ფოკუსი

მარცხის ანატომია

„ნაციონალური მოძრაობა გადადის ოპოზიციაში” საქართველოს პრეზიდენტის ამ მიმართვის შემდეგ, საბოლოოდ გაცხადდა, რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველად, ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. ნაციონალურმა მოძრაობამ დამარცხება აღიარა და ქვეყნის მართვის სადავეები ისე დათმო, რომ, როგორც მისი ლიდერები ამბობენ, პოლიტიკური კრიზისი ქვეყანას არ ელის.

შესაძლოა, ახალი რეალობის სრულფასოვნად აღქმა ჯერ კიდევ უჭირთ საარჩევნო ბრძოლაში მონაწილე ორივე გუნდის წევრებსა თუ მხარდამჭერებს, მაგრამ შედეგი უკვე დადგა: ამიერიდან პასუხისმგებლობის უდიდესი წილი სხვადასხვა სფეროებსა თუ, ზოგადად, ქვეყნის ბედზე, ახალ საპარლამენტო უმრავლესობას ეკისრება.

თავის მხრივ, ნაციონალურ მოძრაობას დაშვებული შეცდომების გაანალიზებისა და სამომავლო გეგმების დასახვის ეტაპი დაუდგა. შეცდომები რომ იყო, ამას არჩევნების შედეგიც ცხადყოფს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 2008 წელთან შედარებით, ხელისუფლებამ 200 ათასზე მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა დაკარგა. რა თქმა უნდა, ხელისუფლების რეიტინგს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სასჯელაღსრულების სისტემაში გამოაშკარავებულმა წამების ამსახველმა კადრებმა. თუმცა, მიუხედავად ამ დიდი სკანდალისა, არასწორია იმის თქმა, რომ ქართველმა ხალხმა მმართველ ჯგუფს მხარი მხოლოდ კადრებისგან შეძრწუნების გამო არ დაუჭირა. ხელისუფლებამ დანაშაულის გამოაშკარავებას გარკვეული მყისიერი ზომებით უპასუხა, თუმცა, მას ათიათასობით მხარდამჭერი შემოეცალა. ეს სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის კლებას უფრო ღრმა ფესვები აქვს.

სოციალური ბაზა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ეფუძნებოდა, პირობითად, სოფლად მცხოვრებ ამომრჩეველსა და ქალაქელ საშუალო კლასად იყოფა. არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ მათ შორის პირველი ყოფილმა ხელისუფლებამ დიდწილად შეინარჩუნა და მათივე მეშვეობით პარლამენტში ძლიერი ოპოზიციით შევიდა. თუმცა, ქალაქელი საშუალო კლასის დიდი ნაწილი აწ უკვე ოპოზიციის პოლიტიკურ ოპონენტებს გაჰყვა და ამან ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანა.

შეიძლება ითქვას, რომ გაუცხოება ნაციონალურ მოძრაობასა და ქალაქის საშუალო კლასს შორის ფასეულობებს უკავშირდება. ქალაქელმა ამომრჩეველმა დიდწილად დაკარგა შეგრძნება, რომ თავისუფლების, პიროვნების ღირსებისა და ადამიანის უფლებების ფასეულობებით მთავრობაში მოსული ხელისუფლება პრინციპების ერთგული დარჩა.

ამას კონკრეტული მიზეზები აქვს: შვიდი ნოემბრისა და, განსაკუთრებით, რუსეთთან ომის შემდეგ, რეფორმების ტემპი მკვეთრად შემცირდა, რიტორიკა კი ღირებულებითი საკითხებიდან, პოპულიზმზე გადაეწყო. წინასაარჩევნოდ მეტი სარგებლის დაპირება, კონკრეტულ სოციოლოგიურ კვლევებს ეფუძნებოდა. მერყევ ამომრჩეველს მეტი სარგებელი სურდა და ხელისუფლებაც უხვად ამარაგებდა ელექტორატს მსგავსი დაპირებებით. არჩევნების წინ ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე, პენსიების ზრდასა და სოფელზე საუბრობდა, მათ შორის, ქალაქში, სადაც კონკრეტული უბნის ამომრჩეველს ნაკლებად უნდა აინტერესებდეს, რას აპირებს მისი მაჟორიტარი სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში. ამის პარალელურად, ხელისუფლების რიტორიკაში იკლო ან საერთოდ გაქრა ისეთი თემები, როგორიცაა თავისუფალი სასამართლოსკენ სვლის აუცილებლობა, ადამიანის უფლებები თუ მედიაგარემოს გაუმჯობესება.

