ფოკუსი

ახდენილი ოცნება

საარჩევნო უბანი თბილისში

ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ ქართულმა ოცნებამ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების თანახმად, 4 ოქტომბრის დილისთვის, უბნების 99,5 პროცენტის დათვლის შედეგად, ქართულმა ოცნებამ ხმათა 54,92 პროცენტი მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 40,35. პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელი ბარიერი ვერცერთმა სხვა ძალამ ვერ გადალახა.

1 ოქტომბერს საღამოს ნაციონალურ მოძრაობას ჯერ კიდევ იმედი ჰქონდა, რომ მაჟორიტარული წესით მოპოვებული მანდატები საკმარისი იქნებოდა, რათა პარლამენტში კვლავ უმრავლესობით მოსულიყო. თუმცა მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვება ქართულ ოცნებას დარჩა და ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში გადადის.

4 ოქტომბრის დილისათვის არსებული მონაცემებით, მაჟორიტარული სისტემით კენჭისყრის შედეგად ქართულმა ოცნებამ 38 ოლქში გაიმარჯვა, ნაციონალურ მოძრაობას კი 35 მაჟორიტარული მანდატი შეხვდა. კოალიციამ, გამარჯვების მიუხედავად, საკონსტიტუციო უმრავლესობის პარლამენტის ორი მესამედის მოპოვება ვერ შეძლო.

ამომრჩეველთა აქტივობა ამ არჩევნებზე ძალზე მაღალი და, ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეფასებით, უპრეცედენტო იყო. ცესკოს მონაცემებით, უბნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 59 პროცენტი მივიდა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 64 პროცენტი შეადგინა. შედარებისთვის, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით აქტივობამ შეადგინა 53 პროცენტი, ხოლო თბილისის მასშტაბით 48 პროცენტი. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალურმა მოძრაობამ 1 მილიონ 50 ათასი ხმა მიიღო. 1 ოქტომბრის არჩევნებზე კი თითქმის 200 ათასით ნაკლები.

შედეგების გეოგრაფია

ქართულმა ოცნებამ დიდი უპირატესობით მოიგო დედაქალაქის უკლებლივ ყველა საარჩევნო ოლქში, როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით. საერთო ჯამში, თბილისში კოალიციამ ხმათა 67 პროცენტი მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ კი მხოლოდ 27 პროცენტი.

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია იმაში გამოიკვეთა, რომ თბილისის მსგავსად, ქართულმა ოცნებამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა თვითმმართველობის მქონე ქალაქებშიც რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში. ჯამში, ოპოზიციურმა კოალიციამ ამ ოლქებში ხმების 60 პროცენტი მიიღო. ყველა დანარჩენ რეგიონში, თბილისისა და მსხვილი ქალაქების გარდა, ქართული ოცნების მაჩვენებელმა 48 პროცენტი შეადგინა (ნაციონალური მოძრაობის 47 პროცენტის წინააღმდეგ).

ამავე დროს, მნიშვნელოვანი სხვაობები გამოიკვეთა ორივე პარტიის შედეგების თვალსაზრისით ცალკეული რეგიონების მიხედვით. ზოგიერთ მათგანში, ყველა ან თითქმის ყველა ოლქში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. ყველაზე დიდი სხვაობა კოალიციასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, დედაქალაქს გარეთ მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა. სამივე საარჩევნო ოლქში კოალიციამ და მისმა

საარჩევნო უბანი თბილისში
მაჟორიტარმა კანდიდატებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს.

ასევე ცალსახა მხარდაჭერა მოიპოვა ოპოზიციურმა კოალიციამ გურიის რეგიონში. შიდა ქართლის რეგიონის ყველა საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით ასევე ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა: დიდი სხვაობით კასპსა და ქარელში, უმნიშვნელო სხვაობებით გორსა და ხაშურში.

ასევე მაღალი შედეგი აჩვენა ქართულმა ოცნებამ იმერეთის რეგიონში. განსაკუთრებით ბევრი ხმა საჩხერესა და ჭიათურაში, ასევე ზესტაფონში მიიღო. ქართულმა ოცნებამ იმერეთის კიდევ 4 ოლქში ხარაგაულში, სამტრედიაში, ხონსა და ბაღდათში უფრო მცირე სხვაობით გაიმარჯვა. ამავე დროს, წყალტუბოში და ვანში გამარჯვება ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა.

იმერეთის მსგავსად, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართ ამომრჩეველთა სიმპათიის მიხედვით გაყოფილი აღმოჩნდა კახეთის რეგიონი, აჭარა და რაჭა-ლეჩხუმი. კახეთში ქართულმა ოცნებამ ყველაზე მეტი ხმა საგარეჯოში მიიღო. ასევე გაიმარჯვა თელავსა და ახმეტაში. მცირე სხვაობებით სიღნაღსა და დედოფლისწყაროში. ნაციონალურმა მოძრაობამ კი დიდი უპირატესობით ლაგოდეხში მოიგო. ასევე უპირატესობა მოიპოვა გურჯაანში და ყვარელში.

მნიშვნელოვნად განსხვავებული აღმოჩნდა აჭარის ამომრჩეველთა პოლიტიკური პრიორიტეტები. თუ ქართულმა ოცნებამ ცალსახა წარმატება, სხვა დიდი ქალაქების მსგავსად, მოიპოვა ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში ქედაში, შუახევსა და ხულოში ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგო.

რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმს, ონსა და ამბროლაურში ქართულმა ოცნებამ მოიგო, ცაგერსა და ლენტეხში ნაციონალურმა მოძრაობამ.

1 ოქტომბრის არჩევნებზე ნაციონალურმა მოძრაობამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა სამ რეგიონში: სამეგრელო-ზემო სვანეთში (მესტიის გამოკლებით), ქვემო ქართლსა (რუსთავის გამოკლებით) და სამცხე-ჯავახეთში (ბორჯომის გამოკლებით).

სამცხე-ჯავახეთში ქართულმა ოცნებამ მხოლოდ ბორჯომში გაიმარჯვა. რეგიონის სხვა ოლქებში დიდი უპირატესობით ნაციონალური მოძრაობა ლიდერობდა.

რაც შეეხება სამეგრელოს, პრაქტიკულად ყველა ოლქში ნაციონალურმა მოძრაობამ ქართულ ოცნებას დიდი სხვაობით მოუგო, ყველაზე მაღალი შედეგი წალენჯიხასა და ზუგდიდში აღინიშნა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე მცირე სხვაობით უპირატესობა ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა 49 პროცენტი 46-ის წინააღმდეგ.

წინა არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე, თბილისში ოპოზიციური კოალიციის წარმატება პროგნოზირებადი იყო. ისევე, როგორც სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ოლქების უმრავლესობის ამომრჩეველთა მხარდაჭერა მმართველი პარტიის მიმართ.

ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ წინა, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე დაბალი მხარდაჭერა, რეგიონებს შორის, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში ჰქონდა. ეს ტენდენცია 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის კიდევ უფრო გამოჩნდა. როგორც აღმოჩნდა, შეიცვალა მცხეთა-მთიანეთის ამომრჩევლის განწყობაც, სადაც ორი წლის წინ მმართველ პარტიას თითქმის 80 პროცენტით დაუჭირეს მხარი.

საინტერესო ისაა, რომ თითქმის ყველა რეგიონში, სადაც ბოლო წლებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა და დიდი სახელმწიფო ინვესტიციები ჩაიდო ბათუმში, ქუთაისში, თელავში, მესტიაში ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო. ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ ახალციხე გახდა.

წინასწარი შეფასებები და დასკვნები

საარჩევნო პროცესის მონიტორინგს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით 60 ათასზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ახორციელებდა. საერთაშორისო მისია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტისა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციების შემადგენლობით, მონიტორინგს ახორციელებდა როგორც წინასაარჩევნო კამპანიაზე, ასევე ხმის მიცემასა და ხმების დათვლის პროცესზე.

