არჩევნები 2012

არასამთავრობოების განცხადება კოალიციის აქტივისტების მხრიდან პოლიტიკური ნიშნით ძალადობის ფაქტზე

არასამთავრობო ორგანიზაციების - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, მარნეულის გამგეობაში კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტები შეიჭრნენ. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ გამგეობის თანამშრომლებს. 

„სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა გამგებლის მოადგილისა და მისი მძღოლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს. ეს უკანასკნელი ამჟამად გადაყვანილია საავადმყოფოში“, - ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათით ადრე მარნეულის გამგეობამ გაავრცელა. თუმცა ქართული ოცნების მარნეულის შტაბის უფროსი ბრალდებებს უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ თავად გამგებელი დაესხა თავს მის აქტივისტებსა და საოლქო კომისიის დამკვირვებლებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, უზრუნველყონ კოალიციის აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიერ პოლიტიკური ნიშნით ძალადობრივი ქმედებების აღკვეთა. „ეს საფრთხეს უქმნის არჩევნების შემდგომი პერიოდის მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები