ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი: ჟურნალისტმა ჩემი პასუხი დაამახინჯა

ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ნოვოე ვრემიას ჟურნალისტმა ევგენია ალბაციმ მისი პასუხი დაამახინჯა. „ისე გამოვიდა, თითქოს მე სომხების მიკვირს აქ რომ ცხოვრობენ, როდესაც გვერდით მათი სამშობლოა“, - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე საღამოს რვის ნახევარზე გავრცელდა.     

ივანიშვილის თქმით, მისი პასუხი ჟურნალისტმა კონტექსტიდან ამოგლიჯა: „მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ აღფრთოვანებული ვარ სომხებისა და ებრაელების განსაკუთრებული ნიჭით, რომ შეუძლიათ იყვნენ მსოფლიოს მოქალაქეები, სადაც ცხოვრობენ, ყველგან წარმატებულები არიან და ყველგან ძლიერი დიასპორა ჰყავთ. ქართველები კი, ისეთი უცნაური ხალხი ვართ, რომ, სამწუხაროდ, ვერსად მოვიკიდეთ ფეხი და ვერსად შევქმენით მძლავრი დიასპორა“.

ივანიშვილი განცხადებაში ამბობს, რომ საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა  და აქ მცხოვრები ყველა ერისთვის სამშობლოა. ამასთან, საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით.

ივანიშვილის განცხადება ფეისბუქის გვერდზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ინტერნეტგამოცემაში დაბეჭდილ ინტერვიუს გამოეხმაურა.

ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვას „თქვენ ცხოვრობდით საფრანგეთში, თქვენი შვილები იქ გაიზარდნენ, დაბრუნდით და უცებ – პარტია, არჩევნები... რაში გჭირდებათ ეს?“ ივანიშვილი პასუხობს: „ჩვენ, ქართველები, ასეთი უცნაურები ვართ –მიჯაჭვულები ჩვენს მიწას. ასეთი ხასიათი გვაქვს. აი, მაგალითად, ჩვენთან, აქ ცხოვრობენ სომხები. გამკვირვებია, მათ აქვე, გვერდით, აქვთ სამშობლო, ისინი კი აქ ცხოვრობენ. თქვენთვის საკითხი, ალბათ, ასე არ დგას. ჩემთვის კი ეს გაუგებარია. ვცხოვრობდი საფრანგეთში, ერთი წელი ამერიკაში, მე კი ჩემი სოფელი, ჩემი მიწა მესიზმრებოდა...“

ტოლერანტობის ცენტრმა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეებისადმი საკუთარი დამოკიდებულების მკაფიოდ განმარტება მოთხოვა. „საქართველო არის სამშობლო ნებისმიერი ეთნოსის წარმომადგენლისთვის. დაუშვებელია, ისეთი განცხადების გაკეთება, რომელიც ადამიანებს ეთნიკური თუ სხვა ნიშნით ყოფს და აკნინებს“, - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

კომენტარები