კახა ბენდუქიძე

ივანიშვილს აქვს ახლა იგივე პრობლემა, რაც სააკაშვილს 2004 წელს ჰქონდა

როგორ შეაფასებდით ნაციონალური მოძრაობის მმართველობის რვა წელს?

ახლა, ბიძინიზმის პერიოდში, მოდაშია ციტატები. მათეს სახარებაში წერია: თავისი ნაყოფით შეიცნობთ მათ. განა კრეფენ ეკლისგან ყურძენს ან ნარისგან ლეღვს? არ შეუძლია კეთილ ხეს უკეთური ნაყოფის გამოღება, არც უვარგის ხეს კარგი ნაყოფის გამოღება.

ორი ძირითადი ასპექტით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. პირველი – ეკონომიკა გაიზარდა ერთნახევარჯერ, ეს რეალური ზრდა, თორემ ნომინალურად მეტი იყო. მეორე – „მართვადი” მედიის, „მართვადი” სასამართლოს და „მართვადი” ცესკოს პირობებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ყველა სხვა საკითხი ამასთან შედარებით არის მეორეხარისხოვანი.

ფრაზას „ტირანმა სააკაშვილმა წააგო არჩევნები” – შინაარსი არ გააჩნია. ეს იგივეა, თქვა, რომ ბენდუქიძემ კულულები უკან გადაიყარა. დიქტატურა არჩევნებით არ აგებს. ტირანია აგებს მხოლოდ რევოლუციით. ისეთ რბილ ავტორიტარიზმსაც კი, როგორიც შევარდნაძის იყო, არ წაუგია არჩევნებში.

ბევრი რამ მოხდა, რაც უმეტესობას არ მოგვწონს. ბევრი რამ, რაც გვინდოდა, ვერ გააკეთა ამ ხელისუფლებამ, მათ შორის, როცა მე ვიყავი მისი ნაწილი.

არჩევნების შედეგები შეიძლება ძალიან უსიამოვნოა, მაგრამ ჩვენი ეროვნული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ჯამში, ამომრჩევლებმა დავუშვით შეცდომა, ეს ხელისუფლება მოვიყვანეთ – ჩვენ თვითონ ამის შედეგს მივიღებთ და მერე ჩვენ თვითონვე რაიმე სხვას მოვიმოქმედებთ. მე, ერთი მხრივ, ძალიან უკმაყოფილო ვარ, მაგრამ თან გრძელვადიანად კმაყოფილი ვარ.

ქართული ოცნების უმრავლესობაში მოსვლაში რა საფრთხეებს ხედავთ?

ჩვენ ვიყავით ნახევრად რეფორმირებულ ქვეყანაში. მაგალითად, განათლების სისტემაში, გასაკეთებლის მხოლოდ მესამედი იყო გაკეთებული. ბევრი რამე იყო დარჩენილი. შეცდომებთან ერთად იყო დროის უკმარისობაც. დღეს მე ვერ ვხედავ ხალხს, რომელიც რეფორმებს ჩაატარებს.

მომავალში მნიშვნელოვან საფრთხეებს ვხედავ კრიმინალთან დაკავშირებითაც. ამ სფეროში წარმატების საწინდარი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა იყო. ვშიშობ, რომ დამნაშავეობასთან ბრძოლა შესაძლოა შესუსტდეს. ამის უარყოფით შედეგებს თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობს.

რუსეთის საფრთხეც, ცხადია, არსებობს. ამ მხრივ მე უფრო მცოცავ საფრთხეს ვხედავ, ვიდრე პირდაპირ აგრესიას. ეს საფრთხე არის ის, რომ ახალი ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მცდელობა არ გადაიქცეს დათმობად.

რუსეთთან არაფერი დასათმობი არ გვაქვს. მას აქვს ჩვენი ტერიტორია ოკუპირებული, ჩვენ ხომ არ გვაქვს რუსეთის ტერიტორიები ოკუპირებული. კიდევ რა უნდა დავთმოთ? რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ პუტინი რა კარგი კაცია და სააკაშვილი რა ცუდი იყო, ამის შედეგად, ყველაზე მეტი, შეიძლება პუტინი ჩამოვიდეს თბილისში ან ბიძინა ჩავიდეს მოსკოვში. და რა?

არის მოლდოვის მაგალითი. მოლდოვაში წლების მანძილზე იყო პრორუსული მთავრობა, დღესაც ამ ქვეყანას ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული, მათთან მთავარი ტელევიზია არის რუსული. მიუხედავად ამისა, მათთვის პერიოდულად რუსეთის ბაზარი იკეტება. დათმობების პოლიტიკის შედეგად მოლდოვამ ვერც ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა.

„ყაზახეთის კანალი” მე უნდა ვაკონტროლოო, რომ ამბობს ზოგი, მაგაზე არც ვამბობ არაფერს. მე მგონი თვითონ ბიძინას ექნება შეგრძნება, რომ ასეთი მადისკრედიტირებელი ხალხი თვითონ არ აწყობს. ალბათ იქნება მათი იზოლაციის რაღაც მცდელობა.

თქვენი პროგნოზით, რა იქნება შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, სანამ პრეზიდენტი არის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და უმრავლეობაში არის ქართული ოცნება?

ივანიშვილს აქვს ახლა იგივე პრობლემა, რაც სააკაშვილს 2004 წელს ჰქონდა – შეგროვებული იყო ნაგავი, რომელსაც ერქვა უმრავლესობა. მაგრამ მიშას ჰქონდა ამ ხალხის მართვის უნარი, მუშაობდა მათთან, რაც ბიძინას, ეჭვი მაქვს, არ შეუძლია. თან ხომ ხედავს, რა სულელი ხალხი ჰყავს.

ბიძინას ალბათ ესმის, რომ მის ირგვლივ მყოფი ხალხი შეიძლება ისე მოიქცეს, რომ ყველაფერი თავზე დაემხოს. რაც არ უნდა არაადეკვატური იყოს, მას ხომ არ უნდა, რომ თავზე დაემხოს ყველაფერი. მაგალითად, ისეთი კაცი მოვიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც სამუშაოს ჩაშლის და ქურდებს შემოუშვებს.

ცხადია, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში მან გარკვეული დოზით ქურდებიც გამოიყენა, მაგრამ სიყვარული ქურდების მიმართ, წესით, არ უნდა ჰქონდეს. მის ინტერესში უნდა იყოს ამ ხალხის მოშორება. ეგრე თავის დროზე სინგაპურში ლი კუან იუმაც გამოიყენა პროფკავშირები და კრიმინალები და მერე გემზე ბანკეტი მოაწყო, ყველა იქ მიიწვია და ეს გემი ჩაძირა.

მმართველმა გუნდმა ოპოზიციაში რა უნდა აკეთოს, რომ ეფექტიანი იყოს?

მნიშვნელოვანი ამოცანა არის ახლა ახალგაზრდობასთან მუშაობა. ამ ორმა კვირამ ძალიან დაანგრია ეს ურთიერთობა. შეუძლებელია არსებობდეს ქვეყანა, სადაც ახალგაზრდობა, ანუ მომავალი ელიტა, იქნება ორივე პოლიტიკური ძალისგან გაუცხოებული. როგორ უნდა მოხდეს, არ ვიცი, მაგრამ ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა მგონია.

თქვენი აზრით, ყველაზე დიდი დარტყმა რამ მიაყენა ნაციონალურ მოძრაობას?

ციხის თემამ, ეს იყო კარგად მოზომილი დარტყმა.

ივანიშვილის ყველაზე დიდი პრობლემა რა არის?

მისი ღირებულებები. ეს ღირებულებები არის საბჭოთა. მისი ღირებულებათა სისტემა დაფუძნებულია რაღაც რანგებზე, სადაც მაგალითად ინტელიგენცია გამოყოფილია ცალკე ფენად. ასეთი რამ მსოფლიოში არსად არსებობს. გაგიგიათ ამერიკული ინტელიგენცია? არსებობენ ამერიკელი ინტელექტუალები. ეს სოციალური სტატუსი არ არის, ეს არის გონებრივი სტატუსი.

არ ვთვლი, რომ ბიძინა პუტინმა დაიბარა და უთხრა, წადი, საქართველოში ეს გააკეთე, თორემ ყოფას გიტირებო. ივანიშვილი და კრემლი ერთმანეთს კარგად უგებენ. არ არის ამისთვის საჭირო შეთანხმება. გასაგებია, რომ შეიძლება დამატებითი არხიც აქვთ ურთიერთობის, მაგრამ ამისთვის არ არის საჭირო, ყოველდღე დეპეშები უგზავნონ ერთმანეთს.

როცა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ამ მთავრობას დაამხობდა, კრემლი მიხვდა, რომ მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს რუსეთში აქტივების გაყიდვაში. რა პირობებითაც ივანიშვილმა თავისი ქონების გაყიდვა შეძლო, მხოლოდ რუსეთის მთავრობის კეთილგანწყობის პირობებში არის შესაძლებელი.

მაგალითად, როგორ უნდა გაყიდო ბანკი რუსეთში? ბანკი რომ გაყიდო, უნდა მიიღო ორი ნებართვა: ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახურის და ეროვნული ბანკის. ისტორიაში არის პრეცედენტები, როცა ეს ანტიმონოპოლიური სამსახური უარის თქმის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული. მაგალითად, როდესაც Siemens-ს უნდოდა ეყიდა კომპანია Силовые машины, წლინახევრის განმავლობაში საერთოდ ვერანაირი პასუხი ვერ მიიღო. ბოლოს მათ გერმანულ ტვინში შეაღწია, რომ ეს ნიშნავს უარს და შეეშვნენ.

არ ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილის ბოლო გაყიდვა დასრულებულია. ეს საინტერესოა იმიტომ, რომ აქ არის ორი ვარიანტი. ეს არის 900-მილიონიანი გარიგება, ხომ? მაგდენი ფული ვინმემ ჯიბიდან ამოიღოს და დადოს, საეჭვოა. ეგ კეთდება ბანკების მეშვეობით, ანუ შენ დებ ნაწილს და ბანკები გასცემენ ნაწილს. ახლა რუსეთში ამხელა კრედიტის გამცემი არის სამი ბანკი: სბერბანკი, ვნეშეკონომბანკი და ვნეშტორგბანკი. სამივე არის სახელმწიფო ბანკი და ამხელა კრედიტის გაცემაზე შემიძლია 100%-იანი გარანტიით გითხრათ, რომ უნდა წავიდნენ კრემლში და იკითხონ, შეიძლება თუ არა. თუ ეს მოხდა, გასაგებია. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ კიდევ უფრო საინტერესოა – ანუ ხელი მოეწერა ახლა და ფულს მიიღებს ოქტომბერში. ძალიან უცნაურია, გამოდის, რომ მძევლად არის დატოვებული. ეს იმას მაგონებს, პატარკაციშვილის წინააღმდეგ რუსეთის უზენაეს სასამართლოში რომ იყო ორი სისხლის სამართლის საქმე. ეს ორი საქმე მერე განცალკევდა და ერთი მოიგო, ერთი დარჩა. მეორე მძევლად დაიტოვეს.

კომენტარები