თეატრი

ძალადობა, ქორწილი და მედიტაციები ბანალურ თემებზე

0 კომენტარი

ღმერთების დაცემა
სხვა თუ არაფრით, 2012 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ქართველ თეატრალებს ორი რამის გამო ნამდვილად დაამახსოვრდებათ: რამდენიმე გამორჩეული სპექტაკლით და იმ მანიფესტაციებით, რომლებიც ხშირად წარმოდგენების პარალელურად, თბილისის ქუჩებში მიმდინარეობდა. მიუხედავად ყველაფრისა, ფესტივალი წინასწარ გაწერილი განრიგის მიხედვით, 30 სექტემბერს დასრულდა. ტაბულა საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი რამდენიმე სპექტაკლის შესახებ გიამბობთ.

21 სექტემბერს, გრიბოედოვის თეატრში, პოლონეთის იან კოხანოვსკის სახელობის ოპოლეს თეატრის დასმა ლუკინო ვისკონტის ცნობილი გერმანული ტრილოგიის პირველი ფილმის „ღმერთების დაცემის” მიხედვით, ამავე სახელწოდების სპექტაკლი წარმოადგინა. ოპოლე პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პატარა საუნივერსიტეტო ქალაქია, რომლის არცთუ დიდი ტრადიციების მქონე, 1975 წელს დაარსებული იან კოხანოვსკის თეატრი, მასში მიმდინარე კრეატიულ-ინტელექტუალური პროცესების წყალობით, დიდ როლს თამაშობს ზოგადად ნაციონალური თეატრალური სტილის ჩამოყალიბებაში.

რეპერტუარმა, მსახიობებმა, რეჟისორებმა ოპოლეს ქვეყნის ყველაზე პროგრესული თეატრის სახელი მოუტანეს, რეჟისორი მაია კლეჩევსკა კი, რომლის წარმოდგენაც სექტემბერში, თბილისში თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იხილა ქართველმა მაყურებელმა, საერთაშორისო კრიტიკოსებმა პოლონეთის ყველაზე საინტერესო და პროვოკატორ რეჟისორად აღიარეს.

„ღმერთების დაცემა”, რომლის სიუჟეტიც კინოსცენარის სახით შექმნეს ლუკინო ვისკონტის ფილმისთვის ნიკოლა ბადალუკომ, ენრიკო მედიოლიმ და თავად ვისკონტიმ, არის ამბავი პრენაცისტური გერმანიის მდიდარი ბურჟუაზიული საზოგადოების – ფონ ესენბეკების ოჯახური დრამის შესახებ, რომელიც ძალაუფლებისთვის ბრძოლამ მორალურ და ფიზიკურ დეგრადაციამდე, სრულ განადგურებამდე მიიყვანა.

მაია კლეჩევსკას სპექტაკლი ვახშმის სცენით იწყება: რუხ კედლებიან და დიდჭაღიან სასადილო ოთახში დგას გრძელი მაგიდა, რომელიც სცენაზე ბრუნავს, ისმის მუსიკა და სუფრის გარშემო მსხდომი ოჯახის წევრები ბარონი იოაკიმ ფონ ესენბეკის დაბადების დღეს სრულიად უსიტყვოდ აღნიშნავენ. შემდეგ მუსიკა წყდება, მბრუნავი მაგიდა ჩერდება და ერთი შეხედვით ზომბირებული ადამიანები, რომლებიც ისე იყვნენ ვახშმობით გართულები, რომ ერთმანეთისთვის თითქოს არც კი შეუხედავთ, იწყებენ მოქმედებასა და ლაპარაკს, სცენაზე ცოცხლდება ამბები მანიაკალური ვნებებითა და ძალაუფლების მოხვეჭის სურვილით შეპყრობილ ადამიანებზე.

კლეჩევსკას სპექტაკლი თავზარდამცემი წარმოდგენაა, სადაც ვერაფერს იხილავთ წმინდას, ან ამაღლებულს. მისი პერსონაჟები ერთმანეთს ხოცავენ, აუპატიურებენ, ატყუებენ. აქ ბავშვებიც კი, რომლებიც უმანკოების სიმბოლოდ არიან მიჩნეულნი, ძალადობის მსხვერპლად გვევლინებიან. ისინი უდარდელად ცეკვავენ და თამაშობენ მიცვალებულის ხრწნადი გვამის გარშემო. გარემო, სადაც ისინი არიან, მახინჯი და სასტიკია.