2 ოქტომბერს მისიამ წარმოადგინა წინასწარი დასკვნა, რომელშიც წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისა და ხმის მიცემის პროცესი შეაფასა. საერთაშორისო ორგანიზიციების წარმომადგენელთა დასკვნით, მიუხედავად მკვეთრად პოლარიზებული კამპანიისა, რომელიც შეიცავდა უხეშ რიტორიკასა და ნაკლოვანებებს, ქართველმა ხალხმა საარჩევნო ყუთთან თავისუფლად გამოხატა თავისი ნება.

როგორც დამკვირვებელთა დასკვნაშია აღნიშნული, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებით „მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა დემოკრატიული არჩევნების კონსოლიდირებულად ჩატარებისკენ”, თუმცა „აღსანიშნავია ცალკეული საკვანძო საკითხები”.

დასკვნის თანახმად, არჩევნები კონკურენტულ, თუმცა პოლარიზებულ და დაძაბულ გარემოში ჩატარდა. წინაასარჩევნო კამპანიის განმავლობაში მეტი ყურადღება ეთმობოდა, ერთი მხრივ, კანდიდატის თანამდებობრივ უპირატესობებს, მეორე მხრივ კი, პირად ფინანსურ აქტივებს, ნაცვლად კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმების და პროგრამების შეჯიბრისა. წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებისას მისია ასევე აღნიშნავს, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება მთლიანობაში დაცული იყო. თუმცა იქვე ნაკლოვანებებზე და დარღვევებზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ არჩევნების წინ ადგილი ჰქონდა ოპოზიციური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ ძალადობასა და დაშინებას, რაც უარყოფითად აისახებოდა წინასაარჩევნო გარემოზე.

ამავე დროს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მაღალი ნდობით სარგებლობდა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა გამჭვირვალე იყო. რაც შეეხება არჩევნების დღეს, დამკვირვებელთა შეფასებით, ის იყო წყნარი და მშვიდობიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. დამკვირვებლებმა არჩევნების დღის ყველა ეტაპი დადებითად შეაფასეს, თუმცა, მათი აზრით, შეინიშნებოდა პროცედურული ხარვეზები.

როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკა ვოლონტემ აღნიშნა, ახალ პარლამენტში როგორც უმრავლესობით არჩეულმა, ასევე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა ახლა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და ძალები არსებული ნაკლოვანებების გამოსასწორებლად მიმართონ”.

„გუშინდელმა არჩევნებმა ცხადყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უმთავრესი დემოკრატიული ინსტიტუტების როლი, როცა ისინი პროფესიონალურად და მიუკერძოებლად მოქმედებენ”, განაცხადა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ვულჩანოვმა. თუმცა, მისი თქმით, სამართლებრივი სისტემა საჭიროებს დახვეწას და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი მზადაა, ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობა გააგრძელოს.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ეს არჩევნები ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე კონკურენტული იყო და პლურალისტური საკანონმდებლო ორგანოს ჩამოყალიბების მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია. სერიოზული პრობლემების მიუხედავად, წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო პროცესმა მოქალაქეებს საშუალება მისცა, ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ და პოზიცია საარჩევნო ყუთთან გამოეხატათ.

IRI-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კონგრესმენმა დევიდ დრეიერმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ყველაზე კონკურენტულ და სანდო საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. IRI-ის სადამკვირვებლო მისიის

პრეზიდენტი სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე ოჯახთან ერთად
შეფასებით, იმ ენთუზიაზმმა და საყოველთაო ჩართულობამ, რაც ქართველმა ამომრჩეველმა გამოავლინა, არჩევნების ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესა.

ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, ხმის მიცემის პროცესში რამდენიმე ტიპურ დარღვევაზე გაამახვილეს ყურადღება. მათ შორის ბიულეტენების ნაკლებობაზე საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით (თუმცა, მათ მიერ არ დასახელებულა შემთხვევები, როდესაც ამას ხელი შეუშლია ხმის მიცემის პროცესისთვის). ასევე აღნიშნეს უხარისხო მარკირების აღჭურვილობა, დოკუმენტების არასწორად წარმოება, სხვის მაგივრად ხმის მიცემის ცალკეული შემთხვევები. გარდა ამისა, დამკვირვებელთათვის ხელის შეშლის შემთხვევები ადმინისტრაციების წარმომადგენელთა მიერ.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები 1 ოქტომბრის არჩევნების თაობაზე საბოლოო დასკვნებს რამდენიმე კვირაში მოამზადებენ.

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, „ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მოსახლეობას საშუალება ჰქონდა, გამოეხატა თავისი ნება და მონაწილეობა მიეღო არჩევნებში”. ამავე დროს, დამკვირვებლებმა შეშფოთება გამოთქვეს 1 ოქტომბერს ღამით ცალკეულ უბნებთან პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების გამო. თუმცა, მათ საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლა არ მოუხდენიათ. ამგვარი მცდელობები როგორც 1 ოქტომბერს ღამით, ასევე 2 და 3 ოქტომბერს შეინიშნებოდა კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტების მხრიდან. კოალიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მთელ რიგ ოლქებში ხმების დათვლის პროცესში გაყალბება იგეგმებოდა, რისთვისაც ხელის შეშლას ცდილობდნენ. თავის მხრივ, ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ქართული ოცნება საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას აწარმოებს, რათა მათ კოალიციისთვის სასურველი შედეგები დააფიქსირონ. ქართული ოცნების ამგვარი ქმედებები 3 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა დაგმო. მან მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, კანონის შესაბამისად იმოქმედონ.

საქართველოში არჩევნების შედეგებს ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა. „გვინდა, მივულოცოთ ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება. ეს დემოკრატიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. მიგვაჩნია, რომ გუშინდელი არჩევნები ქართველი ხალხის გამარჯვება იყო”, განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა. მან არჩევნების ჩატარება მიულოცა როგორც მიხეილ სააკაშვილს, ასევე ბიძინა ივანიშვილს. მისი თქმით, სააკაშვილის ხელმძღვანელობით „საქართველომ დემოკრატიის გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ასევე გვინდა, მივულოცოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მისი კოალიციის წარმატება საპარლამენტო არჩევნებში. შეერთებული შტატები მოუწოდებს ორივე მხარეს, ითანამშრომლონ საქართველოს უკეთესი მომავლის ასაშენებლად”, განაცხადა ელჩმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ „ეს იყო ისტორიული დღე ყველა ქართველისთვის და საქართველოს დემოკრატიული მომავლისათვის”.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო-ს საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის შეფასებას იმის თაობაზე, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფლად გამოხატა საკუთარი სურვილი საარჩევნო ყუთებთან. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხმების საბოლოო დათვლა და საჩივრების განხილვა გამჭვირვალედ აწარმოოს”, განაცხადა ჰილარი კლინტონმა. მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ყველა პარტიას ახალ პარლამენტში კონსტრუქციული თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისათვის.

თავის მხრივ, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ზოგადად პოზიტიურად ჩატარება და ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ხაზს უსვამს საქართველოს ერთგულებას მისი დემოკრატიული კურსის მიმართ. მათ მიულოცეს ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება და აღნიშნეს, რომ „ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა”.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს „თავისუფალი, კონკურენტული და მშვიდობიანი საპარლამენტო არჩევნების” ჩატარება მიულოცა. მისი თქმით, ეს „ისტორიული მომენტია საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ახლა ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანდნენ ქვეყნის სასიკეთო საქმეში და გააძლიერონ რეფორმები და დემოკრატიული ინსტიტუტები”.

კომენტარები