შსს

ეკა ზღულაძე: ახალი მინისტრის წარმატება ჩემი წარმატება იქნება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკა ზღულაძის განცხადებით, ქვეყანაში ოდნავ მომატებულია ძალადობრივი დანაშაულის ფაქტები, თუმცა ეს არ არის ამოვარდნილი საერთო სტატისტიკიდან. ამის შესახებ ზღულაძემ შს მინისტრობის კანდიდატთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"არიან ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ მთავრობის გადაბარების პროცესი გამოიყენონ და გამოცდები ჩაუტარონ სახელმწიფოს, მათ შორის სამართალდამცავებს. ჩემი პოზიცია და ახალი მინისტრის პოზიცია არის აბსოლუტურად იდენტური, რომ პოლიციამ უნდა გააგრძელოს მუშაობა და ყველა ამ გამოწვევას გასცეს პასუხი. არ დავუშვებთ ქვეყანაში სიტუაციის არევას. ახალი მინისტრის წარმატება იქნება ჩემი წარმატება. ის თუ შეძლებს უფრო ქმედითი გახადოს სამინისტრო, ეს არის ის, რაც ქვეყანას უნდა და ამას აცნობიერებს ყველა პოლიციელი." - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

ეკა ზღულაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას მათ დეტალურად განიხილეს სამინისტროს სტრუქტურა, ბიუჯეტი, წარმატებები და პრობლემები, ასევე შეთანხმდნენ იმაზე, რომ შს სამინისტროს როლი ძალიან დიდია ქვეყნის ცხოვრებაში.

შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სამინისტროს უკვე აქვს გარკვეული შედეგები ძარცვისა და ყაჩაღობის ფაქტების გახსნასთან დაკავშირებით, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში დაფიქსირდა ქვეყნის მასშტაბით.

 

კომენტარები