პოლონური „ღმერთების დაცემა” ერთგვარად არაჯანსაღი ურთიერთობების სააშკარაოზე გამოტანის მანიფესტს წარმოადგენს. მასში უხვად ნახავთ ძალადობას, პედოფილიას, ინცესტს. რეჟისორს ეს სცენები შემზარავად ცხადად აქვს გადმოცემული. წარმოდგენა, რომელსაც ორგანიზატორები თბილისში ჩამოტანამდეც გამოარჩევდნენ, ფესტივალის

კუნფუს გამოცხადება
ფარგლებში წარმოდგენილი ყველაზე შთამბეჭდავი და დამაფიქრებელი სპექტაკლი იყო.

ბელარუსის იანკა კუპალას სახელობის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა, 22 სექტემბერს, მარჯანიშვილის თეატრში ანტონ ჩეხოვის ერთმოქმედებიანი პიესის მიხედვით დადგმული „ქორწილი” წარმოადგინა. სპექტაკლის რეჟისურა ეკუთვნის ახალგაზრდა, ნიჭიერ რუს შემოქმედს: რეჟისორს, მუსიკოსს, კომპოზიტორსა და მსახიობს – ვლადიმირ პანკოვს, რომელმაც სპექტაკლი 2009 წელს, საგანგებოდ მოსკოვის ჩეხოვის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის დადგა.

ორსაათიანი წარმოდგენა მოგვითხრობს ერთი ანგარებიანი ქორწინების ამბავს, რომელიც უხვადაა გაჯერებული ტრაგიკომიკური ეპიზოდებით. სპექტაკლის მთავარი გმირი, სასაცილო ფატასა და მაქმანებიან კაბაში გამოწყობილი ყოვლად უშნო და სათნო პატარძალი დაშენკა წუთებს ითვლის „ბედნიერების” დადგომამდე. დედამისი – ნასტასია ტიმოფეევნა, სტუმრებს დიდი შუშის ქილით ხელში ელის, რომელიც საჩუქრად მოტანილი ფულის თავმოსაყრელად არის განკუთვნილი და თან საორგანიზაციო საკითხების მოგვარებითაა დაკავებული. „ბედნიერების მომტანი” სიძე – ეპამინონდ მაქსიმოვიჩ აპლომბოვი კი ვერ ახერხებს თავისი საქორწინო გარიგებით დაინტერესება დამალოს და ქორწილშივე აყენებს პირობებს.

სტუმრები გულის ფანცქალით ელიან მათთან თანხის სანაცვლოდ სტუმრად მისულ გენერალს, რომელსაც ზურგს აქცევენ და შეურაცხყოფას აყენებენ, როგორც კი გამოააშკარავებენ, რომ სინამდვილეში ერთი უბრალო მოხუცი და მეორე რანგის კაპიტანია. სპექტაკლის დასაწყისს მუსიკალურ ფონად სტრავინსკის დიაგილევის რუსული სეზონებისთვის შექმნილი ბალეტის, „ქორწილის” მუსიკა გასდევს, რომლის მძიმე, ავისმომასწავებელი ბგერებიც მაყურებელს თავიდანვე მიანიშნებს, რომ ამ სანახაობას არაფერი აქვს საერთო ქორწინების საკრალურ საიდუმლოსთან და ის კერპთაყვანისმცემლური რუსული რიტუალის გამოძახილი უფროა. სპექტაკლი ადამიანურ სულმდაბლობაზეა, მისი გმირები გამორჩენის სურვილით შეპყრობილი და გულუბრყვილოდ ცბიერი ადამიანები არიან. თუმცა, ამის მიუხედავად, თითოეული მხოლოდ თანაგრძნობას იწვევს და შეუძლებელია, რომელიმე მათგანზე გაბრაზდე.

ქვეყნის უძველეს, 1920 წელს დაარსებულ იანკა კუპალას სახელობის თეატრს, ხშირად ბელორუსიის რესპუბლიკის მთავარ სცენადაც მოიხსენებენ. დასის მსახიობებმა 22 სექტემბერს უდავოდ მაღალი პროფესიონალიზმი წარმოაჩინეს და ბოლომდე დაიხარჯნენ მაყურებლისთვის. სპექტაკლში მონაწილეობას იღებდნენ რეჟისორ ვლადიმირ პანკოვის მიერ 2005 წელს შექმნილი მუსიკალური სტუდიის Soundrama- ს მუსიკოსებიც. თუმცა, ზოგჯერ საჭიროზე მეტმა მუსიკალურმა და საცეკვაო ნომერმა, ასევე გაწელილმა სცენებმა წარმოდგენა გააჭიანურა და მაყურებელი გადაღალა.

შთამბეჭდავი შოუ წარმოგვიდგინა ჩინურმა პოლი მენეჯმენტ ჯგუფმა. 24 სექტემბერს, გრიბოედოვის თეატრში გამართული სპექტაკლი „კუნფუს გამოცხადება – 9 გრაგნილი” ცხრა ეპიზოდად არის დაყოფილი. ესენია: სიწმინდე, სუტრა, შრომისმოყვარეობა, სულიერება, მორჩილება, ფორმა, სიმშვიდე, თავდადება და სამოთხე. ეს გახლდათ ჩინური საბრძოლო ხელოვნებისა და ცეკვის ენით გადმოცემული მედიტაციური წარმოდგენა, გაჯერებული აღმოსავლური სიბრძნეებით, რომლის ამოკითხვაც მაყურებელს ეპიზოდებს შორის მედიტაციური მუსიკის ფონზე შეეძლო.

ცხრა გრაგნილის ეპიზოდები ბავშვობაში, მთვარიან ღამეში მოსმენილ ამბებს ჰგავს სიკეთესა და ბოროტებაზე. სპექტაკლის ერთ-ერთი გმირი არის მამა, რომელსაც ზურგზე ჰყავს შესმული პატარა ბიჭუნა, დაჰყავს ბრძოლის ველზე, მეომრებს შორის და ასე აცნობს ომებისა და ბრძოლების ამბებს, აზიარებს ცხოვრებისეულ სიბრძნეს, ასწავლის საკუთარ სულიერებაზე ზრუნვას.

სპექტაკლის მსვლელობისას ჩინელმა მსახიობებმა წარმოგვიდგინეს ურთულესი აკრობატული ილეთები. „ბრძოლა საჭიროა მშვიდობის მოსაპოვებლად, მედიტაცია არის სიბრძნის თავმოყრა და აგრესიის გადატანა შემოქმედებაში”. მსახიობების შემოქმედებითი აგრესია კი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ წარმოდგენის მანძილზე მაყურებელს დროდადრო იპყრობდა შიშის გრძნობა – მსახიობებს, ზურგზე მთელი ძალით დანარცხებისას და თავზე შუბების გადატეხვისას, მძიმე ფიზიკური ტრავმა არ მიეღოთ.

თუმცა ფესტივალის საერთაშორისო პროგრამის ესთეტიკურად და სანახაობრივად ყველაზე შთამბეჭდავი და ლამაზი სპექტაკლი ალბათ მაინც 25 სექტემბერს, მარჯანიშვილის თეატრში წარმოდგენილი ფილიპ ჟანტის „უძრავი მოგზაურები” გახლდათ.

ქორწილი
შვიდი მოგზაური, საოცრად მაღალი, გრძელფეხება სამი მამაკაცი და ოთხი ქალი მუსიკის ფონზე მოგზაურობენ დროსა და სივრცეში, ხან ტალღებს მიაპობენ მსხვრევადი, მყიფე ნივთებისთვის განკუთვნილი ყუთით, რომელსაც ლათინურად აწერია Fragile, ხანაც აფრიკულ უდაბნოებში ხვდებიან და პატარა უფლისწულივით რწყავენ ორმოებს, საიდანაც ბავშვები იზრდებიან.

წარმოდგენაში ყველაფერი დახვეწილი და სუნთქვის შემკვრელია: მუსიკა, სცენოგრაფია, მსახიობების პლასტიკა და ოსტატობა. დიდმა ფრანგმა რეჟისორმა, ქორეოგრაფმა და მეთოჯინემ, ჟან ფილიპ ჟანტიმ ამ სპექტაკლში სცენაზე გადმოიტანა თითქმის ყველა თეატრალური ფორმის სინთეზი: მის წარმოდგენაში ნახავთ პანტომიმას, მარიონეტებს, მსახიობები ცეკვავენ, მღერიან და საუბრობენ სხვადასხვა ენაზე: ფრანგულად, გერმანულად, აფრიკულ დიალექტზე, იტალიურად, ესპანურად და ქართულადაც კი.

მოქმედი გმირები ერთმანეთს ოკეანეში ძირავენ, მარხავენ, ეჩხუბებიან, ხორცსაკეპ მანქანაში ატარებენ, ქვებს ესვრიან, ხანაც ერთმანეთს მუყაოს ქაღალდების მიღმა, ნაგვის გროვებში ეძებენ და მაინც, თითქოსდა არაფერია შემზარავი, ყველაფერი სასაცილოა. ხოლო მთავარი, რაც ამ სპექტაკლში უნდა დაინახო, მაინც სილამაზეა: როგორც წარმოდგენის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: „იმისთვის, რომ იყოთ ბედნიერები, ბანალურ რამეებზე უნდა იფიქროთ”. იმისთვის, რომ იყოთ ბედნიერები, არასდროს დაივიწყოთ, რა მშვენიერია ეს სამყარო.

26 სექტემბერს, რუსთაველის თეატრში წარმოდგენილი ალექსანდრ ოსტროვსკის კომედია „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება”, ალბათ ერთი რიგითი უწყინარი წარმოდგენა იქნებოდა, რომ არა მის გარშემო ატეხილი პოსტ და პრე ისტერია. პრე იმიტომ, რომ წარმოდგენის მონაწილე და მთავარი გმირის – ეგორ გლუმოვის შემსრულებელი სერგეი ბეზრუკოვი რუსული თეატრის, კინოსა და სერიალების კაშკაშა ვარსკვლავია და ფესტივალში მონაწილე მსახიობებიდან ყველაზე უკეთ იცნობს ქართველი მაყურებელი. მისმა რენომემ ფეხზე დასადგომი ადგილიც კი აღარ დატოვა რუსთაველის თეატრში და იმ საღამოს, სპექტაკლზე

უძრავი მოგზაურობა
მისულმა საზოგადოებამ, ტელეფონებით უპრეცედენტოდ მასშტაბური ფოტო და ვიდეოგადაღება ჩაატარა.

სპექტაკლის გარშემო ატეხილი პოსტ ისტერია კი ერთ-ერთ სცენაში, მსახიობის მიერ საკუთარი ყელზე მიბნეული ბაფთის ღეჭვამ გამოიწვია, რომლითაც დამსწრე საზოგადოების ნაწილის აზრით, ბეზრუკოვი ქვეყნის პრეზიდენტის, 2008 წლის აგვისტოს ომისდროინდელი კადრების იმიტაციას შეეცადა. ბაფთა მსახიობმა პირისკენ მას შემდეგ წაიღო, რაც ჯერ ქართულად წარმოთქვა პიესის ერთ-ერთი მოთარგმნილი ფრაზა: „ხელქვეითი უნდა იყოს მორცხვი და მთრთოლვარე”, რაც კრიტიკოსთა ნაწილის აზრით, კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამ მოსაზრების სისწორეს. თავად მსახიობმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მისი ეს ქმედება არაფერსაც არ ნიშნავდა და მეტიც, სურვილი აქვს, კიდევ შეხვდეს ქართველ მაყურებელს, უკვე სხვა სპექტაკლებით.

წარმოდგენამ ზუსტად გაამართლა ის პირობა, რაზეც შექმნისთანავე ჰქონდა პრეტენზია: ოლეგ ტაბაკოვის დადგმული სპექტაკლი არის იუმორისტული, ლაღი და მსუბუქი, კარგი მსახიობებით დაკომპლექტებული, ყოველგვარ სარეჟისორო მიგნებებს მოკლებული და გათვლილი უფრო ხანდაზმული ასაკის, ბრაზილიური სერიალების მოყვარულ მეოჯახეებზე, რომლებიც რუტინული დღეების გადასაგორებლად, საღამოობით, ტელენოველების ყურებით იქცევენ თავს.

2012 წლის ფესტივალს, ბუნებრივია, ჰქონდა ხარვეზები, აცდენილი, ან თუნდაც საერთოდ არგაშვებული ტიტრების, დაგვიანებით დაწყებული, ან პოლიტიკური ვითარებით გამოწვეული გადადებული სპექტაკლების სახით. პრობლემად რჩება საზოგადოების ნაწილის თეატრში მოქცევის ყბადაღებული თემაც. თუმცა წლევანდელი პროგრამის რამდენიმე წარმოდგენამ მაყურებელს ნამდვილად დაამახსოვრა თავი, რაც ნიშნავს, რომ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უდავოდ ძალიან კარგი პროექტია და მაყურებელსაც სხვა არაფერი დარჩენია, მეტი კარგი სპექტაკლის ნახვის იმედით, წარმატება უსურვოს მის ორგანიზატორებს, რომლებიც, როგორც ამბობენ, ნოემბრის თვიდან იწყებენ ხოლმე მომდევნო წლის ფესტივალისთვის მზადებას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები