ნობელის პრემია

ნობელის პრემია ფიზიკაში

ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში, კვანტური ოპტიკის დარგში გაწეული მიღწევებისათვის ფრანგი სერჟ აროში და ამერიკელი დევიდ უაინლენდი გახდნენ.

როგორც ნობელის კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, სერჟ აროშისა და დევიდ უაინლენდის ნაშრომებმა შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს მომავლის მანქანებს, რაც ზესწრაფი, კვანტური კომპიუტერის შექმნას გულისხმობს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ნაშრომების დახმარებით შესაძლებელი იქნება ზუსტი საათების აგება, რაც სამომავლოდ, დროის ახალი სტანდარტის შექმნას გულისხმობს.

მეცნიერებმა, რომლებიც სინათლის ნაწილაკების და მატერიის ურთიერთქმედებას შეისწავლიდნენ, შესაძლებელი გახადეს ცალკეული კვანტური სისტემების გაზომვა და მათი მანიპულაცია.

როგორც აღინიშნა, ფიზიკის ეს ფენომენი კარგად არ იყო შესწავლილი. საუბარია ორი ნაწილაკის ურთიერთქმედებაზე, რომლებიც დაშორებული მანძილის მიუხედავად, ერთმანეთზე ზემოქმედებას განაგრძობენ. რაც მთავარია, ეს კავშირი და ურთიერთქმედება გრძელდება მაშინაც კი, როდესაც მათ სივრცეში აცალკევებ. „მეცნიერებმა შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ ელექტრონებს და ატომებს ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა ადგილას შეუძლიათ ყოფნა, - წერს თეორეტიკოსი ფიზიკოსი, პროფესორი მიჩიო კაკუ, - მართალია, ეს ერთი შეხედვით საკმაოდ აბსურდულად ჟღერს, თუმცა ამას ბევრი რამ მოწმობს: ლაზერები, კომპიუტერები, ინტერნეტი, ტრანზისტორები - ყველაფერი ეს ხომ კვანტურ ფიზიკაზეა დაფუძნებული. მაგრამ არა, ნუ შეგეშინდებათ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მალე პარალელურ სამყაროშიც გადავაბიჯებთ, ამის შანსები საკმაოდ მცირეა. თუმცა ეს არც იმას გამორიცხავს, რომ მაგალითად ელვისი, სადმე, რომელიმე პარალელურ სამყაროში დააბიჯებს“.

დევიდ უაინლენდი მილუოკიში, 1944 წელს დაიბადა. ამჟამად ის ამერიკის სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ნაციონალურ ინსტიტუტში მუშაობს. სერჟ აროშიც იმავე წელს დაიბადა, კასაბლანკაში. აროში პარიზის რამდენიმე უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.

ცოტა ხნით ადრე, ნობელის კომიტეტმა გამოაცხადა ლაურეატები სამედიცინო დარგში. ესენი არიან ჯონ გურდონი და სინია იამანაკა, რომლებიც ღეროვან უჯრედებზე და კლონირებაზე მუშაობდნენ.

დღეს კიდევ გამოცხადდა ლაურეატები ქიმიაში, ხოლო ხვალ, ხუთშაბათს, ლიტერატურის დარგის გამარჯვებულები გახდება ცნობილი.

დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს, პრემიის დამფუძნებლის - ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს გაიმართება.

 

კომენტარები