფრანგები ჩამოდიან ჩვენი პენიტენციარული სისტემის რეფორმისგან მაგალითის ასაღებად. ჩვენ თავი მოგვაქვს პოლიციის რეფორმით. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ პასუხისმგებლობა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორებში მსგავსი რამ არ ხდება?

კი, მე შემიძლია ავიღო ამაზე პასუხისმგებლობა. იმ დღიდან, რა დღიდანაც დაიწყო წინასწარი დაკავების იზოლატორების რეფორმა, არც ერთი წამით არ მოგვიდუნებია ყურადღება ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირობები, ნორმალური ინფრასტრუქტურა, ახალი და მუდმივად დატრენინგებული პერსონალი. ჩვენთან წინასწარი დაკავების იზოლატორი არ ექვემდებარება პოლიციას. ანუ, ის, ვინც აკავებს, არ არის პასუხისმგებელი დაკავებულის კეთილდღეობაზე. ეს იმის მაგალითად მომყავს, რომ რაც უნდა ენდობოდე საკუთარ თავს, ეს წყალგამყოფი საკუთარ სისტემაშიც აუცილებელია, რომ გქონდეს.

ვის ექვემდებარება წინასწარი დაკავების იზოლატორები?

ექვემდებარება ცალკე დანაყოფს, რომელსაც ადამიანის უფლებების სამმართველო ჰქვია, რომელიც პასუხისმგებელია შიდა ინსტრუქციებზეც, ტრენინგებზეც, გაიდლაინების მომზადებაზეც, სასწავლო პროგრამების მომზადებაზეც და, რაც მთავარია, 24-საათიან შეუზღუდავ, დაგეგმილ და დაუგეგმავ მონიტორინგზე აბსოლუტურად ყველა იზოლატორზე ქვეყნის მასშტაბით.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება ომბუდსმენის ინსტიტუტთან, მასთან აფილირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც შეუზღუდავად შედიან და სიმართლე რომ გითხრათ, უკვე 6 წელია აღარა გვაქვს სისტემური პრობლემა არა მარტო წამების და უდიერი მოპყრობის, არამედ ადვოკატის დროული არშეშვების, ჯანმრთელობის, საკვების, ელემენტარული ჰიგიენის და ასე შემდეგ კუთხით.

ასე რომ, კი, მე ვიღებ პასუხისმგებლობას წინასწარი დაკავების იზოლატორზე და იქ მყოფ ყველა ადამიანზე. უდიერი მოპყრობის ერთეული, გამონაკლისი, იზოლირებული შემთხვევები შესაძლოა მოხდეს. მაგრამ, როგორც სისტემურ პრობლემას, აბსოლუტურად გამოვრიცხავ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები