ირანი

ტერორისტები და ლობისტები

ჰილარი კლინტონი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კონგრესს შეატყობინა, რომ აპირებს ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღოს ირანელ დისიდენტთა ჯგუფი მუჯაჰედინ-ე-ხალქი (MEK). კულტად ქცეული ჯგუფის წევრებისთვის ტერორისტის სტატუსის მოცილება კაპიტოლიუმის ბორცვზე ლობისტების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეს დაასრულებს.

გადაწყვეტილება ფორმალურად 1 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ამ ქმედებას დადებითად გამოეხმაურა კონგრესი, რომლის მრავალი წევრი ჯგუფის ტერორისტთა სიიდან ამოღებას მრავალი წელი მოითხოვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, MEK-ის ხუთიდან ათი ათასამდე წევრის დიდი ნაწილი ერაყში ყოფილ ამერიკულ ბაზაზე ცხოვრობს, სადაც ამერიკული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ მათი უსაფრთხოება დაცული არაა. კანონმდებლების აზრით, ტერორისტის სტატუსის მოხსნა ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყანაში ჯგუფის წევრების გადაადგილებას. მუჯაჰედინ-ე-ხალქმა ძალადობრივი გზა 2003 წელს უარყო, 2009 წელს ის ევროკავშირმა ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო.

აშშ მუჯაჰედინ-ე-ხალქის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევდა 1970-იან წლებში ირანში ექვსი ამერიკელის მკვლელობისა და 80-იან და 90-იან წლებში სადამ ჰუსეინთან კავშირების გამო. ორგანიზაცია 1963 წელს დააარსეს მემარცხენე სტუდენტებმა, რომლებიც შაჰის ხელისუფლებას და მის დასავლელ მხარდამჭერებს უპირისპირდებოდნენ. მარქსიზმის, ისლამიზმისა და ფემინიზმის უცნაურმა ნაზავმა მაშინდელ ირანულ კამპუსებში პოპულარობა მოიპოვა. MEK მონაწილეობდა 1979 წლის ირანულ რევოლუციაში და აშშ-ის საელჩოს მძევლად აყვანის პერიოდში თავისი უკომპრომისო პოზიციით გამოირჩეოდა. მალევე აიათოლა ხომეინის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ჯგუფი კლერიკალურ წრეებს დაუპირისპირდა. 1981 წელს MEK-ის წევრების თავდასხმებს ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, მმართველი პარტიისა და პარლამენტის მრავალი წევრი შეეწირა.

ტერორს სასულიერო წრეებმა მასობრივი დაპატიმრებებით უპასუხეს, რის გამოც ჯგუფმა პარიზში გადაინაცვლა. 1987 წელს საფრანგეთმა MEK-ის წევრები საკუთარი ტერიტორიიდან გააძევა, რის შემდეგაც ისინი ერაყმა შეიფარა. სადამ ჰუსეინმა ჯგუფი ირანთან ომის დასკვნით ეტაპზე და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენა. MEK-ის მებრძოლებმა რეგიონში ერთ-ერთმა პირველებმა გამოიყენეს თვითმკვლელთა მისიები. MEK-ის კამპანია ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ 1990-იან წლებში გაგრძელდა, რაც უმთავრესად მაღალი თანამდებობის პირების მკვლელობებში გამოიხატებოდა. 1997 წელს რეფორმატორ პრეზიდენტ მუჰამედ ხატამის მთავრობასთან მოლაპარაკებების პროცესში აშშ-მა ჯგუფი ტერორისტულ ორგანიზაციათა რიცხვში შეიყვანა.

2000-იან წლებში MEK-ის პოლიტიკური პლატფორმა რადიკალურად შეიცვალა და ახლა ის კაპიტალიზმის, ადამიანის უფლებების, რელიგიური თავისუფლების, უმცირესობების უფლებების და ირანის მსოფლიო საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდამჭერია. უკანასკნელ წლებში ჯგუფმა გააძლიერა ვაშინგტონში მხარდამჭერთა კამპანია, რომელიც ორივე პარტიის მხრიდან უაღრესად გავლენიან პირებს მოიცავს. სხვადასხვა დროს MEK-ის დასაცავად გამოსულან ნიუ იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი, ყოფილი გუბერნატორები ჰოვარდ დინი და ედვარდ რენდელი, პრეზიდენტ ობამას ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში გენერალი ჯიმ ჯონსი, ყოფილი კონგრესმენი ლი ჰამილტონი და მრავალი სხვა. ლობირების გასამრჯელოს გარდა, ჯგუფი ამ პირებს მხარდასაჭერ რამდენიმეწუთიან გამოსვლაში 10,000-50,000 დოლარის ოდენობის ჰონორარებს სთავაზობს.

