მხატვრობა

ჟენევაში ახალგაზრდა მონა ლიზა აღმოაჩინეს

მონა ლიზას ფონდმა, ჟენევაში სახელგანთქმული შედევრის, ლეონარდოს ჯოკონდას უფრო ადრეული პორტრეტი წარმოადგინა. ნახატზე, რომელიც ორმოცი წლის განმავლობაში ინახებოდა შვეიცარიის ერთ-ერთი ბანკის საცავში, გამოსახულია ლუვრში გამოფენილ პორტეეტთან შედარებით, ათიოდე წლით ახალგაზრდა ლიზა გერარდინი. მონა ლიზას ფონდის მკვლევარების აზრით, ეს ჯოკონდას პირველი ვერსიაა, რომელიც სავარაუდოდ, 1503-1505 წელს უნდა შექმნილიყო და მასზე მუშაობა მხატვარს არ დაუსრულებია. ფონდმა ასევე წარმოადგინა 320 გვერდიანი წიგნი, სახელწოდებით: „მონა ლიზას ადრეული ვერსია“.

ნახატი მონა ლიზას ფონდს შესასწავლად გადასცეს მისმა მფლობელებმა, რომელთა ვინაობაც, ამ დრომდე უცნობია. ფონდმა, რომლის ცენტრალური ოფისიც ჟენევაში მდებარეობს, ისტრიული, სამეცნიერო და გენეტიკური კვლევა ჩაუტარა ნახატს. მონა ლიზა ადრეულ ვერსიაშიც იმავე პოზაშია გამოსახული, აცვია იგივე ტანსაცმელი, მხოლოდ პერსპექტივასა და უკანა ფონშია დიდი განსხვავება. იმის დასამტკიცებლად, რომ ნახატი ნამდვილად ლეონარდოს ეკუთვნის, მეცნიერებმა რენესანსის ეპოქის ცნობილი იტალიელი მხატვრის, არქიტექტორისა და მწერლის, სახელგანთქმული წიგნის- „გამოჩენილ მხატვართა, მოქანდაკეთა და არქიტექტორთა ცხოვრების“ ავტორის- ჯორჯო ვაზარის ჩანაწერი გაიხსენეს, რომელშიც ნახსენებია მონა ლიზას ადრეული პორტრეტი. ეს პირვანდელი ვერსია უნდა იყოს 1503 წელს, ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს მიერ ლეონარდოსთვის შეკვეთილი პორტრეტი, რომელიც დაუსრულებელია. ყველასთვის კარგად ნაცნობი ჯულიანო დე მედიჩისთვის შექმნილი ლუვრის ჯოკონდა კი რამდენიმე  წლის შემდეგ დახატული  იმავე ადამიანის პორტრეტია .

შვეიცარული პორტრეტის ლეონარდოს სახელისთვის მიწერას სკეპტიკურად უყურებს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი,  ლეონარდოს შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მკვლევარი მარტინ კემპი: „არ გვაქვს რამე საფუძველი, ნახატი ლეონარდოს მივაკუთვნოთ. თანაც ეს მონა ლიზა ტილოზეა გამოსახული და არა ფიცარზე, როგორც ლუვრის ჯოკონდას შემთხვევაში გავქვს. ასევე შესამჩნევია აშკარა განსხვავებები მხატვრების ხელწერაში: თმა, ხელები, ტანსაცმელი და უკანა ფონი ამ ორ ნახატს სხვადასხვაგვარი აქვს.

 

 

კომენტარები