როგორც აღმოჩნდა, მესიჯ-ბოქსებმა ყოფილ ხელისუფლებას საბოლოოდ სოფელში მცხოვრები ამომრჩევლის მხარდაჭერა შეუნარჩუნა, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა მათთვის, ვისაც მეტი სარგებლისთვის ხმის მისაცემად, სჭირდებოდა რწმენა, რომ ხელისუფლება საკუთარ პრინციპებს არ ღალატობს. ოპოზიციასთან პოპულიზმში შეჯიბრი წარუმატებლობით დასრულდა. მით უმეტეს, რომ ამ თამაშში აპრიორი უპირატესობას ფლობდა დიდი ფინანსური კაპიტალით და ქველმოქმედების წარსული მაგალითებით აღჭურვილი ოპონენტი, რომელსაც ბევრად ნაკლები საზრუნავი აწვა მხრებზე, ვიდრე ეს პოპულიზმის პარალელურად, სახელმწიფოს გამართული მართვაა.

დღეს, როცა შედეგი დადგა და შეცდომების გაანალიზება უფრო მარტივია, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, უფრო მოგებიანი იქნებოდა, პარტიის ლიდერებს, ისევე როგორც მის უპარტიო მხარდამჭერებს, ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე ბევრად ხმამაღლა ელაპარაკათ. საბოლოოდ, პოლიტიკური ძალთა ბალანსი სწორედ შეცდომების გაუცნობიერებლობისა და პასუხისმგებლობის დეფიციტის გამო შეიცვალა.

თუმცა, ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება და ყოფილი მმართველი პარტია ახლა უკვე განსხვავებული ამპლუით განაგრძობს მასში მონაწილეობას. თუ მის ლიდერებს ვენდობით, საკმაოდ აქტიურადაც, რაც სავსებით რეალურია, თუ ამ გუნდის გამოცდილებასა და პარლამენტში არცთუ მცირერიცხოვან წარმომადგენლობას გავითვალისწინებთ.

და თუ გრძელვადიან პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური და მზარდი როლის თამაში სურს, ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი თავის პოლიტიკური რეაბილიტაცია მოუწევს. ამ მიზნის მისაღწევად კი მას მთავრობის ობსტრუქცია და საბოტაჟი არ გამოადგება. თუ განცხადებებს გადავხედავთ, ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ამას არც აპირებს. გამოსავალი, ერთი მხრივ, პატიოსანი და მეორე მხრივ, პრაგმატულად მოგებიანი სტრატეგიის ქონაა, რომელსაც გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ამის საუკეთესო საშუალებას უშუალოდ პარტიას საპარლამენტო ტრიბუნის კონსტრუქციული კრიტიკისთვის გამოყენება მისცემს.

ეს აუცილებელია და არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიის, არამედ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის სიჯანსაღისთვის. საჭიროა ნაციონალურმა მოძრაობამ მისი უწინდელი ოპოზიციისა და ამჟამინდელი ხელისუფლების შეცდომები არ გაიმეოროს - გამორიცხოს ჩასაფრებული, აგრესიული და არაკონსტრუქციული კრიტიკა. ისევე, როგორც ახალმა ხელისუფლებამ გაითვალისწინოს უკვე ყოფილი მთავრობის შეცდომები. პრობლემებზე თვალის დახუჭვის საშუალება კი მას ახალმა ოპოზიციამ არ უნდა მისცეს.

სწორედ შეცდომების გაუცნობიერებლობა და პასუხისმგებლობის დეფიციტია ის, რის გამოც პოლიტიკურ ძალთა ბალანსი ასე რადიკალურად შეიცვალა. ორი ათეული წლის მანძილზე ვისწავლეთ, რომ ქვეყნის ბედს წყვეტს არა ღმერთის მიერ მოვლენილი ანგელოზი, არამედ ნაკლოვანი ან უკიდურესად ნაკლოვანი ძალების ურთიერთდაბალანსება, შეკავება და გაწონასწორება. საქართველოში რაიმე უნიკალური არ მომხდარა: მრავალ ქვეყანაში პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, მაგრამ თუნდაც უკიდურესი ოპონირების რეჟიმში, ისინი მშვიდობიან თანამშრომლობას ახერხებენ.

 

კომენტარები