ტერორისტული ჯგუფის გარდა, მუჯაჰედინ-ე-ხალქს ხშირად აღწერენ, როგორც კულტს. ჯგუფში დამაარსებელი ცოლ-ქმრის, მასუდ და მარიამ რაჯავების პერსონალურობის კულტია და „მარადიული განქორწინებისა” და ცელიბატის უცნაურ პრაქტიკას მისდევენ. 1989 წელს ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე მოწყობილი ოპერაციის წარუმატებლობის მიზეზად, რომელსაც ათასობით წევრის დაღუპვა მოჰყვა, მასუდ რაჯავიმ მათ მიერ სიყვარულზე და სექსზე ყურადღების გადატანა დაასახელა. მან წევრებს გრძნობების მეუღლეებიდან ლიდერებზე წარმართვა უბრძანა და ერთსქესიან კომუნებად ცხოვრება აიძულა. რამდენიმე ასეული ბავშვი ევროპაში MEK-ის მიმართ სიმპათიით განწყობილ ოჯახებში გააშვილეს, მათ უმეტესობას მშობლები აღარც უნახავთ. ჯგუფის წევრებს რაჯავების მიმართ ფანატიკური ერთგულება აკავშირებთ – 2003 წელს, მარიამ რაჯავის საფრანგეთის ძალოვანების მიერ დროებით დაკავების დროს, მსოფლიოში გაფანტულმა ათმა წევრმა თავი დაიწვა.

MEK-ის მკვლევარი ანალიტიკოსები არ იჯერებენ ჯგუფის განცხადებას ძალადობის უარყოფის შესახებ. ჟურნალ New Yorker-ის მიხედვით, 2007 წელს ამერიკულმა საგანგებო ძალებმა ირანელებს ნევადაში მდებარე საწარმოში საიდუმლო ოპერაციისთვის ვარჯიში შესთავაზეს. მათ MEK-ის წევრები შეიარაღებით და კომუნიკაციური აღჭურვილობით მოამარაგეს და ირანის შიგნით რეჟიმის წინააღმდეგ ტერორისტული საქმიანობისთვის მოამზადეს. მრავალი გამოცემის ინფორმაციით, MEK-ის წევრებს ისრაელის სადაზვერვო სამსახური იყენებდა ირანის მთავრობის დოკუმენტების გამოჟონვის და საბოტაჟის აქტებისთვის. ამ ჯგუფის საქმიანობად მიიჩნევენ აგრეთვე ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე მეცნიერების მკვლელობას.

პოლიტიკოსთა ლობისტური საქმიანობის და სოლიდურ გამოცემებში მათ სასარგებლოდ დაბეჭდილი პუბლიკაციების მიუხედავად, რომელიც ჯგუფს არსებული ირანის რეჟიმის ალტერნატივად ასახელებს, MEK-ი უფრო პოპულარული ვაშინგტონშია, ვიდრე ირანში. სისხლიან ომში ერაყის მხარეზე ბრძოლამ მილიონობით ირანელის თვალში ჯგუფს რეპუტაცია სამუდამოდ დაუკარგა, ხოლო ახალგაზრდა თაობებისთვის MEK-ი ნაკლებადაა ცნობილი.

ირანის არსებული ხელისუფლება, როგორც წესი, ჯგუფს უცხოელი მტრების გეგმების შემსრულებლად მოიხსენიებს. 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული ოპოზიციური მწვანე მოძრაობის უკან რეჟიმმა თავდაპირველად MEK-ი დაასახელა, რითაც ირანელების თვალში მათ დისკრედიტაციას შეეცადა. მწვანე მოძრაობის ლიდერებმა დასცინეს ამგვარ იდეას და მკვეთრად გაემიჯნენ MEK-ს. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, „იპოვეთ ერთი ადამიანი მაინც, რომელიც MEK-ს მხარს უჭერს”.

 

კომენტარები