მოდა

მილანის კერვის ხელოვნება და პარიზის უშრეტი ფანტაზია

0 კომენტარი

Dolce
მილანის გაზაფხული-ზაფხული 2013 მოდის კვირეული კერვის და თარგის ხელოვნების დემონსტრირება უფრო იყო, ვიდრე მხოლოდ ავანგარდული ტანსაცმლის ჩვენება. მილანის წლევანდელ კვირეულზე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ სწორედ იტალიური წარმოება და მაღალი კლასის შესრულება მოექცა.

Fendi

სილვია ვენტურინი ფენდი ოჯახური ტრადიციის საამაყო გამგრძელებელია. მისმა დიდმა ბაბუამ 1925 წელს რომში დააარსა ტყავის ნივთების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2012 წლისათვის მრავალფუნქციურ, გლობალურ ლუქსკლასის ტანსაცმლის და აქსესურების ცნობილ ბრენდად გადაიქცა. მოდის სახლი უკვე მრავალი წელია კარლ ლაგერფელდთან თანამშრომლობს. ფენდი კვირეულზე გეომეტრიული მოდელებით წარდგა, სახლისთვის დამახასიათებელი მკაცრი, ბურჟუაზიული, მაგრამ ტრადიციაზე

Fendi
ორიენტირებული მასალებით. ცხელი სეზონის მიუხედავად, ნატურალური ბეწვი და ტყავი კოლექციის დიდ ნაწილს შეადგენდა.

ახალი, აქამდე ტყავის დამუშავებაში უცნობი ტექნოლოგია „მარკეტრი” წელს უხვად იყო გამოყენებული – კომბინაცია, როდესაც ბეწვი მსუბუქია და სხვადასხვა ზედაპირთან იუველირული სიზუსტითაა შერწყმული, მართლაც შთამბეჭდავ ეფექტს ახდენდა. მოკლე ჭრელი ლაბადები და ბეწვით გაფორმებული ზედაპირები მოდის სახლმა ცნობილ ჩანთებთან ერთად წარადგინა.

Dolce & Gabbana

დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ კიდევ ერთხელ მიაკითხეს ინსპირაციისათვის მშობლიური მხარეს – ტაორმინას. ხელნაკეთი სუვენირები წელს ამ ბრენდისთვის დიდი მოგების მომტანი იქნება, თუკი ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და შავკანიანი ქალის სახე, რომელიც კოლექციაში დეკორატიულ მოტივადაა გამოყენებული, რასისტულ სკანდალს არ გამოიწვევს. დიზაინერებმა ჭილოფის ტომრებსა და ლერწმის კალათებთან ერთად მინსტრელის ფერწერული სახე ხან ტექსტილზე, ხან კი როგორც საყურე, ისე გამოიყენეს. მიუხედავად საჩოთირო თემისა, დოლჩე და გაბანას რეცეპტი – „კიტჩი აქციო თანამედროვე დიზაინად” – ჯერჯერობით გადასარევ შედეგს იძლევა. ამაზე კომპანიის გაყიდვები მეტყველებს.

Bottega Veneta

Bottega Veneta იმ ბრენდებს განეკუთვნება, რომელიც პროდუქციის ხარისხს უპირველეს ადგილზე აყენებს და ამ გზით პოულობს შემოქმედებით იმპულსს. მომავალი გაზაფხულისთვის ტომას მეიერმა რომანტიკული დაჩითული ქსოვილებისგან მეორე მსოფლიო ომის პერიოდის სილუეტი თხელ, ნახევრად გამჭვირვალე კაბებად შემოგვთავაზა. მისი პალიტრა წყნარი, თბილი და ცივი ტონების ნაზ ყვავილებიან ზედაპირებს წარმოადგენს. რომანტიკული კოლექცია მთლიანად კაბებისაგან შედგებოდა. მათი სიგრძე – მუხლს ქვევით – განსაკუთრებულ ელგანტურობას ჰმატებდა საერთო სურათს და ხარისხი, რომლითაც დამუშავებულია თითოეული დეტალი, მართლაც რომ სამკერვალო ხელოვნების მწვერვალს წარმოადგენს. განსაკუთრებით გამორჩეული იყო საღამოს კაბები, რომლებიც აბრეშუმისგან დამზადებული გვირილის ფორმის აპლიკაციებისგან შედგებოდა.

Prada
Prada

იაპონური თემატიკა დიდი ხანია უკვე მოდის ლექსიკონში ფიგურირებს – ორიგამი, კიმონო, მანგა, საკურა – მიუჩია პრადა არასდროს თანხმდება კონკრეტულ პარალელებზე. სწორედ ამიტომ, 60-იანი წლების ბოჰემური „მინი” სილუეტი იაპონურ თემებთან ფაქიზად შეაზავა და მილანის კვირეულზე ძლიერი, ქალური და, ამავე დროს, ტენდენციური კოლექცია წარადგინა. შავ ზედაპირზე წითელგულიანი ნაივური გვირილა აღმოჩნდა კოლექციის მთავარი მოტივი, რომელიც როგორც იაპონურ სტილს, ნინჯას წინდებს, ორიგამის ნაკეცებს და ახალგაზრდულ მოკლე სილუეტს ჰარმონიულად შეუერთდა. გამოყენებული მასალებიც მრავალფეროვანი გახლდათ – აბრეშუმი, ბეწვი, ჩითი და შალი.

პარიზის მოდის კვირეული ყოველთვის მაღალი კლასის სანახაობაა, აქ ახალი იდეების სანახავად იკრიბება მოდის სამყარო და წელიწდში ორჯერ აკვირდება, თუ როგორ ვითარდება ყველაზე კომერციული სფერო – მოდა.

Gareth Pugh

ნეოგოთიკა – ალბათ ეს არის ის ესთეტიკა, რომელშიც ბრიტანელი დიზაინერი გარეთ პიუ თავის ხაზს ანვითარებს. მისი მკაცრი ბრუტალური სტილი, სადაც ურბანული მეომარი ქალი ან ბნელი კომიქსების სამართლიანი ანდროგენი გმირი სულ უფრო მეტ ძალას იკრებს – რომანტიკული, ნაზი, ქალური ხდება. გაზაფხული-ზაფხულისათვის მოდელიორი თავის ჩვეულ აქრომატულ პალიტრას წითელს და ღია, თითქმის წყლისფერ ფერფლისფერს უმატებს. შედეგი – პოეტური ჰაეროვანი კაბები უცნაური, თანამედროვე მისტიკური სილუეტით.

Lanvin

უკვე იმდენი საინტერესო რამ გვაჩვენა ალბერ ელბაზმა, რომ ყოველ მომდევნო სეზონზე შიში გიპყრობს – ხომ არ იქნება ამჯერად მოსაწყენი და ძველი?! მაგრამ არა, ფიასკო ჯერ ძალიან შორსაა. მისი დრაპირებული კაბები, რომლებმაც ბოლო 5 სეზონია რევოლუცია მოახდინა თანამედროვე ქალის გარდერობში, კვლავ მოდაშია. ამჯერად მან უფრო წყნარი გრაფიკული ხაზები და ისევ 80-იანი წლების “ფუფუნება” სხვა კონტექსში – კოვბოის ჩექმის გარემოცვაში წარმოადგინა. მოკლე, ჰაეროვან კაბებს კი მოტოციკლეტისტის მსგავსი ქურთუკები ელეგანტურ შავ-თეთრ კომბინაციებში დაუმატა. შედეგი – მომავალი სეზონის უპირობო ჰიტი.

Céline

ფიბი ფილო სულ უფრო მეტი დამაჯერებლობით იპყრობს ელიტური მოდის ბურჟუაზიულ ნიშას. მისი მსუბუქად ფუტურისტული მოდელები ჰარმონიაშია მკაცრ, ურბანულ ესთეტიკასთან. წელს პრიალა ატლასის გამოყენება დიზაინერმა სხვადასხვა ფაქტურებთან ერთად სცადა. კვლავ დეკონსტრუირებული ტანსაცმელი გროტესკული დეტალებით და უცნაური გიგანტური ფეხსაცმელები, აშკარად სიურრეალისტურ ეფექტს ახდენს. სადა და ამავდროულად მდიდრული ტანისამოსი არაერთ ქალს მოხიბლავს.

Christian Dior

Bottega Veneta
რაფ სიმონსმა დიდი წარმატებით განაგრძო კრისტიან დიორის ისტორიული სახლის ევოლუცია, რაც ოტ კუტურის სადებიუტო კოლექციით დაგვიდასტურა. გაზაფხული-ზაფხულის მზა ტანსაცმლის კოლექცია კი უკვე ახალ ადგილს მორგებული პოეტური მოდის ოსტატის ახალი იდეები გახლდათ. რაფ სიმონსი, ექსტრავაგანტური წინამორბედისგან განსხვავებით (ჯონ გალიანო), არაჩვეულებრივად ახერხებს ლეგენდარული ტრადიციები თანამედროვე კონტექსტში წარმოადგინოს. მის მიერ შექმნილი ტანსაცმელი რეალური ცხოვრებისთვის, თანამედროვე ქალისთვისაა. მსუბუქი, ნეოკლასიკური კოლექცია აგებულია ტრადიციული სილუეტის და არატრადიციული, ახალი სინთეტიკური ტექნოლოგიებით დამუშავებული ქსოვილების დისონანსზე. დღის ტანისამოსის გარდა, საღამოს ასიმეტრიული და ნაქარგიანი კაბები მომავალ სეზონზე აშკარად გარანტირებული წარმატებაა.

Rick Owens

აბსტრაქტული მოდა რიკ ოუენსის დამსახურებაა. მოდა, რომელიც კონცეფციით არაა გადატვირთული, მაგრამ სავსეა შინაარსით. ის ბოლო სეზონების ახალი ლიდერია იოლი, ლაკონური ხელწერით და რაღაც იდუმალი ტრაგიზმით, რომელსაც ჩვენებებზე ძუნწი ხერხებით ასახავს. ამჯერად დიდი ნაცრისფერი კედლის ფონზე ჰაერში ქაფის გუნდები ცვიოდა. ამ ღრუბლის ფონზე გაქექილ ოქროსფერ, ღია კრემისფერ და ნაცრისფერ ჰაეროვან კაბებში მოდელები არქაულ ქალღმერთებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე 21-ე საუკუნის მოდელებს. სკულპტურული პრერაფაელიტების ეპოქის თმის ვარცხნილობა საერთო მისტიკურ სურათს ასრულებდა. წინა ჩვენებებისგან განსხვავებით, რიკ ოუენსმა ყველაზე „კეთილი”, აგრესიისაგან დაცლილი შოუ წარმოადგინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები