საზოგადოება

პატარა ჰიუ, ანუ false awakening

„მცდარი გამოღვიძება” ეწოდება მატყუარა სიზმარს, რომელიც გვარწმუნებს, რომ გამოვიღვიძეთ, მაშინ როდესაც რეალურად კვლავ გვძინავს. სამწუხაროდ, დგება ხოლმე დრო, როდესაც „მცდარი გამოღვიძება” სანატრელი ხდება. 
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენში თუ ერთი რამ სენტიმენტი დომინირებდა, ეს გაურკვევლობა იყო. პირველად იყო ლაფანყურის ინციდენტი, შემდეგ ხმა რუსული დანაყოფების საქართველოს საზღვართან შეკრების შესახებ, ხოლო მერე „გლდანტანამოდ” შერაცხული ციხის ინციდენტი, რომელსაც საქართველოს ქუჩებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამ ყველაფერს კი ფონად დაძაბული წინასაარჩევნო კამპანია გასდევდა. 
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ბევრი ჩვენგანი ისე ცხოვრობდა, თითქოს პირველ ოქტომბერს აპოკალიფსი უნდა დამდგარიყო, თითქოს ამ დღის იქით აღარაფერი იყო. თითქოს ჩვენ აღარ უნდა გვეცხოვრა ერთ ქვეყანაში, ერთი მთავრობის მმართველობის ქვეშ (რომელიც არ უნდა იყოს ის), ერთ კანონს დამორჩილებულებს, ერთ საზოგადოებად. 
თითქოს სრულიად კოსმოსი ორ პოლუსად გაიყო. გეოგრაფიულად: „მიშად” და „ბიძინად”; ქრომატულად: წითლად და ლურჯად; პოლიტიკურად: „ნაცებად” და „მეოცნებეებად”. თითქოს ამათზე მეტი და ამათზე მნიშვნელოვანი აღარაფერი იყო, თითქოს ჩვენ ადამიანები აღარ ვიყავით. 
ზოგიერთი ამას „ბიპოლარიზაციას” უწოდებდა, მე კი ეს ფუნდამენტური ადამიანური პრობლემა მგონია, რომელმაც გამოცდას ვერ გაუძლო. გამოცდა თვითონ ეს პერიოდი იყო, პირველი, რომელმაც რეალური ალტერნატივის არსებობის შესაძლებლობა დაგვანახა. 
ეს რთული აღმოჩნდა. ჩვენ გაგვიჭირდა ისეთ სივრცეში ცხოვრება, რომელიც ალტერნატივას გვთავაზობს. გაგვიჭირდა იმიტომ, რომ ქართულ ცნობიერებაში არ დასრულებულა „ერთის” პერიოდი – არსებითად ტოტალიტარული აზროვნების რეჟიმი – რომელიც არ ცნობს „სხვას” და ცნობს მხოლოდ „ერთს”. სწორედ აქ გაღვივდა წლების განმავლობაში თაობებში ჩამალული აგრესია და თავი იჩინა ზიზღმა პოლიტიკური თუ კულტურული „სხვისადმი”.  
ყოველდღიურად მეტი და მეტი სიცხადით იგრძნობოდა, რომ გაურკვეველი იდეალებისთვის წარმოებულ ამ გაურკვეველ ორთაბრძოლას, უპირველეს ყოვლისა, ორი ძალზედ მნიშვნელოვანი რამ ეწირებოდა: ფიქრის უნარი და ადამიანობა. 
და შემდეგ იყო ბავშვი. ქვევრში დამხრჩვალი პატარა ბავშვი, რომელმაც წამით ყველა გაგვაჩერა. ეს ამბავი თავიდან დაუჯერებელი ჩანდა. მაგრამ, შემდეგ თანდათან გაჩნდა შეგრძნება, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ იმას ჰგავდა, რასაც ფსიქოლოგიაში „მცდარი გამოღვიძება” ეწოდება. 
ერთი მხრივ, ეს ის გრძნობა იყო, რომელიც სწორედ მაშინ გვაწუხებს, როდესაც შოკისმომგვრელი სიზმარი რეალობად გადათარგმნას, ახდენას იწყებს; მეორე მხრივ, ეს იყო სურვილი „მცდარი გამოღვიძებისა”, სურვილი ცოდნისა, რომ ეს რეალობა მხოლოდ სიზმარი იყო.   
ამ ჩვილის ტრაგედია, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო დაფიქრების მომენტი, წუთიერი გარინდების მომენტი. ეს უნდა ყოფილიყო სირცხვილის დრო, დრო სარკეში ჩახედვისა და საკუთარი შიშველი სიუშნოვის შეგრძნებისა. ეს ახლა – აგრესიით, გაურკვევლობით და სიძულვილით აღსავსე თვეების – ბოლო საღამოს მაინც უნდა მომხდარიყო. მაგრამ, ესეც ჩვეული ჭორაობის მომენტი აღმოჩნდა, სპეკულაციისა და ცილისწამების დრო. 
მანამ, სანამ გამოძიება კონკრეტულ გარემოებებს დაადგენდა, ქართველი პოლიტიკოსები – ვის პოლიტიკურ თუ ადამიანურ ღირსებაში ეჭვი ახლა მაინც უკვე ყველას უნდა ეპარებოდეს – მყისიერად შეუდგნენ ბრალეულობის დადგენას. 
სწორედ მაშინ, როდესაც სრულიად ქვეყნის მასშტაბით კიდევ ერთხელ სუფევდა ინფორმაციული დეფიციტი და როდესაც ემოციები ჯაბნიდნენ რაციოს, ქართველმა პოლიტიკოსებმა, არც მეტი და არც ნაკლები, გარდაცვლილი ჩვილის ტრაგედიის პოლიტიკური გამოყენება გადაწყვიტეს.  
პოლიტიკოსები, რომლებიც რამდენიმე დღით ადრე თავგამოდებით გმობდნენ ციხეში პატიმრების წამების ფაქტს, ახლა გარდაცვლილი ჩვილის სხეულით ვაჭრობდნენ. ხოლო სანამ ისინი ბავშვის სხეულს იყოფდნენ, სადღაც შუაში ადამიანები წუხდნენ. 
რა შეფასება შეიძლება მივცეთ ქართველი პოლიტიკოსების ქმედებას? პირველ რიგში, ეს იყო ადამიანურობას მოკლებული, სრულიად ამორალური ქცევა; მეორე რიგში კი, იაფფასიანი პოლიტიკური მანიპულაცია ადამიანის სიცოცხლით. 
ვფიქრობ, ქვევრში დამხრჩვალი ჩვილის ამბავი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ დაგვავიწყდება. ის არაადეკვატური და ჰუმანურობას მოკლებული რეაქციები, რომელიც ამ ტრაგიკულმა ინციდენტმა გამოიწვია, პირველ რიგში, სწორედაც რომ ფუნდამენტური ადამიანური პრობლემის გამოხატულება იყო, ისე როგორც სრულიად წინასაარჩევნო პერიოდის სახე. ეს იყო პოლიტიკურ „სხვასთან” შეუგუებლობის სირთულის ანარეკლი და ქართული პოლიტიკური უკულტურობის ხატი. 
ოპოზიციის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ცნობილი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გამახსენა, რომელიც ცნობილია, როგორც – „სისხლიანი ცილისწამება”, ან „რიტუალური მკვლელობის ბრალდება”. მსგავსი ბრალდება არსებითად ყოველთვის ერთ ფორმულას იყენებდა, რომელშიც ყოველთვის ფიგურირებდა ებრაელების მიერ ნაწამები, გარდაცვლილი, ქრისტიანი ბავშვი. 
ამის პირველი პრეცედენტი 1144 წელს, ინგლისის ქალაქ ნორვიჩში შედგა, როდესაც პატარა ინგლისელი ბიჭი, უილიამი, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო ადგილობრივმა მღვდელმა, თომას მონმაუტელმა, მკვლელობის ბრალეულობა ებრაელებს წაუყენა. 
ნორვიჩის პრეცედენტმა „სისხლიანი ცილისწამების” ბრალდება იმდენად პოპულარული გახადა, რომ ლამის ყოველთვის, როდესაც ქრისტიანი ბავშვი გაქრებოდა, ადგილობრივი სამღვდელოება დაუყოვნებლივ ადანაშაულებდა ებრაელებს. მართლაც, მომდევნო შემთხვევები დაფიქსირდა ლინკოლნში (1202 და 1255 წწ.), ვინჩესტერში (1225 და 1232 წწ.), კვლავ ნორვიჩში (1230), ლონდონსა (1244) და ნორსჰამპტონში (1279). 
შეგვიძლია მოკლედ გავიხსენოთ ლინკოლნის ინციდენტი, რომელიც, პროფესორი სოფია მენაშის აზრით, „რიტუალური მკვლელობის მთავარ მახასიათებლებს” წარმოაჩენს. 1255 წელს, ლინკოლნში დაიკარგა პატარა ჰიუ. პოპულარული ვერსიის თანახმად, ბიჭი ებრაელებს დაეტყვევებინათ და ოცდახუთი დღის განმავლობაში აშიმშილებდნენ. მეთიუ პარიზელის ვერსიის მიხედვით, ბიჭს ტანსაცმელიც გახადეს, აფურთხეს, სცემეს, ცხვირი და ზემო ტუჩი მოჰკვეთეს და ეკლის გვირგვინი დაადგეს. ნათელია, რომ ალუზია ქრისტეს წამებასთან აქაც ადგილზეა. საბოლოოდ, პატარა ჰიუ ორმოში ჩააგდეს. 
აღსანიშნავია, რომ „სისხლიანი ცილისწამების” ყოველი ბრალდება მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ისეთ დროს, როდესაც არსებულ ინფორმაციულ დეფიციტს ერთი თუ მეორე მიზეზით გამოწვეული კოლექტიური პანიკაც თან ახლდა. იმავდროულად, ყოველი მათგანი ეფუძნებოდა პრიმიტიულ ცილისწამებას, რომელსაც ინფორმაციული სათავე არა რეალურ არეში, არამედ წარმოსახვითში, ფიქტიურში ედო.   
ბრალდების საფუძველი უმეტეს შემთხვევაში დროთა განმავლობაში შექმნილი მცდარი სტერეოტიპები გახლდათ; მაგალითად, აბსურდული და თეოლოგიურად უსაფუძვლო მოსაზრება, რომ ებრაელები ყოველწლიურად ეწეოდნენ ქრისტეს ჯვარცმის პაროდიულ განსახიერებას.   
თანამედროვე საქართველოს მსგავსად, შუა საუკუნეების არცერთი ინციდენტის დროს არასდროს ყოფილა ცნობილი ბავშვის გარდაცვალების კონკრეტული გარემოებები. მაგრამ, ყოველთვის ადგილზე იყო პოლიტიკური ბრალდება. 
კახელი ჩვილის ტრაგიკული ინციდენტით, ჩვენ თვალწინ ისტორია ტრაგედიადაც განმეორდა და ფარსადაც. ოპორტუნისტული განზრახვებით შეპყრობილი და ჰუმანურობას სასტიკად მოკლებული ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები – რომელიც გამოძიების დასკვნებს წინ უსწრებდა – ისეთივე აბსურდული და სამარცხვინო იყო, როგორც შუასაუკუნელი სასულიერო პირებისა, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ სარგებელს ხშირად სწირავდნენ ყველაზე მნიშვნელოვანს – ადამიანებს და ადამიანობას.  
უსაფუძვლო ბრალდებების გაკეთებისას, პოლიტიკოსებმა დაივიწყეს არა მხოლოდ ის, რომ დაუშვებელია ადამიანური ტრაგედიით მანიპულირება, არამედ ისიც, რომ ჩვენ ირგვლივ გაბატონებულ, დაძაბულ კლიმატში მსგავს უპასუხისმგებლო განცხადებებს შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყოლოდა. 
საქართველოს საზოგადოება კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს რიგ პრინციპებზე შეთანხმებისა და მათი დაცვის აუცილებლობის შესახებ. სწორედ ასეთებია რაციონალური აზროვნების შენარჩუნება, ისევე როგორც ფუნდამენტური ადამიანური ღირებულებების დაცვა – რაოდენ რადიკალურად ცვალებადიც არ უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური თუ კულტურული აწმყო. 
დღემდე, ქართული პოლიტიკა თავიდან ბოლომდე „მცდარი გამოღვიძების” პრინციპით ოპერირებდა. დღეს კი, როდესაც უკვე ცხადია, რომ ჩვენს პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება, აუცილებელია სრულიად საქართველოს საზოგადოებამ ახალი ენერგიით შეახსენოს თავის პოლიტიკურ მსახურებს, რომ – დროსა და სივრცეში – ყველა განცხადებას კონკრეტული მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა გააჩნია. 

კომენტარები