ივანიშვილი პოლიტიკაში

ტოლერანტობის ცენტრი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი გამოეხმაურა ინტერნეტ გამოცემა newtimes.ru–ში გამოქვეყნებულ ინტერვიუს ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგაა ჩაწერილი.

”ჟურნალისტის შეკითხვას „თქვენ ცხოვრობდით საფრანგეთში, თქვენი შვილები იქ გაიზარდნენ, დაბრუნდით და უცებ – პარტია, არჩევნები... რაში გჭირდებათ ეს?“ ივანიშვილი პასუხობს: „ჩვენ, ქართველები, ასეთი უცნაურები ვართ –მიჯაჭვულები ჩვენს მიწას. ასეთი ხასიათი გვაქვს. აი, მაგალითად, ჩვენთან, აქ ცხოვრობენ სომხები. გამკვირვებია, მათ აქვე, გვერდით, აქვთ სამშობლო, ისინი კი აქ ცხოვრობენ. თქვენთვის საკითხი, ალბათ, ასე არ დგას. ჩემთვის კი ეს გაუგებარია. ვცხოვრობდი საფრანგეთში, ერთი წელი ამერიკაში, მე კი ჩემი სოფელი, ჩემი მიწა მესიზმრებოდა...“ - ნათქვამია ტოლერანტობის ცენტრის განცხადებაში.

სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრს მიაჩნია, რომ მსგავსი განცხადება შეურაცხყოფს საქართველოს ეთნიკურად სომეხ და ასევე საქართველოში მცხოვრებ სხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეებს. ცენტრი აღნიშნავს, რომ საქართველო არის სამშობლო ნებისმიერი ეთნოსის წარმომადგენლისთვის, რომ დაუშვებელია, ისეთი განცხადების გაკეთება, რომელიც ადამიანებს ეთნიკური თუ სხვა ნიშნით ყოფს და აკნინებს.

”ტოლერანტობის ცენტრი იმედოვნებს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი მკაფიოდ განუმარტავს საზოგადოებას საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოს განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეებისადმი.” - აღნიშნულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის განცხადებაში.

 

კომენტარები