ალპინიზმი

ყველაზე მაღალი წმინდა ადგილი

ხშირად უკითხავთ, თუ რატომ დადის ხალხი მთაში.

სახელგანთქმულმა მთამსვლელმა ჯორჯ მელორიმ ამ კითხვას ალალად და ძალიან ლამაზად უპასუხა: იმიტომ, რომ მთები არსებობს.

1953 წლის 29 მაისს, 11:30 საათზე ადამიანმა დედამიწის უმაღლესი მწვერვალიდან, 8848 მეტრზე აზიდული ევერესტიდან გადმოიხედა. ბრიტანული ექსპედიციის ახალზელანდიელმა წევრმა ედმუნდ ჰილარიმ და შერპმა თენსინგ ნორგეიმ პირველებმა დალაშქრეს პლანეტის ყველაზე მაღალი მთა.

გაისად ამ მოვლენის 50 წლის იუბილეა და სწორედ ამ თარიღს ვუძღვნით ჩვენს ახალ რუბრიკას: ტაბულა დროგამოშვებით შემოგთავაზებთ ისტორიებს მსოფლიოს ყველა რვაათასიან მწვერვალზე. ასეთი სულ თოთხმეტია. ყველაზე „ტანმორჩილი” 8027 მეტრი სიმაღლის შიშა პანგმაა. პირველი წერილიც სწორედ მას ეძღვნება.

* * *

„შიშა პანგმა არის მთა, რომლითაც მოწამლული ვარ.

ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, დაუვიწყარი გამარჯვებაც მიზეიმია და სიკვდილისთვისაც ჩამიხედავს თვალებში, მაგრამ მხოლოდ შიშა პანგმას მწვერვალზე ვიგრძენი ის, რამაც უდიდესი სიამოვნება მომანიჭა – სწორედ იქ მივხვდი, რომ ამ უსასრულო, ულამაზესი და გასაოცარი სამყაროს უმცირესი ნაწილაკი ვარ. როცა მწვერვალზე ვიდექი და ეს გავიაზრე, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. იმ წამებს რომ ვიხსენებ, ენითაუწერელი განცდა მეუფლება და მინდა, რომ ის არასდროს დასრულდეს. სწორედ ამ მოგონების, ამ შეგრძნების გამო მიყვარს შიშა პანგმა”, – ამ სიტყვებს სახელგანთქმული იტალიელი მთამსვლელის რაინჰოლდ მესნერის ავტობიოგრაფიაში ამოიკითხავთ.

მესნერი ალპინიზმის ლეგენდაა. ის პირველია, ყველა რვაათასიანი რომ დალაშქრა და ამავდროულად, პირველი, ვინც ეს

რაინჰოლდ მესნერი
მარტომ მოახერხა.

იტალიელი შიშა პანგმაზე 1981 წელს ავიდა. მთა, რომლის სახელის ზუსტი თარგმნა ვერავინ შეძლო, თავგადასავლების მოყვარული აპენინელი ავანტიურისტის საოცარ კარიერაში მეექვსე რვაათასიანი იყო.

შვეიცარიელი გეოლოგი ტონი ჰაგენი თვლიდა, რომ შიშა პანგმა სიტყვასიტყვით ნიშნავს „ღმერთების სავანეს”. თავის მოსაზრებას ის მთის ძირში, 4500 მეტრზე მდებარე ტბითაც ამყარებდა, სადაც ადგილობრივები დღესაც დადიან სალოცავად.

ტიბეტოლოგი გუნტრამ ჰაზოს აზრით, მწვერვალის სახელწოდების ყველაზე მართებული თარგმანია „ადგილი, სადაც კარგი საძოვრებია”. ჰაზო წლების მანძილზე ცხოვრობდა ნეპალში, კარგად იცნობდა ადგილობრივების წეს-ჩვეულებებს და რიტუალებს, თავის ვარაუდს კი ერთ-ერთი ლეგენდით ამყარებდა, რომლის მიხედვით წლების წინ, სუსხიან ზამთარში, ხალხი შიმშილით სიკვდილს სწორედ შიშა პანგმას ფერდობებზე კარგად ნაკვებმა საქონელმა გადაარჩინა...

დღეს რთულია რაიმეს მტკიცება და კაცმა რომ თქვას, ეს არცაა საჭირო. მით უმეტეს, რომ მთამსვლელთა წრეებში შიშა პანგმას ყველაზე ხშირად „წმინდა ადგილსაც” უწოდებენ. სანკრისტზე მთის სახელწოდებაა გოსაინთანი, რაც „წმინდა ადგილად” ითარგმნება...

XX საუკუნის 40-50-იან წლებში, როცა ალპინისტებმა მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალებს შეუტიეს, შიშა პანგმას ყურადღებას არავინ აქცევდა. სხვადასხვა ქვეყნის ექსპედიციები მეტწილად ნანგა პარბატსა და ევერესტზე ეწყობოდა.

შიშა პანგმას „აღმოჩენა” ტონი ჰაგენს უკავშირდება: 40-50-იანი წლების შესაყარზე მან რამდენჯერმე იმოგზაურა ნეპალის საზღვრებთან, ამ მაღალმთიან რეგიონში, დამხმარე შერპებთან ერთად თითქმის 6 ათას მეტრზეც ავიდა, შეისწავლა გარემო და სამშობლოში დაბრუნებულმა არაერთი ნაშრომი მიუძღვნა ყველაზე დაბალ რვაათასიანს. მისდა სამწუხაროდ, შიშა პანგმათი მაშინ მხოლოდ რამდენიმე მეცნიერი დაინტერესდა.

პირველი სერიოზული ექსპედიცია წმინდა ადგილის დასალაშქრად ჩინელებმა 1963 წელს მოაწყვეს. თითქმის ასკაციანმა გუნდმა 7400 მეტრს უწია, მაგრამ ქარაშოტის და გაუსაძლისი პირობების გამო, ასვლა შეწყდა.

ერთი წლის შემდეგ, 1964 წლის გაზაფხულზე, ჩინელები კიდევ უფრო დიდი გუნდით გამოჩნდნენ შიშა პანგმას ფერდობებზე – მწვერვალს თითქმის 150-კაციანმა ექსპედიციამ შეუტია. ალპინისტებმა წარმატებით მოაწყვეს საბაზო, ოთხი საშუალედო და უკანასკნელი, მეექვსე საიერიშო ბანაკი. 2 მაისს, გამთენიისას კი სამი გუნდით დაიძრნენ პიკისკენ.

ურთულესი გამოდგა პირველი წინაღობა, 50-გრადუსიანი დახრილობის ყინულის ფერდი, რომლის გავლასაც მთამსვლელებმა თითქმის ორი საათი მოანდომეს. ერთ-ერთ მოიერიშეს, ფუ-ჟუ ვანგს ფეხი დაუცდა და უძირო ნაპრალისკენ ჩასრიალდა, თუმცა თოკში ჩაბმულმა თანაგუნდელებმა დროულად დაიცვეს და გარდაუვალ სიკვდილს გადაარჩინეს.

8 საათსა და 20 წუთზე, თითქმის ოთხსაათიანი ლაშქრობის შემდეგ, ჩინელებმა შიშა პანგმა დაიპყრეს: ჩენ იენ ჩანგმა, სან ჩენმა, ტიენ-ლიანგ ჩენმა, ფუ-ჟუ ვანგმა, ტუნგ იე ვუმ და ექსპედიციის ხელმძღვანელმა ჩინგ ჰსუმ პირველებმა შედგეს ფეხი 8027 მეტრზე აღმართულ პიკზე. მათთან ერთად იყო ოთხი დამხმარე შერპა: დოჯი, მიგმარ ტრაში, სოდნამ დოჯი და იონტენი. მთის წვერი იმდენად პატარა იყო, რომ ყველა ერთად ვერ გაჩერდა – მონაცვლეობით გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. ჩინგ ჰსუმ ქვემოთ დარჩენილ ექსპედიციის წევრებს რადიოკავშირით ახარა გამარჯვება, შემდეგ ყველანი საიერიშო ბანაკში დაეშვნენ, ორი დღის შემდეგ კი საბაზოში ჩავიდნენ.

უცნაურია, მაგრამ ყველაზე დაბალი რვაათასიანი უკანასკნელი „დანებდა” ადამიანს. სიმბოლური კი ისაა, რომ მთამსვლელებმა თოთხმეტივე რვაათასიანის დაპყრობას ზუსტად თოთხმეტი წელიწადი მოანდომეს. უმაღლეს მწვერვალთაგან პირველი, 8091 მეტრზე აზიდული ანაპურნა ალპინისტებმა 1950 წლის 3 ივნისს დაიმორჩილეს...

დღეს შიშა პანგმაზე პირველამსვლელი ჩინელების გაკვალული მარშრუტი კლასიკურადაა მიჩნეული და ჩრდილოეთის გზა ეწოდება.

აზიელთა ამ წარმატების შემდეგ შიშა პანგმაზე სრულმა მდუმარებამ დაისადგურა – მთამსვლელები მხოლოდ 70-იანი წლების მიწურულს დაუბრუნდნენ წმინდა ადგილს, მეორე ჯგუფი კი, რომელმაც უმაღლესი პიკიდან გადმოიხედა,

გერმანელების იყო. მათ შიშა პანგმა ჩინელების გზით 1980 წლის 7 მაისს დაიპყრეს.

რვაათასიანებს შორის ეს მწვერვალი ყველაზე იოლად დასალაშქრად ითვლება, მასზე ასულთა რაოდენობამ კარგა ხანია რამდენიმე ასეულს გადააჭარბა, მაგრამ შიშა პანგმაზე ლაშქრობების ისტორიას ტრაგედიებიც ახსოვს. მსხვერპლის გარეშე ჯერ არცერთი მწვერვალი არ დანებებია ადამიანს და გამონაკლისი არც წმინდა ადგილია: სადღეისოდ მასზე გარდაცვლილთა რაოდენობა ოცდაოთხია.

პირველი, ვინც ამ მთის კალთებზე დაასრულა სიცოცხლე, შვეიცარიელი ფრიც ლუხშინგერი იყო: 1983 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 7500 მეტრზე მყოფმა, უჟანგბადობას ვერ გაუძლო და ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა. რამდენიმე მთამსვლელი გადაცივებას ემსხვერპლა, ზოგი ნაპრალებში გადაიჩეხა, უმრავლესობა ზვავმა შეიწირა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან. მაგალითად, გერმანელები ვერნერ ბრაუნი, ვერნერ მაიხნერი, გიუნტერ ზემლერი და კარლ-ჰაინც ტიელე საიერიშო ბანაკიდან მშვიდობით გავიდნენ, მაგრამ შემდეგ აღარავის უნახავს. ისინი მწვერვალის მისადგომებთან 1991 წლის 22 მაისს დაიკარგნენ. რამდენიმე წლის შემდეგ მათი ბედი სლოვაკებმა, შტეფან სლუკამ და მარეკ ჰუდაკმა გაიზიარეს, ასევე რუსმა სტას კრილოვმა – მათ ასავალ-დასავალს დღემდე ვერავინ მიაგნო...

2005 წლის 15 იანვარს შიშა პანგმას ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა: პოლონელი პიოტრ მორავსკი და იტალიელი სიმონე მორო გახდნენ პირველნი, რომლებმაც 8027 მეტრს ზამთარში უწიეს.

2011 წლის 16-17 აპრილს შვეიცარიელმა უელი შლეკმა კიდევ ერთი საინტერესო მიღწევით გაამდიდრა მწვერვალის ისტორია: 5306 მეტრზე მოწყობილი საბაზო ბანაკიდან მწვერვალამდე და უკან, გზა 20 საათში გაიარა! თან, ეს ყველაფერი მარტომ შეძლო.

შიშა პანგმას დამპყრობთა ჩამონათვალში ორ ქართველსაც შეხვდებით. გია თორთლაძემ და მერაბ ნემსიწვერიძემ ყველაზე დაბალი რვაათასიანიდან 1992 წლის 10 ოქტომბერს გადმოიხედეს.

იმ შემოდგომით წმინდა ადგილს ევრაზიის მეკლდეურთა და ალპინისტთა კავშირის საერთაშორისო ნაკრებმა შეუტია, რომელიც მეტწილად პოსტსაბჭოთა ქვეყნების მთამსვლელებით იყო დაკომპლექტებული. თორთლაძე და ნემსიწვერიძე მწვერვალისკენ 10 ოქტომბერს, დილით დაიძრნენ სამ იაპონელთან ერთად. მაშინ, როცა უმაღლეს წერტილამდე დაახლოებით საათის სავალი გზა რჩებოდა, იაპონელებს საბაზო ბანაკიდან მოახლოებული ქარიშხლის შესახებ ამცნეს. მცირე თათბირის შემდეგ აზიელები დაეშვნენ, ქართველებმა კი ჰორიზონტს გახედეს, საშიში ვერაფერი შენიშნეს და გზა განაგრძეს. მალე მწვერვალსაც უწიეს, მაგრამ ეს გამარჯვება კინაღამ ძვირად დაუჯდათ: დაშვებისას საშინელმა ქარიშხალმა მოუსწროთ და კარგა ხანს ბრმად მიიწევდნენ საიერიშო ბანაკისკენ.

1992 წლის 10 ოქტომბერს შიშა პანგმა ევრაზიიის გუნდის ექსპედიციიდან მხოლოდ ქართველებმა დალაშქრეს.

ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, 1996 წლის 10 ოქტომბერს გია თორთლაძე მეორედ ავიდა ამ მწვერვალზე. ის კვლავ საერთაშორისო ექსპედიციის წევრი იყო, მასთან ერთად კი შიშა პანგმა ექვსმა რუსმა, სლოვაკმა და ესპანელმა ალპინისტებმა დაიპყრეს.

მას შემდეგ ქართველები წმინდა ადგილზე აღარ გამოჩენილან.

 

კომენტარები