ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილი: სწორი დიპლომატიით ნატოში შესვლის პარალელურად რუსეთთან ურთიერთობა მოგვარდება

ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება სწორი დიპლომატიით შეიძლება. კოალიციის ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მომავალ მთავრობას სწრაფვა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ ექნება. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, არსებობს სურვილი და ვალდებულება, რომ საქართველომ თავის ყველაზე დიდ მეზობელთან, რუსეთთან ურთიერთობები დაალაგოს.

”გვესმის წინააღმდეგობები და კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არ იქნება ადვილი, თუმცა არც შეუძლებელია. ვფიქრობ, რუსეთის პოზიცია საქართველოს ნატოსკენ სწრაფვასთან დაკავშირებით ძალიან გააღიზიანა და გააღრმავა სააკაშვილმა. მესმის, რომ გეოპოლიტიკურად ეს რუსეთისთვის არ არის საინტერესო, მაგრამ არ ვთვლი, რომ არის პრინციპული საკითხი. სწორი დიპლომატიით და ანალიზით, სწორი დროით შეიძლება რუსეთის დარწმუნება, რომ ეს არ იქნება მისთვის საფრთხე." - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ქართული ოცნების ლიდერის თქმით, კოალიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობები დალაგდეს და უახლოეს მომავალში რუსეთთან კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები აღდგეს.

 

კომენტარები